Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთავრობო ცვლილებების მორიგი რაუნდი განხორციელდა


მინისტრთა კაბინეტს დღეს კიდევ სამი ახალი - კულტურის, ეკონომიკის და თავდაცვის - მინისტრი შეემატა. სამთავრობო ცვლილებების მეორე რაუნდში

ყველაზე მოულოდნელი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნიკა რურუას, კულტურის მინისტრად დანიშვნა იყო. სამთავრობო ცვლილებებს უკვე ეწოდა ”სიურპრიზების შოუ”, ”ექსპერიმენტების პოლიგონი” და ”საბავშვო კარუსელი”.

ახალ მთავრობაში მინისტრის სავარძლები საბოლოოდ ასე გადანაწილდა: ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკა შარაშიძე პარლამენტის წევრმა, ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლაშა ჟვანიამ დაიკავა. შარაშიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დააბრუნეს. თავდაცვის მინისტრის პოსტზე საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით სიხარულიძე დანიშნეს, რომელიც მანამდე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, მოადგილე იყო.
კულტურის მინისტრი გახდა არა ნინო სუხიშვილი, რომლის კანდიდატურაზეც ბოლო დღეების განმავლობაში საუბრობდნენ, არამედ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა.

განათლების ახალი მინისტრი ნიკა გვარამია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ჯერ კიდევ გუშინ წარუდგინეს თანამშრომლებს. დროებით კულტურის მინისტრად დანიშნული გრიგოლ ვაშაძე კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუბრუნეს, უკვე მინისტრის რანგში. ჯერჯერობით ვაკანტურია უშიშროების საბჭოს მდივნის, კახა ლომაიას, ადგილი.

[გრიგოლ მგალიბლიშვილი] ”ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანმიმდევრულად გადავდგათ ნაბიჯები თვრამეტთვიანი გეგმის შესასრულებლად, რაც საბოლოოდ გამოიყვანს ქვეყანას იმ კრიზისიდან, რომელშიც ის აღმოჩნდა აგვისტოშო რუსეთის აგრესიის შედეგად.”

ასეთი შესავალი გაუკეთა პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა მორიგ საკადრო ცვლილებებს მთავრობაში.
ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საკითხს ახალი მინისტრებიც ხშირად ახსენებდნენ და ამბობდნენ, რომ საამისოდ ძალებს არ დაზოგავენ. ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია მომდევნო რამდენიმე თვეში მოსახლეობას განსაკუთრებულს ვერაფერს ჰპირდება:

[ლაშა ჟვანია] ”მე ვერ ვპირდები მოსახლეობას ვერაფერს განსაკუთრებულს მომავალი თვეების მანძილზე, მაგრამ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოზე ეკონომიკურმა სტაგნაციამ იმოქმედოს რაც შეიძლება ნაკლებად, მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია, რაც არის გარანტია, მეტი სამუშაო ადგილის შექმნის.”(სტილი დაცულია)

ნიკა რურუა ამბობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ხაზი დღეს კულტურაზეც გადის; ნიკა გვარამიას მსგავსად, ისიც მზადაა მისთვის უცხო სფეროში მაქსიმუმი გააკეთოს:

[ნიკა რურუა] ”უსაფრთხოების ხაზი დღეს გადის არა მხოლოდ დიპლომატიაზე, არა მხოლოდ პოლიტიკაზე, არამედ კულტურაზეც. კულტურა არის სფერო, რომელიც არის იარაღი, რომელმაც უნდა გაგვიმრავლოს მეგობრები და შეგვიმციროს არაკეთილმოსურნეები. და მე ამას გავაკეთებ მთელი ჩემი ენერგიით.”(სტილი დაცულია)

ხელისუფლების წარმომადგენლები ცვლილებებით კმაყოფილნი დარჩნენ. უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი, მაგალითად, დღეს აცხადებდა, რომ გადახალისებული გუნდი შეძლებს ქვეყნის წარმატებულად მართვას:

[აკაკი მინაშვილი] ”ყველა ის ადამიანი, რომელიც ახალ პოსტზე დაინიშნა, არის გამოცდილი და მათ აქვთ გამოცდილება სწორედ იმ სფეროებში, რა სფეროებშიც ისინი დაინიშნენ. მაგალითად, ეს შემიძლია ვთქვა თავდაცვის ახალ მინისტრზე, რომელიც უკვე მუშაობდა ამ სფეროში. ბატონი ნიკა რურუაც არის საკმაოდ გამოცდილი ადამიანი და აქვს უნარი, რომ წარმატებულად წარუძღვეს თუნდაც კულტურის სფეროს.”

