Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევოლუციური სამეული რევოლუციის ხუთი წლის თავზე


"ვარდების რევოლუციას" ერთი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა, მიხეილ სააკაშვილის სახით. მაგრამ, იმავდროულად, არსებობდა რევოლუციური სამეული, - სააკაშვილი- ჟვანია-ბურჯანაძე,

– რომლის თითოეულმა წევრმა თავისი შეუცვლელი წვლილი შეიტანა მოვლენების განვითარებაში.

ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს, სააკაშვილი–ჟვანია–ბურჯანაძის რევოლუციური სამეული იმ დილით დაიშალა, როდესაც ზურაბ ჟვანიას უეცარი გარდაცვალება აუწყეს საქართველოს მოსახლეობას. სინამდვილეში, ეს გაცილებით ადრე მოხდა. ჟვანიას პოლიტიკურ ბრძოლაში გამოცდილი, ძლიერი გუნდი ჰყავდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა ბევრი თვალსაზრისით ჩამორჩებოდა. თუმცა მიხეილ სააკაშვილს, თავის თანამებრძოლებთან ერთად, არაერთი ისეთი თვისება ჰქონდა, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და მის გუნდს არ გააჩნდა. ჟვანიას გუნდი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა, სააკაშვილის გარემოცვა კი – ენერგიით. ჟვანიას გუნდი მრავალი წლის განმავლობაში დუღაბდებოდა, სააკაშვილის გარემოცვა კი შემთხვევით, მაგრამ მიზანსწრაფულ ადამიანებს იზიდავდა. ჟვანიას გუნდში მიღებული იყო ერთმანეთის მოსმენა და დინჯი გადაწყვეტილებები, სააკაშვილის გარემოცვა კი, ძირითადად, ლიდერს უსმენდა და წინ სწრაფად მიიწევდა.

საქართველოში, როგორც წესი, არჩევნებს სახელისუფლო პარტია იგებს, სხვა პარტიები კი პოლიტიკურ პროცესში რაიმე მნიშვნელოვან როლს მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში ასრულებენ. ეს ქართული პოლიტიკის დაღია. ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიქმნა სრულიად ახალი რეალობა, როდესაც შესაძლებელი იყო პოლიტიკურ ასპარეზზე ორი ძლიერი, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული, პარტია დამკვიდრებულიყო. ეს შექმნიდა კონკურენტულ გარემოს ხელისუფლების წიაღში და, შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის ეფექტურ მექანიზმებს ჩამოაყალიბებდა. კონტროლის მექანიზმები კი ქვეყანას კონსტიტუციური ვადების დაცვაში დაეხმარებოდა და შემდგომ რევოლუციებს თავიდან აგვაცილებდა.

ამ რეალობაში რევოლუციური სამეულის მესამე წევრი – ნინო ბურჯანაძე – გამაწონასწორებელი ძალის ფუნქციას შეიძენდა და ერთგვარი მორალური არბიტრის როლს შეასრულებდა. ყოველ შემთხვევაში, რევოლუციის შემდგომ დღეებში სწორედ ასე გამოიყურებოდა პროცესის განვითარების ყველაზე ოპტიმალური და, ამავე დროს, სრულიად რეალური შესაძლებლობა.

ამ შესაძლებლობას და, მასთან ერთად, თავად რევოლუციურ სამეულს წერტილი დაესვა მაშინ, როდესაც ზურაბ ჟვანიამ გაერთიანებული დემოკრატების პარტია გააუქმა და, საკუთარი გუნდით, ნაციონალურ მოძრაობას გაუერთიანდა. შეიქმნა მორიგი ერთსახა სახელისუფლო პარტია, რომელსაც მხოლოდ ის რესურსი დარჩა, რომ კარგის და ცუდის ქმნაში უფრო ენერგიული ყოფილიყო, ვიდრე მისი წინამორბედები იყვნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჩამოყალიბების შემდეგ, ფაქტობრივად, გაუქმდა ზურაბ ჟვანიას, როგორც პოლიტიკური ლიდერის, ფუნქცია და ის გადაიქცა მაღალი რანგის ერთ–ერთ ჩინოვნიკად, რომელსაც პოლიტიკური პროცესის განვითარებაზე თვისებრივი გავლენის მოხდენა აღარ შეეძლო.

ზურაბ ჟვანიას მიერ საკუთარი უნიკალური ფუნქციის ნებაყოფლობით გაუქმებას ბუნებრივად მოჰყვა ნინო ბურჯანაძის ასევე უნიკალური ფუნქციის გაუქმება. ნინო ბურჯანაძე გადაიქცა სააკაშვილის გუნდის ერთ–ერთ – არცთუ გავლენიან – წევრად, რადგან მეტისმეტად გაძლიერებულ სახელისუფლო პარტიაში წონასწორობა და მორალური არბიტრაჟი რაიმე საჭიროებას არ წარმოადგენდა.

ის ფაქტი, რომ პრეზიდენტთან დაახლოებულ მცირერიცხოვან ჯგუფს ხელს აღარავინ უშლიდა, თავის ჭკუაზე ემოქმედა, დემოკრატიისგან მეტისმეტად აშორებდა ქვეყანას. და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, აშორებდა არა მხოლოდ დემოკრატიისგან, არამედ – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისგანაც.

პროცესები რომ ბუნებრივ კალაპოტში განვითარებულიყო და ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების წიაღში შენარჩუნებულიყო ორი პარტია სამი ლიდერით, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ნაციონალური მოძრაობა და პირადად მიხეილ სააკაშვილი ბევრი შეცდომისგან დაზღვეული იქნებოდა.

ამ შეცდომებს შორის ყველაზე საშიში ისაა, რომ ხელისუფლების წიაღში განახლების იმპულსი გამქრალია, რასაც სამთავრობო კარუსელების ცინიკური სისტემა ადასტურებს. როდესაც გამსახურდიას თუ შევარდნაძის ხელისუფლება რამდენიმე კაბინეტში ჩაიკეტა და განახლების უნარი დაკარგა, ამ ფონზე, ორივე შემთხვევაში, ოპოზიცია გაძლიერდა. რევოლუციიდან ზუსტად ხუთი წლის შემდეგ, 2008 წლის 23 ნოემბერს, ნინო ბურჯანაძემ შექმნა თავისი პარტია, რითიც იგი, სავარაუდოდ, ხელიდან გაშვებული მომენტის დაბრუნებას ცდილობს. დღეს ნაციონალური მოძრაობის წინაშე ბევრი გამოწვევაა და მათ შორის უმნიშვნელოვანესია რევოლუციური სამეულის ნგრევის შედეგები.
XS
SM
MD
LG