Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საქართველო ნატოში, ასე თუ ისე” - ამ სათაურის სტატიას დღევანდელი


”საქართველო ნატოში, ასე თუ ისე” - ამ სათაურის სტატიას დღევანდელი ”24 საათი” ბეჭდავს. სტატიის ავტორია დევიდ სმიტი,

პოტომაკის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი.

”როგორც ჩანს, წევრობის სამოქმედო გეგმა (მეპი) დღეისათვის განხილვის საგანი არ იქნება. თუმცა ალიანსის წევრთა უმრავლესობა უთუოდ მოითხოვს ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული განცხადების დადასტურებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. მეტიც, ეჭვგარეშეა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები გამონახავენ რაიმე ფორმულას, რომლის მიხედვითაც ნატო და საქართველო ერთობლივად განაგრძობენ მუშაობას რეფორმებსა და ურთიერთქმედითუნარიანობაზე, რასაც, საბოლოო ჯამში, წევრობაც მოჰყვება”, - მიიჩნევს დევიდ სმიტი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ”საქართველო ნატოში გონივრული გადაწყვეტილებაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ალიანსის 26-ვე წევრისთვის. გულახდილად რომ ვთქვათ, ეს რუსეთის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობასაც წაადგება, მაგრამ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის რუსეთი საკმაოდ ბრმაა იმისთვის, რომ ეს დაინახოს. ერთ დღეს - შესაძლოა იმაზე მალე, ვიდრე პუტინი ფიქრობს - პროგრესული რუსები ამას დაინახავენ. იქამდე კი, ნატომ ზრდილობიანად უნდა აუხსნას მოსკოვს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და თანაც მალე”, - ვკითხულობთ პოტომაკის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის დევიდ სმიტის წერილში, რომელსაც დღევანდელი ”24 საათი” ბეჭდავს.

”რეზონანსი” კი აქვეყნებს ინტერვიუს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან ბერძენიშვილთან, რომელიც ”ნულს” უწოდებს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგს, თუმცა მას არც პროცესი აკმაყოფილებს. ”სამწუხაროდ, კომისიამ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. მისმა არც ერთმა წევრმა არ გამოიჩინა თავი, თუ არ ჩავთვლით თავის გამოჩენად პიჯაკის გახდას და გაწევ-გამოწევას. ჩემი აზრით, როგორც დაკითხულებმა, ისე დამკითხველებმა ძალიან ბევრი სიმართლე დატოვეს პასუხის გარეშე”, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი ”რეზონანსთან” საუბრისას. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარეს დეპუტატ პაატა დავითაიას, ბერძენიშვილი მას ”გენერლად” მოიხსენიებს, ხოლო მის მუშაობას ”ქართული საკომისიო მუშაობის სირცხვილს” უწოდებს.

”საქართველოს რესპუბლიკის” ფურცლებზე ვეცნობით პოლიტოლოგების მოსაზრებებს, რომელთა მიხედვითაც, საქართველომ სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით რიგიანად ვერ გამოიყენა სახალხო დიპლომატიის რესურსი. მაგალითად სოსო ცინცაძე ერგნეთის ბაზრობას იხსენებს, სადაც, მისი თქმით, ”იყო კონტრაბანდული საქონელი, მაგრამ იყო ხალხებს შორის ნდობაც. 100 ათასი ლარის საქონელს ანდობდნენ ისინი ერთმანეთს, ახლა კი ამ ნდობის ნატამალი არ დარჩა.” პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე კი ამბობს, რომ კონფლიქტის დროს ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას მუდმივად ითხოვდნენ თურქეთში მცხოვრები აფხაზები, რომელთა მსგავსადაც აფხაზური ენა 50 კაცმა თუ იცის... არეშიძე ამბობს, რომ ამ რესურსის გამოყენება ”არასოდეს არავინ მოინდომა”. ის ფიქრობს, რომ პროცესში თავის დროზე უნდა ჩაერთოთ ისეთი პიროვნება, როგორიც არის თენგიზ აშბა - ბათუმელი აფხაზი, რომელსაც მნიშვნელოვანი კავშირები ჰქონდა რუსეთში. აშბა ”ჩავიდა იქ, დეპუტატი გახდა და ახლა ჩვენი ”მტერი” გამოდის”, - აცხადებს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე და დასძენს, რომ ”საქართველოში მცხოვრები აფხაზები არც წინა ხელისუფლებას ახსენდებოდა.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG