Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსებობს თუ არა ახალგორის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების პერსპექტივა?


საქართველოს ხელისუფლებაში იმედოვნებდნენ, რომ 10 ოქტომბრის - ანუ "ბუფერული ზონების" გაუქმების - შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალები,

8 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, დაუბრუნდებოდნენ ომამდელ მდგომარეობას და დატოვებდნენ კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარე, უპირატესად ეთნიკური ქართველებით დასახლებული რაიონის, ტერიტორიას, თუმცა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალგორთან მიმართებაში ვითარება გარკვეულია. მათი მტკიცებით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იურისდიქცია ვრცელდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მთელ ტერიტორიაზე, რაც, თავის მხრივ, ახალგორის რაიონსაც მოიცავს. საკითხავია, არსებობს თუ არა ახალგორის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების პერსპექტივა.

ახალგორის რაიონი, რომელიც ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის ხეობაში, მდებარეობს, საუკუნეების განმავლობაში ქსნის ერისთავთა რეზიდენცია იყო, თუმცა უახლოეს ისტორიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა 1922 წლის აპრილი, როცა ბოლშევიკებმა ეს რაიონი, საქართველოს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ერთად, კავბიუროს გადაწყვეტილებით შექმნილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მოაქციეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე განმარტავს:

[ბონდო კუპატაძის ხმა] „ახალგორის რაიონი რასაც ჰქვია, მაშინ ლენინგორი ერქვა, ისტორიული ქსნის საერისთავო, ისევე როგორც, ანალოგიურად, ცენტრალური ნაწილი, ცხინვალის ზედა ტერიტორია, ეს არის საფალავანდიშვილო, ხოლო ზემოთ - სამაჩაბლო. აი, ეს არეალი წარმოადგენდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს, ანუ ხელოვნურად იქნა შეკოწიწებული. სამხრეთი ნაწილი - ეს არის ყორნისი, ცხინვალი, ახალგორი - მთლიანადა ქართული სოფლებით იყო დასახლებული, ოსური სოფლები იყო მხოლოდ ჯავის რაიონში, ანუ ამ ავტონომიის ჩრდილოეთ ნაწილში.“ (სტილი დაცულია)

ბონდო კუპატაძის თქმით, ავტონომიურმა ოლქმა, ამ სტატუსითა და ტერიტორით, თითქმის სამოცდაათი წელი იარსება, თუმცა ვითარება მკვეთრად შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის წინ. რესპუბლიკური პარტის წევრი და ყოფილი დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ყოფილი ავტონომიური ოლქის სტატუსი და საზღვრები შეცვალა როგორც თბილისმა, ასევე ცხინვალმა. საქმე ისაა, რომ ოლქის რესპუბლიკად გადაკეთების ცალმხრივ მცდელობას თბილისმა ავტონომიის გაუქმებით უპასუხა, რის უფლებასაც, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, საბჭოთა კანონები იძლეოდა:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] „ამ ოლქის გაუქმებასთან ერთად შეიცვალა ოლქში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების, რაიონების საზღვრები. სახელდობრ, გაუქმდა ცხინვალის რაიონი და ზნაურის რაიონი. ახალგორის რაიონი დარჩა ახალგორის რაიონად. მას ადრე ერქვა ლენინგორის რაიონი. თუმცა შეეცვალა სახელი, რაიონის საზღვრები არ შეცვლილა და დარჩა არა სამხრეთ ოსეთის ოლქის, არამედ საქართველოს ერთ რიგით რაიონად.“ (სტილი დაცულია)

მაგრამ სწორედ საქართველოს ამ რაიონში დგას ამჟამად რუსეთის ჯარი, ხოლო არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარს აშენებს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ახალგორის დაკარგვაში ლომის წილი მიუძღვის მოქმედ ხელისუფლებას, რომელმაც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნით, ფაქტობრივად, აღადგინა ყოფილი ავტონომიური ოლქი:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „რომ არ აღგვედგინა სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციისთვის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია, რომელიც სტალინმა შეთითხნა, და დაგვეტოვებიან გამსახურდიას მიერ გაუქმებული სამხრეთი ოსეთი, მაშინ უფრო იოლი იქნებოდა სასამართლოებში ბრძოლა, რომ აღარ არსებობდა სამხრეთი ოსეთი. ამიტომ რუსეთის მიერ ახალგორის მითვისება უფრო სადავო იქნებოდა, მეტად შეიძლებოდა ამის დაცვა. მას შემდეგ, რაც სანაკოევი დავნიშნეთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, ჩვენ ფაქტიურად აღვადგინეთ ეს ტერიტორია. ამიტომ მიმაჩნია, რომ უდიდესი შეცდომა დავუშვით და გავირთულეთ მდგომარეობა.“ (სტილი დაცულია)

მოსაზრებას, რომ ახალგორთან მიმართებაში საქართველომ მდგომარეობა გაირთულა, იზიარებს კავკასიის საკითხთა ექსპერტი მამუკა არეშიძეც, თუმცა, მისი ვარაუდით, შორეულ პერსპექტივაში საქართველო ამ რაიონის დაბრუნებას შეძლებს. „ საბოლოო ჯამში, რუსები ახალგორის რაიონს დათმობენ, თუმცა ამ საკითხს ვაჭრობისთვის გამოიყენებენ, რათა სხვა ყველა საკითხის უგულებელყოფა მოხდეს“, ამბობს არეშიძე.

[მამუკა არეშიძის ხმა] „შეიძლება დათმონ, მაგრამ ძლიერი ზეწოლა სჭირდება, იმდენად სერიოზული, რომ ამ დათმობის ხარჯზე უკვე აღარავის დარჩება არანაირი ენერგია და ძალა, ჩვენს პარტნიორებს ვგულისხმობ, რომ მოითხოვონ ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. მე ვლაპარაკობ მომლაპარაკებლებს და შედარებით ნეიტრალურ საზოგადოებას - მათ შორის, დასავლეთ ევროპას. რა თქმა უნდა, ამერიკელების მხრიდან ყოველთვის იქნება ზეწოლა. რუსეთის ამოცანაა დაღალონ ევროპელები, რომლებმაც თავიან თავზე აიღეს კონფლიქტის მოგვარების ვალდებულება, და ისეთი აგრესიულები აღარ იყვნენ.“ (სტილი დაცულია)

ახალგორის საკითხი, როგორც მამუკა არეშიძემაც შენიშნა, მართლაც რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების ცენტრში. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დენიელ ფრიდმა სულ ახლახან, საქართველოში ყოფნისას, განაცხადა:

[დენიელ ფრიდის ხმა] „კოდორის ხეობა და ახალგორი განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან იქ დღემდე ბევრი ქართველია. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო მეთვალყურეების იქ შესვლა. ვიმედოვნებ, რუსეთი კონსტრუქციულად მოიქცევა ამ კონტექსტში. ჩვენ კვლავაც დავაყენებთ ამ საკითხს.“

საქართველოს ხელისუფლება კი ახალგორიდან რუსეთის ჯარების გაყვანას 8 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვს, თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი იქვე შენიშნავს, რომ რუსეთი კვლავ წესების დაცვის გარეშე მოქმედებს:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „რუსეთი არ ასრულებს არანაირ ვალდებულებას, სარკოზის გეგმა არ სრულდება, რუსეთი ცდილობს ჩაშალოს ეს გეგმა და ამის დადასტურებაა ის, რომ ახალგორში რუსეთის ბლოკსაგუშაგოები კვლავ დგას.“

ბლოკსაგუშაგოები კი მართლაც დგას და რუსი სამხედროები, მოშლის ნაცვლად, უფრო მეტად ამაგრებენ მათ. არადა, როგორც ყოფილი დეპუტატი და რესპუბლიკური პარტიის წევრი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, ამის არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] „იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა ახალი ტერიტორიული ერთეული, სამხრეთ ოსეთის სახელწოდებით, მიღებული არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთ აქტს ვერ მივაგენი. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს, იურიდიული თვალსაზრისით, არის იგივე მდგომარეობა, რაც იყო 1990 წლის დეკემბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც გაუქმდა ავტონომიური ოლქი.“ (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG