Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა 2003 წლის 23 ნოემბერს თბილისში?


ზუსტად ხუთი წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს, თითქმის ერთთვიანი, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა,

მისი ადგილი კი დროებით, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ დაიკავა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შესულ ამ მოვლენას ბიძგი მისცა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მასშტაბურმა გაყალბებამ.

[ამომრჩევლის ხმა] „09-ზეც დავრეკე, ახლა აქ მოვედი და აღმოჩნდა, რომ ჩემი მეუღლეც აღარ არის სიაში...“

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებიც საქართველოში, ტრადიციულად, მასშტაბური დარღვევებით ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, პირველ და მეორე ადგილებს იყოფდნენ სახელისუფლებო ბლოკი „ახალი საქართველოსათვის“ და ასლან აბაშიძის „დემოკრატიული აღორძინების“ კავშირი, თუმცა არჩევნების ხარვეზებით ჩატარებას მიჩვეულ საზოგადოებას ხუთი წლის წინ პირველად მიეცა გაყალბების მასშტაბის გაზომვის საშუალება.

„სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების“ ყოფილი თანამშრომელი თამარ ჟვანია იხსენებს. [თამარ ჟვანიას ხმა] „პირველი შემთხვევაა იყო, როცა მოხდა არჩევნებში მიცემული ხმების პარალელური დათვლა და პარალელური დათვლის მიხედვით, ზუსტად განისაზღვრა ის, თუ რა ტიპის სიყალბე იყო შედეგებში ასახული, რა პროცენტული მაჩვენებლით ყალბდებოდა. ანუ იმ დონის სხვაობა იყო ციფრებში, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტული სახელისუფლებო პარტიებისათვის მანდატების დიდ რაოდენობას მაშინ, როცა, რეალური შედეგების საწინააღმდეგოდ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტს მიღმა რჩებოდა“.

თამარ ჟვანიას თქმით, შედეგების გაყალების გარდა, ამომრჩეველთა გულისწყრომა გამოიწვია საარჩევნო უბნებსა და ამომრჩეველთა სიებში არსებულმა ქაოსმა, რასაც „ვარდების რევოლოციის“ ერთ-ერთი მონაწილე, გოგიტა გოგრიჭიანიც ადასტურებს.

[გოგიტა გოგრიჭიანის ხმა] „მე მაშინ ვიყავი კომისის წევრი ერთ-ერთ უბანზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და კარგად მახსოვს, როგორ ცდილობდნენ არჩევნების გაყალბებას. კომისიის თავმჯდომარეს რაღაც გარიგებაშიც კი უნდოდა ჩემთან შემოსვლა, რომ მე გავჩერებულიყავი და დარღვევებზე თვალი დამეხუჭა“.

თუმცა, დარღვევებზე თვალი არც გოგიტა გოგრიჭიანს დაუხუჭავს და არც სხვა ათობით ათას მოქალაქეს, რომლებიც ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ბურჯანაძე-დემოკრატების“ მოწოდებით შეიკრიბნენ და საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] „დღეს ჩვენ გვაქვს გამაფრთხილებელი გასეირნება რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას და მივემართებით მერიის შენობასთან, სადაც ჩვენი დები და ძმები გველოდებიან“.

ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძისა და ოპოზიციის სხვა ლიდერების ძალისხმევით პარლამენტის წინ ათობით ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. თბილისელების გარდა, არჩევნების შედეგების გაუქმებას, მოგვიანებით კი პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდნენ რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეებიც.

[ხალხის ხმა] „წადი! წადი!... გადადექი!..“

თუმცა, საპროტესტო აქციაზე ხალხის რაოდენობამ მწვერვალს მიაღწია 22 ნოემბერს, ანუ იმ დღეს, როცა ახალი მოწვევის პარლამენტის გახსნა იყო დაგეგმილი. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები პარლამენტის დარბაზში შეიჭრნენ და ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს. 23 ნოემბრის მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე გოგიტა გოგრიჭიანი იხესენებს.

[გოგიტა გოგრიჭიანის ხმა] „დავინახეთ, რომ მიშა სააკაშვილი მოდიოდა და ვერავინ წინ ვერ უდგებოდა. სპეცდანიშნულების რაზმიც კი მოერიდა და გაიწია. თითქმის უბრძოლველად შევედით პარლამენტის შენობაში. ერთადერთი ხელისშემშლელი იყო ის, რომ კარი იყო ვიწრო და ბევრი ადამიანს ერთდროულად ვერ ატარებდა, თუმცა მაინც შევცვივდით პარლამენტის შენობაში. მახსოვს დერეფანში, რომ მივდიოდით, ბურჯანაძემ მომკიდა ხელი, გამაჩერა და არ შეხვიდეთ პარლამენტის შენობაშიო, გვითხრა. მაგრამ დავინახეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კართან იდგა და იქიდან გვიძახდა, მომყევითო. მასთან ერთად შევცვივდით პარლამენტის შენობაში“.

შედეგად, შევარდნაძემ და სხდომის დამსწრეებმა პარლამენტი დატოვეს, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ ეს არ იყო საბოლოო გამარჯვება და რომ საჭირო იყო ხალხის დახმარებით დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „გიორგობის დღე საქართველოს უნდა გაუთენდეს თავისუფლების პირობებში! გიორგობის დღე საქართველოსთვის უნდა იყოს გამარჯვების დღესასწაული!“

გამარჯვების დღესასწაულად გიორგობის დღე 2003 წლის 23 ნოემბრის საღამოს იქცა, როცა ედუარდ შევარდნაძემ რუსეთის უშიშროების საბოჭოს მდივანთან, იგორ ივანოვთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] „ჩემი ხალხისთვის არასდროს მიღალატია. ალბათ, ჯობია პრეზიდენტი გადადგეს, ყველაფერი ეს დამთავრდეს მშვიდობიანად და სისხლი არ დაიღვაროს. გადადგომას მიჩვეული ვარ და დიდი ტრაგედია რა იქნება. ახლა მივდივარ სახლში!“

პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომასთან ერთად მალე სრულად შეიცვალა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა: 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, 28 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში კი ხმების აბსოლუტური უმეტესობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო. ხუთი წლის წინანდელი მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე გოგიტა გორგორიჭიანი დღემდე დარწმუნებულია, რომ ვარდების რევოლუციაში მონაწილეობით მოკრძალებული წვლილი შეიტანა საკუთარი ქვეყნის საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლების საქმეში.

[გოგიტა გოგრიჭიანის ხმა] „რა თქმა უნდა, არ ვნანობ. ვამაყობ, რომ აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი. რაც დავიბადე, იმის მერე სულ შევარდნაძე მართავდა ქვეყანას და მის ხელში საქართველოს არ გაუხარია. უკანასკნელი წლები ხომ საერთოდ. იმდენად აუტანელი გახდა მისი რეჟიმი, რომ ნებისმიერ ლიდერს, ვინც რევოლუციას ჩაუდგებოდა სათავეში, გაჰყვებოდა ხალხი“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG