Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელმა დიპლომატებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დროებითი კომისია ”მეგობრულად დამოძღვრეს”


აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ, რომელიც მომავალი კვირიდან აქტიურ საგამოძიებო მუშაობას დაიწყებს,

საქართველოში აკრედიტებული ელჩებისგან მოსაზრებები და შენიშვნები მოისმინა. საგამოძიებო კომისიისაგან ”მაქსიმალურ კრიტიკულობას” მოითხოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. საინტერესოა, რა ურჩიეს დიპლომატებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დროებითი კომისიის წევრებს და როგორ აპირებს კომისია დააკმაყოფილოს საზოგადოების ცნობისწადილი.

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუწყია, საფრანგეთის ელჩის მიერ კომისიის მიმართ გამოთქმული შენიშვნა კი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ელჩმა ერიკ ფურნიემ ურჩია საპარლამენტო კომისიის წევრებს, არ ილაპარაკონ იმაზე, რომ სამხედრო აგრესია მხოლოდ ერთი, ანუ რუსული მხრიდან განხორციელდა. ”თუ ასე ილაპარაკებთ, გამოვა, რომ დროებითი კომისია არაფრის შესწავლას არ აპირებს და დასკვნები წინასწარ გამოაქვსო”, - უთქვამს 13 ოქტომბერს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დროს ფრანგ დიპლომატს. ვინაიდან ამ სიტყვების ადრესატი უშუალოდ კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაია იყო, რადიო ”თავისუფლება” შეეცადა სწორედ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთან გაერკვია, თუ რა საუბარი გაიმართა მასა და ფრანგ დიპლომატს შორის.

[პაატა დავითაია] ”ფურნიემ თქვა რჩევის სახით, სიტყვა ”რუსული აგრესია” არ გამოიყენეთო, იმიტომ რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ საქართველომ დაიწყოო ომი, რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ ეს ომი არ დაწყებულა 6-7 გავისტოს, ეს ომი დაიწყო 92-93 წლებში. და ეს იყო იმ აგრესიის შედეგი, რაც გაგრძელდა დღეს. და მე ვუთხარი მას[ფურნიეს], რომ მაშინ რომ ევროკავშირმა ხმა არ ამოიღო, ამის შედეგია ის, რაც დღეს ხდება.”(სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა დავითაია სოხუმიდანაა. მისი ოჯახის წევრები დახვრიტეს აფხაზეთში სამხედრო კონფლიქტის დროს, თავად პაატა დავითაია კი დევნილია და თავის დროზე, როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის იუსტიციის მინისტრი, ბევრს ცდლობდა ჰააგის სასამართლოში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის მიეღწია. მე ვკითხე პაატა დავითაიას, ხომ არ შეუშლის ხელს ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას საპარლამენტო კომისიის შიგნით ის ფაქტი, რომ 7 აგვისტოს ომის დაწყების საკითხში მას და მის კოლეგებს წინასწარი დასკვნები აქვთ.

[პაატა დავითაია] ”ეხლა, არაობიექტურობის გამოჩენის საკითხი ჩემი მხრიდან ცოტა არასერიოზული იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, თუ რა გეგმები ჰქონდათ მათ[რუსეთს]. კომისიას აინტერესებს, ჰქონდათ თუ არა სათანადო ინფომაცია სამართალდამცავ ორგანოებს ამ აგრესიის დაწყებასთან დაკავშირებით და, თუ ჰქონდათ, რა რეაგირება გააკეთეს. შემდეგ - როგორ ადეკვატურად იმუშავა მთავრობამ ამ სიტუაციაში. მე პირდაპირ შემიძლია ჩემი დამოკიდებულება ვთქვა, რომ მთავრობის მუშაობა იყო არაადეკვატური, დეზორგანიზაციული. ამიტომ კომისიას აინტერესებს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე გაკეთდება რეკომენდაციები.” (სტილი დაცულია)

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ მუშაობა რამდენიმე მიმართულებით უნდა წარმართოს - დაადგინოს, თუ რა პროცესები უძღოდა წინ 7 აგვისტოს კონფლიქტს, რატომ და ვის მიერ გაიცა საარტილერიო ცეცხლის გახსნის ბრძანება და როგორ იმუშავეს სახელმწიფო სტრუქტურებმა ომის დროს. ამის დასადგენად დროებით კომისიას 3 თვიანი ვადა აქვს. სხდომები ღიად და საჯაროდ გაიმართება. თუმცა 7 აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის მიმართ, ნდობის თვალსაზრისით,საზოგადოებასა და არასაპარლამენტო ოპოზიციაში განსხვავებული დამოკიდებულებაა, რასაც, კომისიის შემადგენლობის გარდა, თავად მისი სტატუსიც იწვევს. რეგლამენტის თანახმად, დროებით კომისიას, საგამოძიებოსგან განსხვავებით, არ შეუძლია თანამდებობის პირის იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს. თუმცა დროებითი კომისიის კიდევ ერთი წევრი საპარლამენტო ოპოზიციიდან, ქრისტიან-დემოკრატი ნიკა ლალიაშვილი, მიიჩნევს, რომ კომისიის როლის დაკნინება მხოლოდ ამის გამო უმართებულოა:

[ნიკა ლალიაშვილი] ”ამას, რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, არ მოჰყვება სამართლებრივი შედეგი. მაგრამ ამას მოჰყვება ძალიან დიდი პოლიტიკური შედეგი. ეს იქნება ერთგვარი პოლიტიკური ლუსტრაცია, ეს იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. ვთქვათ, უშიშროების საბჭოს მდივანს დავუსვამთ იმ შეკითხვას, რაც აინტერესებს რიგით მოქალაქეს. და თუ არ მოვა და უარს იტყვის კომისიასთან თანამშრომლობაზე, რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად იქნება მისი ლუსტრირება.” (სტილი დაცულია)

ასეა თუ ისე, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისია მუშაობას იწყებს. წინასწარი ინფორმაციით, კვირის ბოლოს კომისიის წევრთა შეკითხვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია და სხვა მაღალი რანგის მოხელეები უპასუხებენ. კომისიის სხდომები ღია იქნება პრესისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საკითხზე ამომწურავ პასუხს სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება დასჭირდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG