Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა რეაქციები მოჰყვა შუალედური არჩევნების შედეგებს?


მაჟორიტარი დეპუტატის მანდატებს, რომლებზეც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ახალმა მემარჯვენეებმა უარი თქვეს, ქრისტიან-დემოკრატები და ეროვნულ-დემოკრატები მიიღებენ.

ვაკისა და დიდუბის საარჩევნო ოლქებში 3 ნოემბერს გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ კვაჭანტირაძე და გურამ ჩახვაძე სახელდებიან. მართალია, ამომრჩევლის ხმების შეჯამების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოსალოდნელი ცვლილებები შედეგს მნიშვნელოვნად ვეღარ შეცვლის. როგორი რეაქციები მოჰყვა შუალედური არჩევნების შედეგებს და ვისთვის არ აღიქმებიან გამარჯვებულები ოპოზიციონერებად?

ამომრჩეველთა საგრძნობად დაბალი აქტივობის მიუხედავად, თბილისში, ვაკისა და დიდუბის საარჩევნო ოლქებში, 3 ნოემბერს შუალედური არჩევნები შედგა და, წინასწარი მონაცემების მიხედვით, დასახელდნენ გამარჯვებულებიც:

(ნატალია ჩხეიძის ხმა) ”ვაკის ოლქში თამაზ კვაჭანტირაძე (გიორგი თარგამაძე-ქრისტიან-დემოკრატები) - 42,61 პროცენტი... დიდუბეში ჩახვაძე გურამი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია) – 65,33 პროცენტი...”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნატალია ჩხეიძის ინფორმაციით, გამარჯვებულთა ვინაობის შეცვლა პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგანაც მოსალოდნელი ცვლილებები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

პოლიტიკური მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი თამაზ კვაჭანტირაძე და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე საქართველოს პარლამენტში, ასე ვთქვათ, ახალი მემარჯვენეების ადგილს დაიკავებენ. 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ვაკესა და დიდუბეში გამარჯვებულმა დავით გამყრელიძემ და დავით საგანელიძემ სადეპუტატო მანდატებზე უარი ყველასათვის ცნობილი მოვლენების გამო თქვეს. კოლეგების გადაწყვეტილებას ”მორალურ ნაბიჯს” უწოდებს ”ახალი მემარჯვენეების” კიდევ ერთი წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია, რომელსაც 3 ნოემბრის არჩევნების შედეგები არ გაჰკვირვებია:

(მანანა ნაჭყებიას ხმა) ”იმ საპარლამენტო ”ოპოზიციას” მიემატება კიდევ 2 ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად იქნება ხელისუფლების მხარდამჭერი. ჩახვაძის შემთხვევაში ხელისუფლებისთვის მამოტივირებელი ძალა იყო ის, რომ მათ უნდოდათ კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია შესულიყო და საზოგადოებასაც და დასავლეთს, პირველ რიგში, დაენახათ, რომ, აი, რამდენი პოლიტიკური პარტიაა ამ პარლამენტში წარმოდგენილი და სულაც არ არის ეს ერთპარტიული პარლამენტი... ხოლო ქრისტიან-დემოკრატების მზარდი ავტორიტეტი მათთვის ყოველდღიური ზრუნვის საგანია და სწორედ ამიტომ მოხვდა ქრისტიან-დემოკრატი.” (სტილი დაცულია)

შუალედური არჩევნების მიმდინარეობაში ხელისუფლების უხეშ ჩარევას ხედავს ქართული დასი, რომლის კანდიდატებმაც ვაკეში მესამე, ხოლო დიდუბეში მეორე ადგილი დაიკავეს. არადა, ქართული დასის ლიდერი გამარჯვებას კახა ქორიძესაც უწინასწარმეტყველებდა და ნათია მიქიაშვილსაც. მიზეზად, რომლის გამოც, პარლამენტში ქართული დასის კვლავაც ერთადერთ წარმომადგენლად დარჩება, ჯონდი ბაღათურია არჩევნების გაყალბებას ასახელებს. მისი თქმით, დარღვევები გამოვლენილია ვაკის საარჩევნო უბნებზეც, თუმცა ძირითადი პრეტენზია დიდუბის საარჩევნო ოლქს უკავშირდება:

(ჯონდი ბაღათურიას ხმა) ”დღის 4 საათზე დაიწყო ხელისუფლებამ არჩევნების ტოტალური გაყალბება. ტრიალებდა კლასიკური კარუსელი და ამაში ჩართული იყო მთელი ადმინისტრაციული რესურსი, კრიმინალური პოლიციის ჩათვლით. მე პირადად წავაწყდი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, ისინი ყველა უბანზე მოქმედებდნენ... ორი მანქანა იდგა და გაიქცა. ჩვენ დავიმახსოვრეთ ნომრები.” (სტილი დაცულია)

ქართული დასის ლიდერი საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების შეტანის აზრს ვერ ხედავს. უბრალოდ, აპირებს, რომ თავის ხელთ არსებული ვიდეო-მასალა გამოაქვეყნოს და, როგორც პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრმა, მტკიცებულებები პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინოს. შემდეგ კი დააკვირდეს, მოჰყვება თუ არა ამ ყველაფერს შესაბამისი რეაგირება.

და აქვე კიდევ ერთი ინფორმაცია: შუალედური არჩევნების ადგილობრივი და უცხოელი მეთვალყურეები ჯერჯერობით არ საუბრობენ სერიოზულ დარღვევებზე, რაც არჩევნების შედეგებს შეცვლიდა. შუალედური არჩევნების მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში ჩატარებით კმაყოფილია ხელისუფლებაც.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG