Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთს “მსოფლიო კლასის” გაზის საბადო აქვს


რამდენიმე თვის წინ თურქმენეთში მიიწვიეს ბრიტანული სააუდიტო კომპანია იმის დასადგენად, მოიცავს თუ არა თურქმენეთის საბადოები საკმარისი რაოდენობის გაზს

საექსპორტო კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. ბრიტანული კომპანიის გამოკვლევის შედეგები ამ კვირაში გახდა ცნობილი და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

თურქმენეთი დიდი ხანია თავს იწონებს ბუნებრივი აირის მდიდარი რეზერვებით, მაგრამ აქამდე ამაში ბოლომდე ვერავის არწმუნებდა, რადგან საბადოების გამოკვლევის შანსი მარტო თურქმენ სპეციალისტებს ეძლეოდათ.

მაგრამ ვითარება შეიცვალა წელს, როცა თურქმენეთის მთავრობამ მიიწვია ბრიტანული კომპანია “გეფნი, კლაინი და პარტნიორები” გაზის რამდენიმე საბადოს შესამოწმებლად. და აი, ორშაბათს კომპანიის მენეჯერმა, ჯიმ ჯილეტმა, გააკეთა განცხადება, რომლის შემდეგაც, ალბათ, აღარავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ თურქმენეთს აქვს საფუძველი, თავის მოიწონოს გაზის რეზერვებით: იოლოტანის საბადო, ჯილეტის თქმით, ხუთჯერ მეტი მოცულობისაა, ვიდრე დაულეტაბადის საბადო. ეს ნიშნავს, რომ იოლოტან-ოსმანი მთელს მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ან მეხუთე გაზის საბადოა.

აქამდე უდიდეს საბადოდ თურქმენეთში მიჩნეული იყო ბრიტანელი მენეჯერის მიერ ნახსენები დაულეტაბადი 1,4 ტრილიონი კუბური მეტრი გაზით. პარტნიორებთან თურქმენეთის ყველა კონტრაქტი, უწინარეს ყოვლისა, სწორედ დაულეტაბადის რესურსების გათვალისწინებით ფორმდებოდა. ახალი გამოკვლევის შედეგები კი ცვლის ამ ვითარებას - თუ რამდენად ცვლის, ეს, რასაკვირველია დამოკიდებულია იოლოტანის საბადოს რესურსებზე. ბრიტანული კომპანიის წარმომადგენელი “მსოფლიო კლასის” საბადოზე ლაპარაკობს.

[ჯილეტის ხმა] “ჩვენს ხელთ ამჟამად არსებული მონაცემების თანახმად, კომპანია “გეფნი კლაინი” მიიჩნევს, რომ იოლოტანის საბადო, ყველაზე ფრთხილი შეფასებით, 4 ტრილიონ კუბურ მეტრ გაზს მოიცავს, რეალისტური შეფასებით 6 ტრილიონ კუბურ მეტრს, ხოლო ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით - 14 ტრილიონ კუბურ მეტრს.”

იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, რას ნიშნავს ეს მაჩვენებლები, მოვიყვან გაზით მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნის, რუსეთის რესურსის მოცულობის ამსახველ მაჩვენებელს - ეს არის 48 ტრილიონი კუბური მეტრი, მას მოჰყვება ირანი 26 ტრილიონი კუბური მეტრით.
მართალია, თურქმენეთის იოლოტანის საბადოს რესურსები სავარაუდო 14 ტრილიონ კუბურ მეტრზე ნაკლებია, მაგრამ საქმე ეხება მხოლოდ ერთ-ერთს - შუა აზიის ამ ქვეყნის ბევრი საბადოდან.

ბრიტანული სააუდიტო კომპანიის მენეჯერის განმარტებით, ჯერ კიდევ გრძელდება მუშაობა იოლოტანის მოცულობის დასაზუსტებლად. თუმცა, ერთი რამ უკვე ცხადია: [ჯილეტის ხმა] “გაზის ზემოხსენებული უზარმაზარი რეზერვის გათვალისწინებით, უკვე ნათელია, რომ რა შედეგიც უნდა მოჰყვეს საბოლოო გამოკვლევას, შემიძლია დავადასტურო, რომ არსებობს საკმარისზე მეტი გაზი თურქმენეთის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად”.

ამ შეფასებას იზიარებს ენერგეტიკის ექსპერტი ჩარლზ ესერი - ბრიუსელში დაფუძნებული “კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის” მკვლევარი. მისი თქმით, წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ იოლოტანის მეშვეობით თურქმენეთი შეძლებს გაზით მოამარაგოს არა მარტო ის ქვეყნები, რომლებში ექსპორტზეც კონტრექტები უკვე აქვს გაფორმებული. [ესერის ხმა]
“ამ მონაცემების მთავარი მნიშვნელობა ის არის, რომ, როგორც ჩანს, თურქმენეთს საკმარისი გაზი აქვს - სათანადოდ ათვისების შემთხვევაში - რუსეთის მოსამარაგებლად ამჟამინდელი, ან მეტი მოცულობით, ირანის, ჩინეთის მოსამარაგებლად და შესაძლოა, დასავლეთის მოსამარაგებლადაც - კასპიის ზღვაზე გამავალი მილსადენებით.”

ახლანდელი კონტრაქტებით, თურქმენეთი რუსეთს აწვდის წელიწადში 50 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს, ჩინეთს 40 მილიარდ, ირანს კი 8 მილიარდ კუბურ მეტრს. ევროკავშირიც დიდ ინტერესს იჩენს კასპიის ზღვის აუზის ენერგორესურსებისადმი და ამდენად, მხარს უჭერს “ნაბუკოს” და “თეთრი ნაკადის” პროექტებს. როგორც ცნობილია, ეს პროექტები სატრანზიტო ქვეყნად საქართველოსაც ითვალისწინებს და, სავარაუდოდ, ევროპაში წელიწადში 30 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გადაქაჩვას შეძლებს.

ამდენად, ბრიტანულ კომპანია “გეფნი, კლაინი და პარტნიორების” კვლევის შედეგები სასიხარულო სიახლეა როგორც თურქმენეთის, ისე მისი გაზის ამჟამინდელი თუ პოტენციური იმპორტიორებისთვის. თუმცა, ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს...

თურქმენეთში უმძიმესი ვითარებაა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. უფლებადამცავი ორგანიზაციები დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებენ, ზეწოლა მოხდეს აშხაბადზე ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად. მაგრამ ენერგიის წყაროებზე მოთხოვნილება, ჩვეულებრივ, ჩრდილში აქცევს ხოლმე ადამიანის უფლებების საკითხს. ახლა, როცა ბუნებრივი რესურსებით თურქმენეთის სიმდიდრე დამოუკიდებელმა დასავლურმა კომპანიამ დაადასტურა, უფლებადამცველებს აღარ უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული ყურადღების იმედი.
XS
SM
MD
LG