Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის აშშ-ის მომავალი პირველი ლედი?


ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვება ამერიკის ისტორიაში მნიშვნელოვან ფაქტად ობამას აფრო-ამერიკული წარმოშობის გამოც მიიჩნევა.

ამ თვალსაზრისით, ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ მომდევნო წლების მანძილზე მათი პირველი ლედიც აფრო-ამერიკელი იქნება - 44 წლის მიშელ ობამა. ვინ არის და რა გზა განვლო მან იქამდე, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი გახდებოდა?

მიშელ ობამას მიერ აქამდე განვლილ გზაზე საუბრისას აღნიშნავენ მის წარმატებულ კარიერას და, რაც მთავარია, ოჯახის ინსტიტუტისადმი ღრმა პატივისცემას. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პირველი ლედი, თავადაც აფრო-ამერიკელი მიშელ ობამა, ორი გოგონას დედაა..

სულ ცოტა ხნის წინ ამერიკელებისთვის მის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მას დემოკრატთა შეკრებაზე სიტყვით გამოსვლა მოუხდა. ეს ზუსტად იმ დღეს მოხდა, როცა დემოკრატებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად მიშელის მეუღლე, ბარაკ ობამა, დაასახელეს. მიშელ ობამამ მაშინ იმ ფასეულობებზე ილაპარაკა, რაზეც, მისი სიტყვებით, ის და მისი მეუღლე, ბარაკ ობამა, გაიზარდნენ:

[ მიშელ ობამას ხმა]"ბარაკი და მე ერთნაირ ფასეულობებზე გავიზარდეთ. მაგალითად, მუდამ გვესმოდა, რომ ცხოვრებაში რაიმეს მისაღწევად თავდაუზოგავად უნდა იშრომო; რომ სიტყვას ფასი აქვს და, თუ პირობას დადებ, ის უნდა შეასრულო კიდეც; რომ ადამიანს ღირსეულად და პატივისცემით უნდა მოექცე, თუნდაც არ იცნობდე მას, თუნდაც არ იზიარებდე მის აზრს."

თავისი პირველი საჯარო გამოსვლისას მიშელ ობამამ საკუთარ და, რაღა თქმა უნდა, მეუღლის წარსულზეც ისაუბრა. კენიელი მამა, ინდონეზიაში გატარებული ბავშვობა - ამ ფაქტორების გამო ბარაკ ობამას ბავშვობას გლობალისტურს უწოდებენ. სხვაგვარი იყო ბავშვობა მისი მეუღლის, მიშელ ობამასი. ის თავიდანვე შეერთებულ შტატებში იზრდებოდა - ჩიკაგოს მუშათა კლასის უბანში, ტრადიციულ აფრო-ამერიკულ ოჯახში. მისი მშობლებიც მუშათა კლასს მიეკუთვნებოდნენ. მშობლებზე საუბრისას მიშელ ობამა იხსენებს, როგორ ანაწილებდა ოჯახში სიყვარულს დედა, რამხელა ძალის მიმცემი იყო მიშელისა და მისი ძმისთვის ეს სიყვარული და მამა. მიშელ ობამას სიტყვებით, მიუხედავად ადრეულ ასაკში გამოვლენილი მძიმე დაავადებისა, მამა ყოველთვის ოჯახის მთავარი გმირი და ნამდვილი ჩემპიონი იყო.

მიშელი და მისი ძმა, კრეიგ რობინსონი, სკოლაში კარგი მოსწავლეები იყვნენ. კრეიგი კალათბურთით იყო გატაცებული და უნივერსიტეტის გუნდის საუკეთესო მოთამაშედაც ითვლებოდა.

თავად მიშელ ობამამ უმაღლესი განათლება ჰარვარდში მიიღო. იქ ის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. ჰარვარდის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა ბარაკ ობამაც, მაგრამ მან და მიშელმა ერთმანეთი მოგვიანებით გაიცნეს - ჩიკაგოს ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში. ისინი ერთად მუშაობდნენ. შემდეგ ბარაკი პოლიტიკაში წავიდა და სენატორი გახდა, მიშელმა კი ჩიკაგოს უნივერსიტეტის საავადმყოფოს ადმინისტრაციაში წამყვან თანამდებობაზე გააგრძელა მუშაობა.

წინასაარჩევნო კამპანიისას ბარაკ ობამას პოზიციების დასასუსტებლად მისი ოპონენტები მიშელ ობამას ”გაბრაზებულ შავ ქალბატონად” მოიხსენიებდნენ, რასიზმის წინააღმდეგ აფრო-ამერიკელების ხანგრძლივი ბრძოლით გაბრაზებულად.

მაგრამ უკვე თებერვალში გახდა თვალშისაცემი, რომ ამერიკელთა დიდი ნაწილი მზად იყო სერიოზულად ეფიქრა აფრო-ამერიკელი კანდიდატისათვის მხარდაჭერაზე..და მაშინ მიშელ ობამამ თქვა: ”პირველად ჩემს ცხოვრებში, მართლაც ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ვამაყობ არა მარტო იმიტომ, რომ ბარაკ ობამას კამპანია კარგად მიდის - ვამაყობ იმით, რომ ხალხი ასე მოწყურებულია ცვლილებებს.”

ამ სიტყვებისთვის მიშელ ობამა ბევრმა გააკრიტიკა. მას ვერ აპატიეს გამოთქმა: ”პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვამაყობ ჩემი ქვეყნითო”. ამ გამოთქმის გამო პატრიოტიზმს უწუნებდნენ. მაგრამ მიშელ ობამას დამცველებს შორის თვით შეერთებული შტატების მოქმედი პირველი ლედი, ლორა ბუში, აღმოჩნდა. მან თქვა: ”მიშელის სიტყვები, ეტყობა, არასწორად იქნა გაგებული - მას, ალბათ, უნდოდა ეთქვა, რომ პირველად ამაყობს განსაკუთრებულად თავისი ქვეყნითო.”

ამ კრიტიკის შემდეგ მიშელ ობამა გაცილებით ფრთხილი გახდა.. შეიმჩნეოდა, რომ, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, სიტყვებს მეტი დაკვირვებით არჩევდა… მისმა გამოსვლებმა ასეთი სახე მიიღო:

[მიშელ ობამას ხმა] "ყოველ ჩვენგანს ამოძრავებს რწმენა, რომ დღეს არსებული სამყარო არასაკმარისად კარგია, რომ ჩვენი ვალია, ვიბრძოლოთ ისეთი სამყაროსთვის, როგორიც საჭიროა ის იყოს. ეს არის ჩვენი გულების დამაკავშირებელი ძაფი, ეს არის ძაფი, რომელიც გასდევს ჩემს გზას, ბარაკის გზას და კიდევ უამრავ სხვა გზას, რომელმაც დღეს აქ შეგვყარა - შეგვყარა იქ, სადაც ისტორიის მსვლელობა იმედის ახალ ტალღას ხვდება. ეს არის სწორედ ის, რის გამოც ასე მიყვარს ეს ქვეყანა."

მიშელ ობამა უკვე ამერიკელების მიერ არჩეული პრეზიდენტის მეუღლეა, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედია... და, როგორც ერთ-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მომავალი პირველი ლედის მთავარი საქმე - ისევე, როგორც აქამდე - დედობა იქნება.. მიშელ ობამა 10 წლის მალიას და 7 წლის საშას დედაა. მაგრამ მთავარი საქმის - გოგონებზე ზრუნვის - გარდა, ახალი პირველი ლედის ინტერესშია დაეხმაროს ამერიკელ ქალებს პროფესიულ და ოჯახურ საქმიანობათა შორის ბალანსის მიღწევაში და გაერკვეს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მოთხოვნილებებსა და პრობლემებში.

მიშელ ობამა, რა თქმა უნდა, იქნება საკუთარი მეუღლის, ბარაკ ობამას, არაოფიციალური მრჩეველი - როგორც ყოველთვის… ბარაკ ობამას ოჯახი თეთრ სახლში 20 იანვარს, ინაუგურაციის ცერემონიალის შემდეგ, გადავა.
XS
SM
MD
LG