Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ცხოვრობენ ყოფილ ბუფერულ ზონებში დაბრუნებული ადამიანები


რუსული აგრესიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ადგილზე გაცნობის მიზნით, დღეს გორსა და გორის რაიონს საქართველოს პრეზიდენტი ეწვია.

მისი შეფასებით, რეკონსტრუქციისა და აღდგენის 18 თვიანი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონი სრულად დაიბრუნებს პირვანდელ სახეს, როგორც ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. რა პრობლემებს უჩივის ხალხი და რა არის პირველი რიგის გადაუდებელი ამოცანები? შეკითხვებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შიდა ქართლის გამგებლებს მიმართა, ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონებში დაბრუნებულ მოსახლეობას ჩვენც დავუსვით.

შიდა ქართლში რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებული ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებში იძულებით ადგილნაცვალი მოსახლეობის მასობრივი დაბრუნების პროცესი 9 ოქტომბერს დაიწყო. პირველივე დღეებიდან დაბრუნებული მოსახლეობა, პირობითად, სამ კატეგორიად გაიყო – უსახლკარონი, რეაბილიტაციას დაქვემდებარებული სახლების მფლობელნი, რომელთაც დროებით მეზობლებსა და ნათესავებთან თავის შეფარება უწევთ და, ბოლოს, ისინი, ვისი სახლებიც მცირედ დაზიანდა. ამ უკანასკნელ კატეგორიას განეკუთვნება ტირძნისელი მარინას ოჯახიც, მაგრამ

[მარინას ხმა]“ შუშები არ არის, 2 დღის წინ იყო, რაღაცა ორგანიზაცია ვართო, შეგვპირდნენ და 2 დღეში სახლში იყავითო, მოვალთო, გავაკეთებთო და, რა ვიცი, ველოდებით. ჯერჯერობით გვცივა, მართლა სცივათ ბავშვებს, ღამე ისე საშინლად ცივა, შუშები რომ არ არის... ჰო, ეგ პრობლემაა, სახურავიც დაზიანებულია, წვიმა ჩამომდის.“(სტილი დაცულია)

ქალბატონ მარინასა და მისი მსგავსი დაზარალებულების სახლები, ეგრეთ წოდებულ მარტივ, მესამე კატეგორიის დაზიანებად ითვლება. გორისა და ქარელის რაიონში სპეციალურმა მონიტორინგის ჯგუფებმა უკვე დაასრულეს დაზიანებული სახლების აღწერის პროცესი. პარალელურად, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოებიც:

[ზურაბ ჩინჩილაკაშვილის ხმა]“ვგულისხმობ მანდ ელემენტარულ დაზიანებებს, რომლებიც შუშებსა და სახურავებს შეეხება. ის ფაქტი, რომ ვინმესთან ჯერ არ ჩაუსვიათ, მაგას არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ სულ რამოდენიმე დღეა, 2–3 დღეა დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და, ბუნებრივია, ყველა ერთად ვერ იქნებოდა მოცული.“ (სტილი დაცულია)

გვითხრა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილემ ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა, რომლის პროგნოზითაც, მესამე კატეგორიის დაზიანებების სალიკვიდაციოდ სამშენებლო ჯგუფებს 2 კვირაზე მეტი არ დასჭირდებათ. ოფიციალური მონაცემებით, შიდა ქართლსა და სხვა რეგიონებში დევნილთათვის 5000–მდე სახლი შენდება, გათავისუფლებულ სოფლებში დამწვარია 1600 სახლი, მეორე კატეგორიის დაზიანებით. 2 თვეში დასრულდება დაახლოებით 554 სახლის აღდგენითი სამუშაოები. თუმცა დევნილებისა და იძულებით ადგილნაცვალი პირების საყოფაცხოვრებო პრობლემები მხოლოდ ბინათმშენებლობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებით არ შემოიფარგლება. გორისა და ქარელის რაიონში დაბრუნებული ადამიანები ვერც ზამთრისათვის მზადების, კერძოდ, შეშით მომარაგების პრობლემას წყვეტენ დამოუკიდებლად. ტირძნისელი ნუგზარ გოგინაშვილი გვეუბნება:

[ნუგზარ გოგინაშვილის ხმა]“ერედვიდან მოგვქონდა, ძირითადად, აკრიხევიდან, მანქანებით ჩამოგვქონდა. ზოგს, ვისაც ფული ჰქონდა, ყიდულობდა, და ვისაც არა, ვაუჩერი ვისაც ჰქონდა, იმით შევდიოდით და იაფი ჯდებოდა. ეხლა ეს ხეობა სულ დაიკარგა, იქით სულ გადაიწვა ტყეები და ეგ არის პრობლემა ძირითადი.“(სტილი დაცულია)

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანახმად, ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონებში დაბრუნებული მოსახლეობის გამოზამთრების პრობლემაზე შესაბამისი უწყებები საგანგებოდ მუშაობენ. გამოიყოფა ახალი ტყეკაფები, მათ კი, ვინც ვერც ვაუჩერით სარგებლობას შეძლებს, ზამთრისთვის შეშით სახელმწიფო მოამარაგებს. თუმცა პრობლემები არც ამით იწურება. დაკარგული და, ზოგ შემთხვევაში, სრულად განადგურებული მოსავლის, უფულობისა და უმუშევრობის პირობებში, მოსახლეობას ელემენტარულად თავის გამოკვებაც კი უჭირს. აი, რა გვითხრა კარალეთის მკვიდრმა, ქალბატონმა ლეილამ:

[ლეილას ხმა]“ კვების პროდუქტები, ჩვენ რაც მოვედით, არავის არაფერი მოუცია. სანამ მოვიდოდით, მანამ დაურიგეს ხალხს. რაღაც–რაღაცა პატარა რაღაცეები მიუციათ. არა, მარაგი არაფერი არა გვაქვს. სუყველაფერი გაგვიფუჭდა, რაც რამე გვქონდა, არაფერი აღარა გვაქვს.“(სტილი დაცულია)

აგვისტოს მოვლენების შედეგად ადგილნაცვალი პირების ჰუმანიტარული დახმარების - კერძოდ, საკვები პროდუქტებით მომარაგების - პროვაიდერი გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამაა. ამ პროგრამის ფარგლებში, ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებში დახმარება, 20 დღიანი რაციონით, გასულ კვირაში დარიგდა, - გვითხრა, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამების მენეჯერმა ხათუნა ეფრემიძემ. იგი შენიშნავს, რომ აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილი, პირობითად რომ ვთქვათ, მოძრავი ხალხის რაოდენობა პროდუქტის განაწილების პროცესში ერთგვარ პრობლემებსა და შეფერხებებს ქმნიდა. ამას გარდა, იგი ხაზს უსვამს კიდევ ერთ გარემოებას:

[ხათუნა ეფრემიძის ხმა]“არ უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ ეს ჰუმანიტარული დახმარება ყოფილ ბუფერულ ზონებში მყოფი ადამიანებისთვის იქნება ისეთივე ყველასმომცველი, როგორც ეს მანამდე იყო. პირველი ნოემბრიდან დაიწყება ადამიანების შერჩევა იმის მიხედვით, ვისაც უფრო მეტად უჭირს. ეხლა არავის არ ულხინს, მაგრამ ბუფერულ ზონაში დაახლოებით 100 000–მდე ადამიანი ცხოვრობს და 100 000 ადამიანისთვის ჰუმანიტარული სურსათით დახმარება, სამწუხაროდ, ვერ იქნება.“ (სტილი დაცულია)

ხათუნა ეფრემიძე დასძენს, რომ ყოფილ ბუფერულ ზონებში დაბრუნებულ ფენებს შორის, უდავოდ, არსებობს განსხვავება, რომელსაც გაერო მომავალში, სურსათით მომარაგებისას, გაითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG