Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გულისხმობს ქარტია, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის წლის ბოლომდე უნდა გაფორმდეს


ქარტიის პროექტი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ხელს მიმდინარე წლის ბოლომდე

მოაწერენ, საბოლოო სახეს სამშაბათს, 23 დეკემბერს, მიიღებს. შესაძლოა, სწორედ ამის შემდეგ დაკონკრეტდეს ქარტიის ტექსტის დეტალები. მანამდე კი მსჯელობა ზოგად სახეს ატარებს და კომენტარები ბალტიისპირეთის სამი ქვეყნისა და უკრაინის მაგალითებზე დაყრდნობით კეთდება. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიტვა-ლატვია-ესტონეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას 11 წლის წინ, ხოლო უკრაინასთან 3 დღის წინ მოაწერა ხელი. რას მოასწავებს ყოფილი საბჭოთა 4 ქვეყნის გამოცდილება საქართველოსთვის და რა იმედებს უკავშირებს თბილისი ვაშინგტონთან გასაფორმებელ დოკუმენტს?

ქარტიას, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წლის ბოლომდე უნდა გაფორმდეს, თბილისი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტში, რომლის გარშემოც მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, ხედავს ძალას ”რეგიონის უსაფრთხოებისთვის, საქართველოს მთლიანობისთვის, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატებისთვის”:

(სააკაშვილის ხმა) ”არასდროს ადრე ამერიკას არ უხსენებია, რომ საქართველო არის მისი სტრატეგიული მოკავშირე, არასდროს არც ერთ განცხადებაში, არასდროს არც ერთ ხელშეკრულებაში... თუ ჩვენ მივედით იქამდე, რომ სიტყვა ”სტრატეგიული” გაჩნდა ამ ურთიერთობებში, აი, ეს იქნება ყველაზე ნათელი პასუხი საქართველოს ჩამოშლის და ნაგლეჯებად ქცევის მუდმივ მცდელობაზე...” (სტილი დაცულია)

ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას, რომელსაც საქართველოში ჯერჯერობით ისევ მომავალ დროში მოიხსენიებენ, ვაშინგტონმა კიევთან 19 დეკემბერს მოაწერა ხელი. თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განვითარების სფეროებსაც მოიცავს, მაგრამ თუკი დოკუმენტის სტრუქტურას გადავხედავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ წინა პლანზე მაინც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხი დგას. ორი ქვეყნის მიერ გაზიარებულ ფასეულობებს შორის დოკუმენტში მეტად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, თუმცა დეტალები არ კონკრეტდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვლადიმირ ოგრიზკოს მიერ ვაშინგტონში ერთ დღეში გახმოვანებულ და ხელმოწერილ ქარტიას მოსკოვის განსაკუთრებული რეაქციები არ გამოუწვევია. ამ ეტაპზე დუმს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე არ გამორიცხავს, რომ მოსკოვის რეაქცია ქარტიის არც თბილისსა და ვაშინგტონს შორის გაფორმებას მოჰყვეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დოკუმენტს გლობალური საერთაშორისო გარიგების ნაწილად განვიხილავთ. ამ შემთხვევაში გეგეშიძე საქართველოსთვის არასახარბიელო გარიგებაზე საუბრობს:

(გეგეშიძის ხმა) ”... რომ ძალიან გადაუდებენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და რუსეთი სანაცვლოდ დათანხმდება იმას, რომ ამერიკამ საქართველოსთან დადოს ასეთი ხელშეკრულება, მაგრამ, სინამდვილეში, როგორც გითხარით, ნატოსთან ინტეგრაცია გადავადებული იქნება... თუ ეს საერთაშორისო შეთანხმების ნაწილი იქნება, მაშინ არავითარი რეაქცია რუსეთს არ ექნება.” (სტილი დაცულია )

ნატოში ინტეგრაცია არათუ არ გააჭიანურა, არამედ, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, დააჩქარა კიდეც ამერიკასთან 1997 წელს ხელმოწერილმა ქარტიამ. ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სვენ მიკსერი, რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ქარტიამ ნატოსთან მიმართებით დაპირისპირების ყინული გაჭრა:

(მიკსერის ხმა): "იმ დროს ნატოში არ იყო ერთსულოვნება ბალტიისპირეთის ქვეყნების შესაძლო გაწევრიანების საკითხში - არა მხოლოდ ევროპელ მოკავშირეებს შორის, არამედ თვით შეერთებული შტატების წამყვან პოლიტიკოსებს შორისაც. მაგალითად, გავლენიან ამერიკელ სენატორთა შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ნატოს გაფართოების მიმართ; ზოგს იმაშიც ეჭვი ეპარებოდა, რამდენად ხელეწიფებოდა ალიანსს ბალტიისპირეთის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამდენად, ქარტიის ხელმოწერამ დიდი როლი შეასრულა ერთიანი აზრის თანდათანობით ჩამოყალიბებაში ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს."

ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერას ვაშინგტონსა და კიევს შორის ხელმოწერილი ქარტიაც გულისხმობს. ”დაინტერესებული ვართ თანამშრომლობის გაფართოებით უსაფრთხოების სფეროში, რათა გაიზარდოს უკრაინის პოტენციალი ნატოში გასაწევრიანებლად,” - ვკითხულობთ დოკუმენტში.

მსგავს პერსპექტივას იმედები თბილისშიც უკავშირდება. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით დარჩიაშვილს, ალიანსისკენ მიმავალი გზის გარკვეულწილად გაიოლების იმედი აქვს:

(დარჩიაშვილის ხმა) ”ამ დოკუმენტით ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცდება და იღებს სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს და თავისთავად ეს მხოლოდ წაადგება საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესს.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ქარტიის ფარგლებში ასამოქმედებელ შესაძლო ქმედით ბერკეტებს, დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ როგორც პოლიტოლოგები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. ზოგადი პოზიცია ასეთია: მთავარია ურთიერთობის სტრატეგიული თანამშრომლობის რანგში აყვანა, დანარჩენი კი ამ თანამშრომლობის პროცესში გამოჩნდება.



  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG