Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ დროს მძლავრი ამერიკული ავტომრეწველობა დახმარებას ითხოვს


საფინანსო კრიზისის თემაზე ბოლოხანს, მართალია, შედარებით ნაკლებს საუბრობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს კრიზისი ჩავლილი იყოს,

ან ეკონომიკას დაღმასვლა აღარ ემუქრებოდეს. საფრთხე რომ კვლავინდებურად მწვავეა, ჩანს შეერთებული შტატების, ერთ დროს მძლავრი, საავტომობილო მრეწველობის მაგალითზე. სამი წამყვანი კომპანიის - “ჯენერალ მოტორსის”, “ფორდისა” და “კრაისლერის” - აღმასრულებელმა დირექტორებმა გუშინ ამერიკელი კონგრესმენების წინაშე გამოსვლისას მოითხოვეს დახმარება, 25 მილიარდი დოლარი, ეკონომიკური კრახის თავიდან ასაცილებლად.

"ჯენერალ მოტორსის", "ფორდის" და "კრაისლერის" ხელმძღვანელებმა გუშინ გაერთიანებული ძალებით სცადეს, დაერწმუნებინათ კონგრესი, რომ ამერიკული ავტომრეწველობის ჩავარდნა მძიმე შედეგებს იქონიებს მთელი ამერიკული ეკონომიკისთვის. სენატის კომისიის წინაშე გუშინ გამოსვლის შემდეგ, სამი კომპანიის ლიდერები დღეს წარმომადგენელთა პალატის წევრების დარწმუნებას შეეცდებიან.

ამჟამინდელი ვითარების ფონზე, როცა ნაღდი ფულის რეზერვი ილევა, ამერიკელები სულ უფრო ნაკლებ მანქანებს ყიდულობენ და არც ახლო მომავალში ფინანსური აღმასვლის რაიმე ინდიკატორი ჩანს, კომპანია "ფორდ მოტორის" პრეზიდენტი ალან მალელი ორ შეკითხვას სვამს:
[მალელის ხმა] “ჩემი აზრით, საქმე ეხება ორ ფუნდამენტურ შეკითხვას, რომლებზეც დღეს გვიწევს საუბარი. პირველი: აქვს თუ არა ჩვენს ავტომრეწველობას კონკურენტუნარიანი და პერსპექტიული მომავალი? და მეორე: ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის ხომ ჯობია მთავრობის მიერ კრედიტის გამოყოფა - ვიდრე უმოქმედობა? ვფიქრობ, ორივე შეკითხვის პასუხია “დიახ”

მაგრამ პასუხად "დიახ" ვერ მოისმინეს "ფორდისა" და დანარჩენი ორი კომპანიის ხელმძღვანელებმა სენატის კომიტეტში, რომელსაც თავიანთი თხოვნა და არგუმენტები გააცნეს. სენატორები ყოყმანობენ და პასუხი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე არ იქნება, შესაძლოა უფრო დიდხანსაც.

ბევრი რესპუბლიკელი და თეთრი სახლის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევენ, შეიცვალოს უკვე დამტკიცებული კრედიტი, რომელიც ითვალისწინებს 25 მილიარდი დოლარის გამოყოფას, ეკოლოგიური თვალსაზრისით, გაუმჯობესებული ავტომოდელების შესაქმნელად. მაგრამ ამჟამინდელ ვითარებაში - ასე ფიქრობს რესპუბლიკელების ნაწილი - უმჯობესია, 25 მილიარდი მოხმარდეს ავტომრეწველობის ზოგადი, მწვავე პრობლემების მოგვარებას.

სხვა გზაზე მიუთითებს დემოკრატი სენატორების ნაწილი. მათი აზრით, ავტომრეწველობისთვის ფული უნდა გამოიყოს იმ 700 მილიარდი დოლარიდან, რომელიც ქვეყნის საფინანსო სისტემის დასახმარებლად დაამტკიცეს. რესპუბლიკელები ამ წინადადებას არ ემხრობიან.

და კიდევ, არიან კონგრესმენები (დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც), ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ნაღდი ფულის მიწოდება საერთოდ გადაარჩენს ავტომანქანების მწარმოებელ კომპანიებს...

ავტომანქანების მწარმოებელი ამერიკული კომპანიების მწვავე პრობლემების მთავარ მიზეზად მიიჩნევენ ამ კომპანიებში მრავალი წლის მანძილზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. მაშინ, როცა უცხუორ კომპანიებს ბაზარზე გაჰქონდათ, უწინარეს ყოვლისა, მსუბუქი მანქანები და ალტერნატიულ, მათ შორის ჰიბრიდულ მოდელებზე მუშაობდნენ, წამყვანი ამერიკული კომპანიები, უმეტესწილად, სატვირთო და სპორტულ მანქანებს უშვებდა. ეს მოდელები, როგორც ცნობილია, ბევრ საწვავს წვავს და მათ - ეკონომიკური კრიზისის ფონზე - მყიდველები მოაკლდა.

თუმცა მყიდველი მოაკლდა არა მარტო ამერიკულ მოდელებს: ევროკავშირიც ბჭობს კრიზისით მოცული ავტომრეწველობის დახმარების გზებზე. დახმარება ესაჭიროებათ "პეჟოსა" და "რენოს", "ფოლკსვაგენსა" და "ფიატს". ამჟამად ცნობილია ზომები, რომელთაც “ოპელი” მიიღებს კრიზისის საპასუხოდ: ის აპირებს პროდუქციის 10 პროცენტით შეკვეცას და 30-საათიანი სამუშაო კვირის შემოღებას. "ოპელი" ეკუთვნის- ამერიკულ კომპანია "ჯენერალ მოტორსს" - კომპანიას, რომლის ხელმძღვანელიც, "ფორდის" და "კრაისლერის" დირექტორებთან ერთად, ცდილობს დაარწმუნოს კონგრესმენები, რომ აუცილებელია ამ სამი კომპანიისთვის 25 მილიარდი დოლარის გამოყოფა.
XS
SM
MD
LG