Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზის გარშემო დავას ბოლო არ უჩანს...


ევროკავშირს ზედიზედ მეათე დღეა, არ მიეწოდება რუსეთის გაზი უკრაინის ტერიტორიის გავლით. კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით,

მოსკოვი საგანგებო სამიტის ინიციატივით გამოდის. წინასწარ ჯერ-ჯერობით მარტო ის არის ცნობილი, რომ გაზის მიწოდება კვირის ბოლომდე არ აღდგება.

ევროპელების დიდ ნაწილს კიდევ რამდენიმე დღე მაინც მოუწევს სიცივის ატანა. ვითარება, საუკეთესო შემთხვევაში, შაბათს შეიცვლება კრიზისისადმი მიძღვნილი სამიტით, რომელსაც მოსკოვი უმასპინძლებს მისივე ინიციატივით. ამ ინიციატივით გუშინ გამოვიდა პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი:

[მედვედევის ხმა] “გამოვდივარ წინადადებით, შაბათს, ამა წლის 17 იანვარს მოსკოვში გაიმართოს სამიტი იმ ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა მონაწილეობით, რომლებიც გაზს იღებენ რუსეთის ფედერაციიდან, ან არიან სატრანზიტო სახელმწიფოები.”

მედვედევის პრეს-მდივნის განცხადებით, მოსაწვევები უკვე გაუგზავნეს ევროპის იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც რუსეთიდან გაზის იმპორტს, ან ტრანზიტს ახორციელებენ. თუმცა, ნათელი არ არის, მიიღებს თუ არა ასეთ სამიტში მონაწილეობას უკრაინა.

პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმშოენკომ გუშინ მიანიშნა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია გაზის გარშემო დავისადმი მიძღვნილი შეხვედრის გამართვა მოსკოვში, ან თუნდაც კიევში: [ტიმოშენკოს ხმა] “ერთადერთი ის მინდა, რომ სამიტი გაიმართოს ევროპის რომელიმე დედაქალაქში, მაგრამ არა - დავაში ჩართულ ქვეყანაში”.

კრიზისისადმი მიძღვნილი სამიტის რუსეთში გამართვის წინააღმდეგია უკრაინის პრეზიდენტიც, ვიქტორ იუშჩენკო. მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრი ტიმოშენკო დაყაბულდა უკრაინის მონაწილეობას ორმხრივ შეხვედრაში სამთავრობო დონეზე. ის სამიტის დღესვე - 17 იანვარს უნდა გაიმართოს მოსკოვში, რაზეც გუშინ მიაღწიეს თანხმობას უკრაინის და რუსეთის პრემიერ-მინისტრებმა. მანამდე კი პრემიერ-მინისტრი პუტინი ჩავა გერმანიაში კანცლერ ანგელა მერკელთან შესახვედრად.

როგორც მერკელმა დღეს ბერლინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: [მერკელის ხმა] “გერმანიას რაც შეეხება, რუსეთთან გვაქვს გრძელვადიანი კონტრაქტები და ამიტომ ვერ შევძლებთ სრული ალტერნატივის მოძებნას. მაგრამ ვფიქრობ, მთლიანობაში არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი ნაწილობრივ დაკარგავს მის მიმართ ნდობას - გაზის მოწოდების ძალიან დიდი ხნით შეჩერების გამო. მე ხვალ რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს ვესაუბრები იმის შესახებ, რომ საჭიროა ზრუნვა ნდობის გამყარებაზე”.

გერმანიაში ვიზიტამდე ვლადიმირ პუტინმა გერმანიის ტელევიზიასთან ინტერვიუში გამოთქვა ინიციატივა, შეიქმნას საერთაშორისო კონსორციუმი, რომელიც დაიქირავებდა უკრაინაზე გამავალ გაზსადენებს და მონაწილეობას მიიღებდა მათს პრივატიზაციაში - თუ ეს უკრაინას სურსო, დასძინა პუტინმა... მაგრამ უკრაინას ასეთი სურვილი არა აქვს - ყოველ შემთხვევაში, აქამდე ყოველთვის გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მისწრაფებას უკრაინის მილსადენების სისტემის გარე კონტროლს დაქვემდებარებისაკენ.

ამდენად, უთანხმოება გრძელდება და ჯერ-ჯერობით არც მისი მოგვარების რეალური შანსი ჩანს. ბევრი გამოთქვამს შეფასებას, რომ ევროპელების დიდ ნაწილს მოუწევს იანვრის მეორე ნახევარშიც გათბობის გარეშე აიტანოს უჩვეულოდ მკაცრი ზამთარი.

უკრაინის გავლით გაზის ექსპორტის, აგერ უკვე, მეათე დღე შეჩერებით, რუსეთი ერთი მხრივ ცხადჰყოფს ევროკავშირის პოზიციის სისუსტეს... მაგრამ მეორე მხრივ შესაძლოა, არანაკლებ ზიანს აყენებედეს საკუთარ თავს, როცა ევროპელებს სხვა გამოსავალს პრაქტიკულად არ უტოვებს გარდა იმისა, რომ შეამცირონ, მინიმუმამდე დაიყვანონ რუსეთიდან იმპორტთან დაკავშირებული რისკი.

ამჟამინდელი კრიზისის ერთადერთი სასურველი გრძელვადიანი შედეგი რუსეთისთვის, შესაძლოა აღმოჩნდეს უკრაინის დასავლეთთან ინტეგრაციის პერსპექტივის გაუარესება. მაგრამ საეჭვოა, მოსკოვისთვის საკმარისი იყოს ეს შედეგი.

ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, რომელიც მან გუშინ, ევროპარლამენტში გამოსვლისას გააკეთა, რუსეთისა და უკრაინის მიმართ ნდობას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. უნდა ითქვას, რომ ბაროზუმ საკმაოდ დიდი დრო და ენერგია მოახმრა დავაში ჩართული მხარეების რაიმე გამოსავალზე დაყოლიებას და ამჟამინდელ ვითარებას უკვე “მიუღებელს და დაუჯერებელს” უწოდებს.

ბოლო 4 წლის მანძილზე უკვე მესამედ ხდება, რომ ევროპის ქვეყნები ზარალდებიან რუსეთის მიერ ექსპორტის შეჩერებით 2006 წელს უკრაინასთან, 2007-ში ბელორუსიასთან, წელს ისევ უკრაინასთან უთანხმოების გამო. სამივე შემთხვევაში უთანხმოება ტრანზიტის პირობებს უკავშირდება.

რა საბოლოო მიზანიც უნდა ჰქონდეს რუსეთს, ჩვენი რადიოს ანალიტიკოს აჰტო ლობიაკასის შეფასებით, მოსკოვის ტაქტიკა უაღრესად საზიანოა თვით მოსკოვისთვის: კომერციულად წამგებიანი, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპის მკვეთრ უკმაყოფილებაზე და შესაბამისად მოქმედებისთვის მზადყოფნაზე.
განუწყვეტლივ ისმის მოწოდებები რუსეთის გაზზე ევროპის ქვეყნების დამოკიდებულების შემცირებისაკენ. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა ბრიუსელში 12 იანვარს გამართული შეხვედრის დროს მხარდაჭერა გამოუცხადეს ენერგომომარაგების მარშრუტებისა და წყაროების დივერსიფიკაციას.

ამ ფონზე, სულ უფრო იზრდება “ნაბუკოს” სახელწოდებით ცნობილი, რუსეთისთვის გვერდის ამვლელი გაზსადენის პროექტის განხორციელების პერსპექტივა, მითუმეტეს, რომ “ნაბუკოს” მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ჩეხეთის რესპუბლიკა.

ამ მხარდაჭერაზე ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში საუბრობდა ჩეხეთის ვიცე-პერმიერი, ალექსანდერ ვონდრა. იანვარში, უკრაინის გავლით რუსეთის გაზის ექსპორტის შეწყვეტამ გეგმას უდავოდ შესძინა აქტუალობა.
XS
SM
MD
LG