Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში აშშ-ის გავლენა სუსტდება


“გლობალური ტენდენციები 2025: გარდაქმნილი მსოფლიო” - ასე ეწოდება ანგარიშს, რომელიც აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა მოამზადეს

და რომელიც არც თუ სახარბიელო პროგნოზს მოიცავს ამერიკისა და მისი მოკავშირეებისთვის: ამერიკის გავლენა მსოფლიოში, მომდევნო ორი ათწლეულის მანძილზე, სავარაუდოდ, იკლებს. იმავდროულად გაძლიერდება რამდენიმე სხვა ქვეყნის პოზიციები.

დავიწყოთ შეერთებული შტატებით. ის კარგავს თავის პოზიციას, როგორც მსოფლიოს - ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით - წამყვანი სახელმწიფო. ამ პროგნოზს თვით აშშ-ში აკეთებენ 121-გვერდიან ანგარიშში, რომელიც დაზვერვის ეროვნულმა საბჭომ გამოაქვეყნა. თან გამოაქვეყნა მანამ, სანამ პრეზიდენტად არჩეულ ბარაკ ობამას დაუწყია მუშაობა ახალ პოსტზე. მის ადმინისტრაციას უთუოდ მოუწევს ანგარიშში გამოთქმული პროგნოზების გათვალისწინება. გათვალისწინება, მაგალითად, პროგნოზისა, რომ 2025 წლისთვის საერთაშორისო სისტემა მკვეთრად იქნება შეცვლილი რამდენიმე ფაქტორის: ეკონომიკური აღმავლობის გზაზე მდგომი რამდენიმე სახელმწიფოს გაძლიერების, ეკონომიკის გლობალიზაციის, კეთილდღეობის დასავლეთიდან აღმოსავლეთზე გავრცელების შედეგად.

აშშ, სავარაუდოდ, მაინც დარჩება ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ მისი უპირატესობა იკლებს, რაც სხვებზე გავლენის ბერკეტების შესუსტებასაც ნიშავს. ამ შესუსტების პარალელურად, გაძლიერებას უწინასწარმეტყველებენ ორ სახელმწიფოს. მათ შორის ჩინეთს.

როგორც ამერიკული დაზვერვის საბჭოს ანგარიშის აუდიოვერსიის მეშვეობით ვიგებთ: [ჩანაწერის ნაწყვეტი] “ცოტა ქვეყანას თუ ექნება მეტი გავლენა მსოფლიოზე - მომდევნო 15-20 წელიწადში - ვიდრე ჩინეთს. თუ ამჟამინდელი ტენდენციები გაგრძელდა, 2025 წლისთვის ჩინეთს მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა ექნება და სამხედრო სფეროში ლიდერის პოზიციას მოიპოვებს. ის, შესაძლოა, გახდეს ბუნებრივი რესურსების უდიდესი იმპორტიორიც და ბუნების კიდევ უფრო მეტად დამბინძურებელი, ვიდრე ახლაა”.

მაშ ასე, ერთ-ერთი იმ ორი სახელმწიფოდან, რომელიც (ამერიკის უპირატესობის კლების პარალელურად) გაძლიერების გზას ადგას - ჩინეთია. მეორე კი ინდოეთი. ანგარიშის ავტორები მასაც უწინასწარმეტყველებენ შედარებით სწრაფ ეკონომიკურ აღმასვლავს, თუმცა მის შემთხვევაში მიუთითებენ მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობის ზრდით გამოწვეული პოლიტიკური პრობლემის გამწვავებაზე.

დაზვერვის ეროვნული საბჭოს ანგარიშში ლაპარაკია კიდევ რამდენიმე ქვეყანაზე, რომელთაც აქვთ გაძლიერების პოტენციალი. სამს ასახელებენ მუსლიმანური სამყაროდან - ინდონეზიას, თურქეთსა და ირანს. და იქვე მიუთითებენ ახლო აღმოსავლეთში ატომური იარაღის გავრცელების საფრთხეზე.

[ჩანაწერის ნაწყვეტი] “მომდევნო 15-20 წელიწადში რეაქციამ იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთაც ირანი იღებს თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, შესაძლოა რეგიონის მთელი რიგი ქვეყნები წაახალისოს ასეთი ძალისხმევის გააქტიურებისკენ და ატომური იარაღის შექმნის აქტიური მცდელობისაკენ. ეს ახალ და უფრო სახიფათო განზომილებას შეჰმატებს იმას, რაც სავარაუდოდ იქნება მზარდი კონკურენცია ამ რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად”.

აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭოს შეფასებით, რომელსაც ანგარიშში ვეცნობით, ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოების რიცხვის მატება იმიტომ არის სახიფათო, რომ იმავდროულად მატულობს იმათი რიცხვი, ვინც მზად არის სხვებს, მათ შორის ტერორისტებს შეუწყოს ხელი ბირთვული იარაღის მოპოვებაში.

რუსეთთან დაკავშირებით, ანგარიშში მიუთითებენ მისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის მატების პოტენციალზე, მაგრამ იმავდროულად საფრთხეზე, რომელიც რუსეთში გავრცელებულ ორგანიზებულ დამნაშავეობას უკავშირდება.

ანგარიშში ლაპარაკია საფრთხეზეც, რომელსაც მთელი მსოფლიოსთვის მოასწავებს გლობალური დათბობა: მოსალოდნელია წყლის მარაგის, საკვების, ენერგორესურსების კლება. ეს პროგნოზი, ალბათ, არავის გაკვირვებია, ისევე როგორც შეფასება, რომ შეერთებული შტატების გავლენა სუსტდება. ეს პროცესი თვალსაჩინოა ყველასთვის, ვინც თვალს ადევნებს ცნობებს გლობალური საფინანსო კრიზისისა და დოლარის გაიაფების შესახებ.

ანგარიშში სახელწოდებით “გლობალური ტენდენციები 2025: გარდაქმნილი მსოფლიო” ამერიკულ დოლარს უწინასწარმეტყველებენ შესუსტებას იმ დონეზე, როცა ის “პირველი იქნება თანაბართა შორის”.
XS
SM
MD
LG