Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პირობებში შეხვდნენ ახალ წელს აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ადამიანები


აგვისტოს ომის შემდეგ დაახლოებით 25 ათასით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ახალ წელს საკუთარ სახლებში ვერ შეხვდნენ.

უშუალოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დევნილების დაბრუნება ჯერ ვერც ზოგიერთ იმ ტერიტორიაზე ხერხდება, რომლებიც აგვისტოს ომამდე თბილისს ექვემდებარებოდა. ჯერ ისევ მიწასთან გასწორებული და დაცარიელებულია დიდი და პატარა ლიახვის ხეობების, ფრონეს ხეობისა და კოდორის ხეობის სოფლები. ბევრმა იძულებით დატოვა ახალგორის რაიონი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი, სადაც ჯერ ისევ დგანან რუსი ოკუპანტები. აგვისტოს ომის პირველ დღეებში ჯერ მარტო თბილისში 300 ათასმა დევნილმა მოიყარა თავი. მას შემდეგ, რაც რუსი ოკუპანტები ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონებიდან გავიდნენ, დევნილთა უმეტესობამ შეძლო დაბრუნებოდა საკუთარ სახლ-კარს, თუმცა მათი უსაფრთხოება ჯერ ისევ აწუხებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. გარკვეული საფრთხის მიუხედავად, მათ მაინც შენატრიან ისინი, ვინც ახალ წელს საკუთარ სახლში ვერ ხვდება. მინდა მოგითხროთ ადამიანებზე, რომლებიც დევნილებად 2008 წელს იქცნენ.

საკუთარი სახლ-კარი აგვისტოში ბევრმა ისეთი სისწრაფით დატოვა, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი ვერ მოასწრო და ომის საშინელებას ასე ფეხშიშველი გამოექცა. ადამიანები, რომლებიც თვალსა და ხელს შუა დევნილებად იქცნენ, იმ ტერიტორიებზე გაიფანტნენ, სადაც რუსმა ოკუპანტებმა ვერ შემოაღწიეს. დევნილების უმეტესობა დედაქალაქში ჩამოვიდა და ვიდრე თავშესაფარს მოძებნიდა, რამდენიმე ღამის გათევა ზოგს ღია ცის ქვეშაც კი მოუხდა. ნელ-ნელა თავშესაფარიც გამოინახა, ზოგმა თავისით მოძებნა დაცარიელებული - ხშირ შემთხვევაში, ავარიული - შენობა... დანარჩენები ხელისუფლებამ შეასახლა სკოლებში, ბაგა-ბაღებსა და სხვა ტიპის სახელმწიფო დაწესებულებში. შიმშილის დასამარცხებლად პირველ დღეებში პური პირდაპირ ქუჩაში რიგდებოდა. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები ხალხს რიგში აყენებდნენ და მკაცრად აფრთხილებდნენ, რომ თითო პურზე მეტი არავის შეხვდებოდა:
(ხალხის ხმაური) ”რიგი დაიკავეთ, ხალხო.../ ადით, მაღლა ადით... აქეთ გადმოდით, სულ ყველა აქეთ გადმოდით... /შენ რომ იღებ, იმ მეორეს აღარ უნდა?!.../ შეგხვდებათ, ყველას შეგხვდებათ, რა იყო...” (სტილი დაცულია)
ქუჩაში გამოსული დევნილები ითხოვდნენ თითქმის ყველაფერს, რადგანაც პრაქტიკულად არაფერი გააჩნდათ. მით უმეტეს მათ, ვისაც თბილისში ნაცნობიც კი არ ჰყავდა:
(ხალხის ხმა) ”... თეთრეული, ლოგინი, თეფში, ჭიქა, ჭურჭელი, ქალის ფეხსაცმელი, ბავშვის ფეხსაცმელი, მამაკაცის შარვლები, თეთრეული, პამპერსები - პატარა ბავშვები გვყავს, პროდუქტები...” (სტილი დაცულია)
უდავოდ, უმძიმესი დრო იყო, მაგრამ ცოცხლად გადარჩენის ემოცია მაინც ანეიტრალებდა ყველანაირ გასაჭირს, გარდა ერთისა. განსაკუთრებით უჭირდათ მათ, ვისაც ომმა ნათესავები და ახლობლები დააკარგვინა:
(ილია სამადაშვილი) ”...რიტა 11 წლისაა, ვალერი - 7 წლისა, ნიკალი 6 წლისა ხდება ახლა... უცბად გამოვგზავნეთ სოფლიდანა, რო იბომბებოდა ჩვენი სოფელი და მერე იმის შემდეგ ვეღარ ვნახე... სად წავიდნენ, აღარ ვიცი უკვე...” (სტილი დაცულია )
სოფელ ტირძნისიდან დევნილ ილია სამადაშვილს გაუმართლა, მან სამი შვილი და მეუღლე 6 დღეში თბილისში იპოვა და პირველი იყო იმ გახარებულ ადამიანებს შორის, რომლებსაც ერთმანეთი რადიო ”თავისუფლების” ეთერით გასულმა სიუჟეტებმა მალევე აპოვნინა. სხვებს კი უფრო დიდხანს მოუხდათ ნერვიულობა, ვიდრე სახელმწიფო დარეგისტრირებული დევნილების მონაცემთა ბაზას შექმნიდა და დაკარგულთა მოძებნის რამდენიმე პროექტი ამოქმედდებოდა.
დევნილების მოვლა-პატრონობა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაავალა დეპუტატ კობა სუბელიანს, რომელიც მოგვიანებით ისევ დაუბრუნდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტს. სუბელიანი იხსენებს, რომ დახმარების თხოვნით მას დღეში დაახლოებით 600 ადამიანი ურეკავდა:
(სუბელიანის ხმა) ”ჩვენ 48 საათის თავზე შევძელით მობილიზება და ძეხვისა და პურის დარიგება დავიწყეთ 700-მდე ობიექტში... და, წარმოიდგინეთ, 700 მისამართზე, ელემენტარულად, ჯერ მარტო კონვერტის მიტანაც კი რამხელა მენეჯმენტს გულისხმობს... ახლა, ამ გადასახედიდან, თითქოს ადვილად ვსაუბრობ, თორემ ეს იყო რაღაც ჯოჯოხეთი... კინაღამ ჭკუიდან ავიწიეთ ყველანი, დიდიან-პატარიანად... ფაქტიურად, ფეხზე გვეძინა...” (სტილი დაცულია)
დევნილების მიმართ თბილისში და, საერთოდ, მთელ საქართველოში, საოცარი გულისხმიერება გამომჟღავნდა. გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა ყველა, ვისაც რითი შეეძლო - საკვები იქნებოდა ეს თუ ტანსაცმელი. პარალელურად, ნაომარ საქართველოში სულ უფრო მეტ ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნიან მეგობარი ქვეყნებიც. უცხოელი ექსპერტების შეფასებით, ამ ძალისხმევის შედეგად, საქართველო ჰუმანიტარულ კატასტროფას, ასე ვთქვათ, ბეწვზე გადაურჩა. მაგრამ, უზარმაზარი ძალისხმევის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც დარჩა უამრავი პრობლემა. მაგალითად, დევნილები ხშირად უკმაყოფილო იყვნენ მომარაგებით. ზოგი ჩიოდა - ჩვენამდე არაფერი მოდისო, ზოგსაც შიმშილი ერჩია მუდმივად ძეხვითა და ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული, მათი თქმით, მეტად უგემური პროდუქტით კვებას. ძირითადი წუხილი უკავშირდებოდა იმას, რომ ბავშვები მიწოდებულ სურსათს საერთოდ არ ეკარებოდნენ. პრობლემას ქმნიდა რაციონში ხილისა და რძის ნაწარმის დეფიციტი. გარდა ამისა, აშკარად იგრძნობოდა საწოლებისა და ლეიბების ნაკლებობა. განსაკუთრებით საწყის ეტაპზე იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შესახლებულ დევნილებს პირდაპირ მერხებსა და იატაკზე, ლეიბების გარეშე ეძინათ. ეს ის პრობლემებია, რომლებზეც სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც ხშირად საუბრობდა.
შემდეგ, თანდათან, ამ პრობლემების დიდი ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი შემოწირულობების წყალობით მოიხსნა. თუმცა მაინც უმძიმესი შთაბეჭდილება დარჩა ევროსაბჭოს კომისარს ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგს, როცა მან თბილისში 14 ნოემბერს კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები მოინახულა. შთაბეჭდილებები ევროსაბჭოს კომისარმა 16 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც ასახა.
(ჰამარბერგის ხმა) ”იმ დევნილებს, რომლებიც ახლა ვერ ბრუნდებიან თავიანთ სახლებში, უნდა ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა... ამ დილით ვიყავით ერთ-ერთ კოლექტიურ თავშესაფარში, სადაც 800-მდე იძულებით ადგილნაცვალი პირი ცხოვრობს. მე ჯერაც უკმაყოფილო ვარ მათი ცხოვრების პირობებით... ვთვლი, რომ ეს პირობები არადამაკმაყოფილებელია. იქ არ იყო გათბობა და ეს დიდი პრობლემა იქნება. ელექტროგაყვანილობის სისტემა ძალიან ზერელედ არის გაკეთებული, მისი გაყვანა თავად დევნილებს მოუხდათ... ისინი არასაკმარისად არიან უზრუნველყოფილი მატერიალურადაც... მათ ჰქონდათ ლეიბები და თითქმის არაფერი ლეიბების გარდა. მათი პირობები უნდა გაუმჯობესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები გაწვალდებიან, ძალიან გაწვალდებიან ზამთარში.”
პრობლემა რომ ჯერ ისევ ბევრია, ამას არც კობა სუბელიანი მალავს, აწ უკვე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, თუმცა ცივი ზამთრისთვის მზადების პრიორიტეტულ მიზანს მიღწეულად მიიჩნევს. სუბელიანს ჰამარბერგის ანგარიში მწვავედ არ ეჩვენება:
(სუბელიანის ხმა) ”თქვენ წარმოიდგინეთ, ჰამარბერგი რას დაწერდა, ჩვენ რომ ის არ გაგვეკეთებინა, რაც გავაკეთეთ... ჩვენი მთავარი მიზანი იყო ის, რომ კარვებიდან ხალხი გამოგვეყვანა და ზამთრამდე მოგვესწრო მშენებლობის დასრულება და თბილ სახლებში შეგვეყვანა... ჰამარბერგის ნაწერი არის ძალიან დიდი კომპლიმენტი, აი, ამ თვალით თუ დავინახავთ... ახლა, ვიღაცამ შეიძლება ააფრიალოს და სხვა კუთხით შეხედოს... ჩვენ იმაზე მეტი შევძელით, ვიდრე ეს შეიძლებოდა ვინმეს წარმოედგინა. ვინმემ არ იფიქროს, თავს ვიქებდეთ... ეს ფაქტია: თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროისთვის 18 ათასი ადამიანი უკვე საკუთარ ბინებში ცხოვრობს (ჩვენ ავაშენეთ და საკუთრებაში დაგავეცით მათ); დანარჩენები იმ ”კომპაქტურებში” არიან, რომლებიც მეტ-ნაკლებად კეთილმოწყობილია და ზოგი კიდევ - ნათესავებთან... ჩვენ ყველას დავაკმაყოფილებთ.” (სტილი დაცულია)
შეგახსენებთ, რომ დევნილების დაბინავებაზე ზრუნვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაახლოებით 2 თვის წინ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს დაავალა. სასწრაფოდ დაიწყო ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენა, ხოლო გორის, კასპის, ქარელისა და მცხეთის რაიონებში დევნილთა ახალი დასახლებების მშენებლობები გაჩაღდა. დაახლოებით 2 თვეში ახალი სოფლები გაჩნდა, სადაც დევნილების ეტაპობრივი ჩასახლება დაიწყო. 24 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე მერაბიშვილმა საზოგადოებას აცნობა, რომ დავალება 95%-ით არის შესრულებული, ხოლო 100%-იანი მაჩვენებელს გაზაფხულიდან უნდა ველოდეთ.
სხვა საკითხია, რომ ბევრს ისევ სადავოდ ეჩვენება ასეთ სწრაფ ტემპში აშენებული სახლების ხარისხი, ისევე როგორც კომპენსაციების საკითხი. მათ, ვინც უარი თქვა დევნილთა დასახლებებში ცხოვრებაზე, უბრალოდ, არ ესმის რატომ სთავაზობს სახელმწიფო მათ 10 ათასი დოლარის ეკვივალენტ ლარს, მაშინ როცა ერთი სახლის აშენება 17 ათასი დოლარის ეკვივალენტი თანხა დაჯდა. აქვე ვთქვათ, რომ, კომპენსაციების გაზრდის მოთხოვნით, 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შენობასთან დევნილთა საპროტესტო აქციაც კი გაიმართა.
ერთი სიტყვით, საქართველომ დევნილთა პრობლემები გასულ წელიწადს ვერ გაატანა. აშკარაა, რომ ახალი, ისევე როგორც ძველი დევნილების თემა ქვეყანაში 2009 წელსაც მეტად აქტუალური იქნება და კიდევ ძალიან ბევრჯერ შეგვახსენებს, რომ მშვიდობა შეუფასებელია:
(დევნილი ქალის ხმა) ”ახალ წელს... რა ვიცი... მშვიდობიანი ახალი წელი გვინდა, რომ გაგვითენდეს... ყველას მშვიდობას ვუსურვებ...”

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG