Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა რუბლის დევალვაცია მოახდინა


რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ევროსა და დოლარის მიმართ რუბლის დევალვაცია მოახდინა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის თქმით, მან ახალი ქვედა ზღვარი დაადგინა დოლარის მიმართ რუბლის ვარდნისთვის - 36 რუბლი ერთი დოლარისთვის. ეს გახლავთ უკანასკნელი და ყველაზე მასშტაბური დევალვაცია მინი-დევალვაციების სერიაში, რომელსაც რუსეთის ცენტრალური ბანკი ნოემბრის შემდეგ აწარმოებს. რუსეთი იძულებულია ამ ნაბიჯზე წავიდეს, რათა მისი ვალუტა მოერგოს ნავთობის უკიდურესად შემცირებულ ფასებსა და ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მძიმე ვარდნას უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე.

რუბლის ახალი დევალვაციის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს გამოაცხადა. ამავე დროს მან ვალუტით მოვაჭრეებს აუწყა, რომ ეს იქნება უკანასკნელი ასეთი აქცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

ცენტრალური ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის რუბლს ვარდნის საშუალებას მისცემს, რათა მან თავისით გამონახოს ახალი დონე ევროსა და დოლარის მიმართ. მაგრამ ითქვა აგრეთვე, რომ რუსეთის ვალუტას დოლარისთვის 36 რუბლზე დაბლა ვარდნის საშუალებას არ მისცემენ. თუკი რუბლი ამ ზღვარს გასცდება, მაშინ ცენტრალური ბანკი ჩაერევა საქმეში და უცხოური ვალუტის რეზერვს გამოიყენებს რუბლის შესასყიდად და ამ გზით მის გასამყარებლად.

თუკი რუბლი მართლაც დაეცა ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვრამდე, ეს ყველაზე დიდი დევალვაცია იქნება ნოემბრის შემდეგ და დაახლოებით ათ პროცენტს შეადგენს.

რუბლმა უკვე დაკარგა ღირებულების 24 პროცენტი დევალვაციის პროცესის დაწყებიდან მოკიდებული. ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში ის აღარ გეგმავს დევალვაციას. ეს იმას მიანიშნებს, რომ, ბანკის აზრით, რუბლმა უკვე მიაღწია იმ დონეს, როცა მას შეუძლია გაუძლოს გლობალურ ფინანსურ კრიზისს.

ჩვენი რადიოს რუსული რედაქციის ეკონომიკური ექსპერტის, სერგეი სენინსკის თანახმად, ცენტრალური ბანკის მიერ რუბლის დევალვაცია ორი ფაქტორითაა განპირობებული:

[სენინსის ხმა] "ერთი მხრივ, ნავთობის ექსპორტი რუსეთისთვის შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. ამიტომ, როცა მისი ფასი ეცემა, ბუნებრივია, რომ ვალუტამაც რაიმე სახით უნდა მოახდინოს მასზე რეაგირება. მეორე მხრივ, გასული წლის აგვისტოდან მოკიდებული, - საქართველოში სამხედრო მოქმედებების შემდეგ, - რუსეთიდან უკიდურესად სწრაფი ტემპით დაიწყო გადინება კაპიტალმა. უცხოელმა ინვესტორებმა თავიანთი კაპიტალის გატანა დაიწყეს. ასე რომ, ეტაპობრივი დევალვაცია რუსეთის საფინანსო პოლიტიკის მესვეურების - უპირველეს ყოვლისა, ცენტრალური ბანკის - მხრიდან იყო იმის ცდა, რომ შეაჩერონ რუბლის ძალზე სწრაფი ვარდნა, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა."

შეგახსნებთ, რომ ბარელი ნავთობის ფასი ივლისში 140 დოლარზე მეტი იყო, დღეს კი ის 40 დოლარს ოდნავ აღემატება. ამან სერიოზულად შეამცირა რუსეთის უცხოური ვალუტის რეზერვები.

მოსკოვს არ დაუმალავს, რომ ვითარება საგანგაშოა. ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოთქვა შიში, რომ რუსეთის 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, თუკი ნავთობის ფასი 70 დოლარზე დაბალი იქნება.

ამასობაში სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია რუსეთიდან კაპიტალის გადინებას. გასულ წელს ის 130 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ერთი მხრივ, ეს აიხსნება იმით, რომ უცხოური ბიზნესი ტოვებს რუსეთს და უფრო უსაფრთხო ბაზრებს ეძებს. მეორე მხრივ კი იმით, რომ თავად რუს ბიზნესმენებსაც ჩვევიათ შემოსავლის ნაწილის უცხოეთში გატანა უსაფრთხოების მოსაზრებებით.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, ანდრეი კლეპაჩის თანახმად, წელს მოსალოდნელია ეკონომიკის შემცირება 0,3 პროცენტით.

რა დონეზე შეიძლება მოხდეს რუბლის საბოლოო სტაბილიზაცია? ჯერჯერობით ამ კითხვაზე არავის შეუძლია პასუხის გაცემა.

პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა არკადი დვორკოვიჩმა ახლახან განახცადა, რომ, მისი აზრით, რუბლის სტაბილიზაცია ერთ დოლართან მიმართებაში 35-ის ფარგლებში მოხდება.

მაგრამ, როგორც ჩანს, კრემლი მთლად დარწმუნებული არ არის ამ წინასწარმეტყველების სისწორეში და რუბლისთვის თავისუფალი ვარდნის დაშვებას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG