Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონალური მედიის მიმოხილვა


2009 წლის დასაწყისი საკმაოდ რთული აღმოჩნდა რეგიონალური გაზეთებისთვის.

ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, რამდენიმე გაზეთი ამ წელს ჯერ არ გამოსულა და ისინიც, რომლებიც გამოდიან, სამკვდრო–სასიცოცხლო საფრთხის პირისპირ დგანან. ჯერჯერობით არ გამოდის და ფინანსურ კრიზისთან ბრძოლის სტრატეგიას ამუშავებს რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალება: გაზეთი ”ბათუმელები“, ქუთაისური „ახალი გაზეთი“, ახალციხის ორენოვანი – ქართულ-სომხური – გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“, ფოთის „რეზიუმე“, გორის „ქართლის ხმა“. მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რამდენადაც მაღალია რეგიონალური პრესის პროფესიული ხარისხი, თითქმის იმდენადვე დაბალია მისი მდგრადობის ხარისხი.

და მაინც, რეგიონალური მედია დღევანდელ მდგომარეობაშიც იძლევა საშუალებას, ვიცოდეთ, რა ხდება საქართველოში. ყველაზე ხმაურიანი ამბავი გურჯაანში მოხდა: პოლიციის უფროსი სოსო მარტაშვილი ორი დღის განმავლობაში – სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი – ჟურნალისტებს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდა. ეს ფაქტი გააშუქეს გურჯაანის ტელეკომპანიამ, რადიო „ჰერეთმა“ და კახეთის საინფორმაციო ცენტრმა. გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც მარტაშვილი პირდაპირი ტექსტით აგინებს ჟურნალისტებს. ჩვენი კოლეგების საჯარო კომენტარების თანახმად, მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე, მსგავსი შეურაცხყოფა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მათთვის არავის მიუყენებია. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, კახეთის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა რადიო „ჰერეთს“ განუცხადა: „ეს ამბავი მედიის საშუალებით გავიგე. თუ ფაქტი მართალია, ვწუხვარ, მაგრამ, ზოგადად, საკითხი გადასამოწმებელია“. ვიდრე გადამოწმება ჭიანურდება, კახეთში მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ პოლიციისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები უთვალთვალებენ და რომ მათზე ტერორი გრძელდება. გურჯაანის პოლიციის უფროსი კი პოსტს დღემდე ინარჩუნებს.

ამასობაში, მედია იტყობინება, რომ გურჯაანის საკრებულოში ერთი ახალი ფრაქცია შეიქმნა, ქობულეთის საკრებულოში კი – ორი. სავარაუდოდ, ახალ ფრაქციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის საკრებულოებში ნინო ბურჯანაძის მომხრეები ქმნიან, რომლებიც მმართველი პარტიის რიგებს ტოვებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი და გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ იუწყებიან, რომ 2009 წლიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ხელფასები იზრდება. ამ ცვლილებას საფუძვლად საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება უდევს. დოკუმენტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარეების ყოველთვიური ხელფასის ზედა ზღვარი 2360 ლარი იქნება, უმცროსი საჯარო თანამდებობის პირების ხელფასის ქვედა ზღვარი კი 400 ლარს მიაღწევს. შესაბამისად, ხარაგაულის 2009 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო მომსახურების ხარჯი მთლიანი ბიუჯეტის 43%–ია და ყველა სხვა ცალკე აღებულ ხარჯს რამდენჯერმე აღემატება.

ხელისუფლების ყოფილ წევრს, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ეხება ფოთის გაზეთის, „თავისუფალი სიტყვის“, სარედაქციო სტატია. დავით შურღაია ორ თვეზე მეტია, დაკავებულია ნარკოტიკების შენახვა–მოხმარების და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. მეორე ბრალდება მისი მკურნალობისთვის გადარიცხულ 907 ლარს უკავშირდება ბიუჯეტის იმ მუხლიდან, რომელიც სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი. სტატიის ავტორის აზრით, ამ თანხის გაცემის გამო, შესაძლოა, პრობლემა ფოთის მერსაც შეექმნას და შურღაიამ მასთან დაპირისპირებული ვანო საღინაძეც თან შეიყოლოს საპყრობილეში.

მიმოხილვის ბოლოს ისევ ვუბრუნდებით იმ ფაქტს, რომ ხუთი რეგიონალური გაზეთის გამოცემა ერთდროულად შეჩერდა. იქნებ, ამ გაზეთების პრობლემებით, რადიო ”თავისუფლების“ გარდა, სხვა მედიასაშუალებებიც დაინტერესდნენ.
XS
SM
MD
LG