Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიათა დაფინანსების ახალი პროექტი


საქართველოს პარლამენტში მუშავდება პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების ახალი პროექტი, რომლის თანახმადაც

საპარლამენტო არჩევნებისთვის სავალდებულო 4 პროცენტიან ბარიერგადალახულ, მაგრამ პარლამენტს გარეთ საკუთარი პრინციპული გადაწყვეტილებით დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აღუდგებათ. დაფინანსება 2009 წლის ბიუჯეტში აისახება. თუმცა ეს არ არის პარტიათა დაფინანსების წესში მოსალოდნელი ერთადერთი სიახლე, რომლის შესახებაც მსჯელობა 20 ნოემბერს ანტიკრიზისულ საბჭოში დაიწყო.


საპარლამენტო კენჭისყრა, რომლის ძალითაც საბიუჯეტო დაფინანსება შეუჩერდათ სადეპუტატო მანდატის უარმყოფელ და, შესაბამისად, არშემდგარ დეპუტატთა პოლიტიკურ გაერთიანებებს, 2008 წლის 15 ივლისს შედგა. პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების წესში ეს ერთ–ერთი რიგითი შესწორება კანონის ნორმად იქცა, როგორც დამსჯელი ღონისძიება. ასე მიიჩნევდნენ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც 21 მაისს საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატები პროტესტის ნიშნად საჯაროდ დახიეს. ამის პასუხად, პარლამენტის საკანონმდებლო გადაწყვეტილების თანახმად, დაფინანსება შეუწყდათ ახალ მემარჯვენეებს, ეროვნულ ფორუმს, თავისუფლებას, მოძრაობას „ერთიანი საქართველოსთვის“, „საქართველოს გზას“ და ხალხის პარტიას. დაფინანსება შეინარჩუნეს ლეიბორისტებმა, რომელთა სადეპუტატო უფლებამოსილება, საჯარო უარყოფის მიუხედავად, კვლავ ძალაში რჩება. ადგილობრივ არჩევნებში მიღებული შედეგების მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსებას ღებულობენ ასევე: კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკელები და ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”. დაფინანსების სქემაშია, რასაკვირველია, მმართველი პარტია, რომელიც არჩევნებზე მიღებული შედეგების შესაბამისად, ყოველწლიურად ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონ შვიდასი ათას ლარს ღებულობს.
პარტიათა დაფინანსების იმ წესში, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ივლისში შევიდა, გარდატეხა საქართველოს პრეზიდენტმა შეიტანა მაშინ, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების ”ახალი ტალღის” დაწყების შესახებ საპარლამენტო ტრიბუნიდან ამცნო საზოგადოებას. პოლიტიკური პლურალიზმის ხელშემწყობ საშუალებებში მან, ძირითადად, პარტიათა დაფინანსების ზრდა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული, მაგრამ საკუთარი ნებით პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური პარტიებისთვის ჩამორთმეული საბიუჯეტო დაფინანსების აღდგენა დაასახელა. შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიის ”ახალი ტალღის” ღონისძიებებში ოპოზიციამ პოზიტიურად მხოლოდ ეს გადაწყვეტილება შეაფასა. კონსერვატორ ზვიად ძიძიგურს მოუსმინეთ.

[ზვიად ძიძიგურის ხმა]“ მე ვარ მოხარული ჩემი კოლეგა ოპოზიციური პარტიების ნაცვლად, იმიტომ რომ კონსერვატიულ პარტიას ვერ შეუწყვიტეს დაფინანსება და ვერც რესპუბლიკურ პარტიას იმ ცვლილებით, რომელიც მათ შეიტანეს, მაგრამ მათ ნაცვლად ვარ მოხარული, ვინაიდან ეს დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების დონე გაიზარდოს, ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია შედგეს ქვეყანაში და ეს იწვევს თვითონ ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგების მიღებას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი იქნება პარლამენტის მიერ მიღებული.”(სტილი დაცულია)

ამბობს კონსერვატორი ზვიად ძიძიგური. პარლამენტში კი პრაქტიკულად რომ პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების ზრდისა და საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილისათვის ჩამორთმეული დაფინანსების აღდგენის საკითხზე სრული კონსენსუსია, ეს გამოჩნდა ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე. კომისია ცვლილებების ერთ–ერთი მთავარი ინიციატორია, რასაკვირველია, საქართველოს პრეზიდენტის ეგრეთ წოდებული მთავარი მესიჯის შემდეგ. პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების ცვლილებების პროექტის საბაზისო დოკუმენტი ამ კომისიის ფარგლებში მომზადდა.

[გია თორთლაძის ხმა} ”საბაზისო დაფინანსება რაც ჰქონდათ, ის აღუდგებათ და დაემატებათ კიდევ 25 პროცენტი. ყველას, ვისაც ეკუთვნოდა და ვისაც შეუჩერდა. ის კანონი განსაზღვრავს – ეს არის, ვინც ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, გადალახული აქვთ ბარიერი და ადგილები აქვთ. ანუ ის დაფინანსება, პრაქტიკულად რაც არსებობდა და პარლამენტმა ზაფხულში შეუწყვიტა პარტიებს, ის აღუდგებათ, პლუს 25 პროცენტით.“(სტილი დაცულია)

ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარის გია თორთლაძის განმარტებას დავძენთ, რომ 2008 წლის მაისში საპარლამენტო უმრავლესობა სრულიად სამართლიანად მიიჩნევდა გადაწყვეტილებას საარჩევნო ბარიერგადალახული, მაგრამ დეპუტატის უფლებამოსილების შესრულების უარმყოფელი ოპოზიციური პარტიებისათვის საბიუჯეტო დაფინანსების შეჩერების შესახებ. „ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც უარს აცხადებენ პარლამენტში ხალხის ინტერესების წარმოდგენაზე, უარს აცხადებენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე და მუდმივად საუბრობენ პარალელურ სტრუქტურებსა და გაურკვეველ სახალხო აჯანყებებზე, ბუნებრივია, დაფინანსებას ვერ მიიღებენ“, - ამბობდა მაშინ კანონის შესწორების ერთ–ერთი ინიციატორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი. მას, როგორც ჩანს, აზრი არც ახლა შეუცვლია:

[პავლე კუბლაშვილის ხმა]“ მე ახლაც ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯი, რაც მაშინ გადაიდგა, იყო ლოგიკური და დასაბუთებული. თუმცა ახლა არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ ამ ნაბიჯის გადახედვა ხდება. აქ საუბარია იმაზე, რომ ახალი პრინციპი შემოდის დაფინანსების. ახალი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ დაფინანსება მოხდება არა პირდაპირ პარტიების, არა მხოლოდ პირდაპირ პარტიების, არამედ ფონდების მეშვეობით მიზნობრივი სახსრების დაფინანსება, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს პარტიის სტრუქტურის ჩამოყალიბებას, პოლიტიკური კვლევების ჩატარებას, პოლიტიკური კულტურის ამაღლებას ზოგადად ქვეყნის შიგნით პარტიებს შორის.“(სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით, მომავალ კვირაში გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომელსაც ადენაუერის, ებერტისა და სხვა საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, იმ სქემაზე შესათანხმებლად, როგორ განხორციელდეს პარტიების დაფინანსება ფონდების მეშვეობით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
კანონმდებლობის მოქმედი ნორმით, ყველა ის პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე 4 პროცენტიანი ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 3 პროცენტიანი ბარიერი გადალახა, საბაზისო დაფინანსებას ბიუჯეტიდან 150 000 ლარის ოდენობით იღებს. ამას ემატება ორი ფინანსური კომპონენტი, რომელიც ამომრჩეველთა მხრიდან მიღებული ხმების პროპორციულად და საპარლამენტო მანდატების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. საფონდო დაფინანსება საკანონმდებლო სიახლე იქნება.

XS
SM
MD
LG