საპარლამენტო ოპოზიცია საკადრო ცვლილებებს არაადეკვატურად მიიჩნევს. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ”სიურპრიზების შოუ” უწოდა:

[გიორგი თარგამაძე] ”სამთავრობო გადაწყვეტილებები უფრო და უფრო ემსგავსება სიურპრიზების შოუს. როდესაც ყველა ველოდებით მორიგ ახალ მოულოდნელობას. როდესაც პროკურორი მიდის განათლების მინისტრად, ხოლო თავდაცვის მინისტრი, ტანკებისა და თვითმფრინავების კარგი მცოდნე, კულტურის ფრონტზე გაამწესეს, ჩემთვის ეს სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილებებია.”

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ, ზოგადად, ცვლილებები კარგია, თუმცა ვერ გაუგიათ, რა იგულისხმება ”ახალ სისხლში”, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებია მინისტრები მხოლოდ ადგილებს უცვლიან ერთმანეთს. გია ხუხაშვილი ამბობს:

[გია ხუხაშვილი] ”პრობლემა ის კი არ არის, კარუსელზე ვინ ლომზე იჯდება და ვინ ჟირაფზე, პრობლემა არის სისტემური, ანუ პრობლემა კარუსელის მექანიზმშია. კარუსელის მექანიზმის შეკეთების გარეშე შედეგი ვერ დადგება.”(სტილი დაცულია)

ხუხაშვილი ამბობს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კარუსელის დატრიალება ირაკლი ალასანიას ქართულ პოლიტიკაში სხვა კუთხით შემობიჯებას უკავშირდებოდა და ამ ფონზე, მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი გრიგოლ ვაშაძის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა იყო. და აი, რატომ:

[გია ხუხაშვილი] ”ხელისუფლებას გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქართულ პოლიტიკაში ვაშინგტონის ორბიტიდან შემოდის ალასანია, ანუ ვაშინგტონი მის კანდიდატურას განიხილავს. მე ვფიქრობ, ეს იყო ვაშინგტონში გაშვებული მესიჯი, რომ რუსეთის მოქალაქე დაენიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, ანუ ამით უთხრა ვაშინგტონს, რომ თუ შენ სხვაზე გააკეთებ აქცენტებს, მაშინ ჩვენ მზად ვართ შევცვალოთ ვექტორი და დავიწყოთ მოძრაობა რუსეთის მიმართულებით.”(სტილი დაცულია)

ზოგადად ცვლილებების მომხრეა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. მაგალითად, ნიკა გვარამიას განათლების სამინისტროში გადაყვანას ის არცთუ უიმედოდ უყურებს:

[რამაზ საყვარელიძე] ”თუ სწორად აიღო გეზი და რასაც ამბობს, რომ პროფესიონალებს დაეყრდნობა, ეს შეასრულა, ის შეიძლება კარგი მინისტრიც აღმოჩნდეს.” (სტილი დაცულია)

კიდევ ერთი პოლიტოლოგი კი, სოსო ცინცაძე, ხელისუფლებას იმ მოტივაციას სთხოვს, რის მიხედვითაც კადრებს ანაცვლებს და ამბობს, რომ საკადრო სელექციამ სააკაშვილის ხელისუფლებაც ისევე შეიძლება დაღუპოს, როგორც მისი ორი წინამორბედისა:

[სოსო ცინცაძე] ”საკადრო სელექცია ეს ისეთი აქილევსის ქუსლია, რომელმაც დაღუპა ერთი პრეზიდენტი - გამსახურდია, ასევე - შევარდნაძე და რომელიც უკვე უქმნის პრობლემებს მესამე პრეზიდენტს - სააკაშვილს.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG