Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ჩქარობს მთავრობა აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალებული მოქალაქეებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას


რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანმა ომმა ცხინვალის რეგიონსა და შიდა ქართლის მხარეში მცხოვრებ რამდენიმე ათას ადამიანს დაატოვებინა საკუთარი სახლ-კარი.

საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტიდან ლამის ორი თვის თავზე ომს გამორიდებული ადამიანების ერთ ნაწილს კვლავ დევნილობაში უწევს ცხოვრება, ნაწილს კი მშობლიურ კუთხეში დაბრუნების საშუალება ათი ოქტომბრის - ანუ ეგრეთ წოდებული „ბუფერული ზონების“ გაუქმების - შემდეგ მიეცა. თუმცა, როგორც სახალხო დამცველის ოფისსა და ანტიკრიზისულ საბჭოში აცხადებენ, ხშირ შემთხვევაში, დევნილების დაბრუნება იძულებით ხასიათს ატარებს. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები დღემდე ჩივიან მაღალი რისკის, მწირი სოციალური დახმარებისა და გაურკვეველი სტატუსის გამო. ირკვევა, რომ მთავრობა არ ჩქარობს აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალებული მოქალაქეებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას. საკითხავია, რატომ?


სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, აგვისტოს მოვლენებმა საქართველოში მცხოვრებ დევნილთა რაოდენობა 130 ათასით გაზარდა, თუმცა, როგორც ზემონიქოზელი მარიკა მჭედლიძე ამბობს, ბევრისთვის დევნილობა ისევე მოულოდნელად დასრულდა, როგორც დაიწყო:

[მარიკა მჭედლიძის ხმა] „თბილისში ვიყავი, ინდუსტრიულ ტექნიკუმში, თემქაზე. იქ მოვიდნენ ავტობუსები, გორის მხარეს გზა არის გახსნილი და უკვე შეიძლება რო შეხვიდეთო, და წამოიყვანეს ყველა. ძალით წამოიყვანეს ზოგიერთები...“ (სტილი დაცულია)

ძალით და ნაჩქარევად დევნილების შინ დაბრუნების რამდენიმე შემთხვევა ანტიკრიზისული საბჭოს წევრებსაც აქვთ აღრიცხული. დეპუტატი გია ცაგარეიშვილი იხსენებს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილების ამბავს:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „იქ მისულან ხელისუფლების წარმომადგენლები და უთქვამთ დევნილებისთვის, დაბრუნდით თქვენს სოფლებში, იქ სიწყნარეაო. უნდა გითხრათ, რომ ასე არ გამოვა. დევნილი დაბრუნდება 100 პროცენტიანი გარანტიით, მხოლოდ აღდგენილ სახლში. ის ვერ დაბრუნდება ტიტველ მიწაზე...” (სტილი დაცულია)

არადა, იძულებით ადგილნაცვალ პირებს, ხშირ შემთხვევაში, სწორედ რომ ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება. სახალხო დამცველის მოადგილე სოფო ხორგუანი ამბობს, რომ მოსავლისა და სხვა სახსრების გარეშე დარჩენილ ადამიანებს დახმარების მისაღებად რაიონულ ცენტრებში უწევთ სიარული:

[სოფო ხორგუანის ხმა] „ადგილზე დახმარება არ რიგდება. დახმარებისათვის მათ უნდა მიაშურონ გორს... წარმოგიდგენიათ? ნიქოზიდან გორში ავტობუსით მგზავრობა ღირს ლარ-ნახევარი, ანუ ერთ ადამიანს სჭირდება სამი ლარი. ცოლქმარს სჭირდება დღეში 6 ლარი, რათა ჩავიდნენ გორში, მიიღონ დახმარება და დაბრუნდნენ უკან.“(სტილი დაცულია)

შინ დაბრუნებულ დევნილებს რომ ძალიან უჭირთ, ამას ზემო ნიქოზის მკვიდრი მარიკა მჭედლიძეც ადასტურებს:

[მარიკა მჭედლიძის ხმა] „ჩემი სახლი განადგურებულია, ბომბი დაეცა. საცხოვრებლად უვარგისია, არ ვიცი სად შევაფარო თავი. მეუბნებიან, მეზობლებთან გაათიეო. იყო კომისია და მითხრეს, ახალ სახლს აგიშენებთო, მაგრამ სანამ ახალ სახლს ააშენებენ, სად წავიდე, არ ვიცი. რაც სოფელში დავბრუნდით, ორი კვირის განმავლობაში, ერთხელ მოიტანეს ფქვილი და მაკარონი, მეტი არაფერი არ მოუტანიათ. ნათესავებისა და მეზობლების იმედად ვართ.“ (სტილი დაცულია)

კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ყოფას ასევე ამძიმებს მათი მდგომარეობის გაურკვევლობა. არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ქალთა ქსელის“ ხელმძღვანელის ნინო ციხისთავის თქმით, ხელისუფლება არ ჩქარობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების სტატუსის განსაზღვრას:

[ნინო ციხისთავის ხმა] „სულერთია როგორ შეფასდება აგვისტოს მოვლენები პოლიტიკურად - როგორც შეიარაღებული კონფლიქტი თუ როგორც ომი, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ადამიანები იძულებით წამოყარეს საკუთარი სახლებიდან, იძულებული გახადეს სხვა ადგილას გადასულიყვნენ და საშინელ პირობებში ეცხოვრათ... ამის შემდეგ რატომ უნდა იყოს ფიქრის საგანი, იქნება თუ არა მათთვის მიკუთვნებული დევნილის სტატუსი, განისაზღვრებიან ისინი თუ არა დევნილებად თუ უსახლკაროებად, ან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებად. რა თქმა უნდა, დისკრიმინაციულია ეს მიდგომა და ეს შეშფოთების საგანია.“(სტილი დაცულია)

არადა, იურისტების განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი მარტივად რეგულირდება „იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა გორგოძე განმარტავს:

[კობა გორგოძის ხმა] „სჭირდებათ ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან იმის შესახებ, რომ მართლა არის იძულებით გადაადგილებული პირი. საჭიროა პირადობის მოწმობა და განცხადება სამინისტროს სახელზე. სტატუსის მიღების შემთხვევაში ვაძლევთ ყოველთვიურ დახმარებას: კერძო სექტორში ჩასახლებულებს - თვეში 28 ლარს, კომპაქტური ჩასახლების ადგილებში - 22 ლარს, შეღავათს ელექტროენერგიის გადასახადში და სხვ.“(სტილი დაცულია)

თუმცა სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ ასეთ შეღავათებს არ იღებენ რუსეთ-საქართველოს ხუთღდიანი ომის დროს დაზარალებული მოქალაქეები. საკითხავია, რატომ?

[კობა გორგოძის ხმა] „ახალ დევნილებზე ჯერ არ არის განსაზღვრული სტატუსის მინიჭება. უბრალოდ, ესენი გადიან რეგისტრაციას სამოქალაქო რეესტრში.“

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში გვარწმუნებენ, რომ სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სამინისტროზე მაღალი კომპეტენციის სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება სჭირდება, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”. ნათია მოსაშვილი, ორგანიზაციის იურისტი, ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო სწორედაც რომ სამინისტროა:

[ნათია მოსაშვილის ხმა] „ამ ეტაპზე სახელმწიფო იჩენს კეთილ ნებას, რომ ეხმარება ამ ადამიანებს, თუმცა სამართლებრივად საფუძველი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ დევნილის სტატუსი და შემდეგ სტატუსის მიხედვით მოითხოვონ კუთვნილი დახმარება, ასეთ შემთხვევასთან არ გვაქვს ადგილი. შესაბამისად, ეს ადამიანები არ იღებენ შემწეობას, რომელიც გათვალისწინებულია ასევე საქართველოს კანონმდებლობით. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები საერთაშორისო საზოგადოებისათვის, საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, ეს ადამიანები კვალიფიცირდებიან როგორც დევნილები. და, ადრე თუ გვიან, საქართველოს მთავრობას, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახით, მოუწევს გადაწყვეტილების მიღება და ამ ადამიანებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება.“(სტილი დაცულია)

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG