Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში დაიწყო რიგით მეოთხე რაუნდი კონსულტაციებისა საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით


ჟენევაში დაიწყო რიგით მეოთხე რაუნდი კონსულტაციებისა საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით.








ამ კონსულტაციებში საქართველოს დელეგაციას ამჯერადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო კონფერენციის ფორმატის ფარგლებში,საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად, დისკუსიებში მონაწილეობას იღებენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები; ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების - გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის - და რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები.


როგორც უკვე ვთქვით, ეს არის კონსულტაციების მეოთხე რაუნდი... მასზე მხარეები არ არიან წარმოდგენილნი რაიმე სტატუსით. საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად, კონსულტაციებში მონაწილეობას იღებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია.

აქვე ვიტყვით, რომ კონსულტაციები ჟენევაში 2 დღიანია. როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის - წარმომადგენელმა ნადეჟდა ხოლიკოვამ განაცხადა, ევროკავშირი დაინტერესებულია ჟენევის შეხვედრებზე მხარდაჭერილ იქნეს საქართველოს კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო ორგანიზაციების - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ეუთოსა და ევროკავშირის - ყოფნა. ჩეხეთის წარმომადგენელმა ეს ჟენევის კონსულტაციების დაწყების წინ ევროკავშირი-რუსეთის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

რუსეთის და მასთან ერთად სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლებების წარმომადგენლების პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით ცნობილია. მათი მოთხოვნაა საერთაშორისო მისიების წარმომადგენლობების საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული იქნეს ახალი რეალობა, რაც აგვისტოს ომმა განაპირობა: გაეროს მისიას აფხაზეთში ერქვას გაეროს მისია აფხაზეთში, ხოლო უეთოს მისიას ცხინვალში - მისია სამხრეთ ოსეთში.მიუხედავად იმისა, რომ გაეროს მისიის მანდატი ავტომატურ რეჟიმში 4 თვით იქნა გაგრძელებული, ახალი რეალობის გათვალისწინების მოთხოვნა რუსეთს უკან არ წაუღია. ამასთან, მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი ერთიანად უპირისპირდებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორების დაშვებას ისე, როგორც ამას მათ მანდატი ავალდებულებთ..

მაგრამ საერთაშორისო მისიების საკითხით არ ამოიწურება ჟენევის კონსულტაციებზე განსახილველ საკითხთა წრე. ჟენევაში კონსულტაციების წინა, მესამე, რაუნდზე იყო მცდელობა მიღწეულიყო შეთანხმება ინციდენტების აღკვეთისა და გამოძიების ერთობლივი მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით. საქართველოს დელეგაცია დაჟინებით მოითხოვდა საერთაშორისო დამკვირვებლებს ჰქონოდათ ინციდენტების ადგილას შესვლის უფლება, მათ შორის - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებზე ინციდენტების გამოსაძიებლად. გარკვეულ საკითხებზე პოზიციათა დაახლოების მიუხედავად, კონსულტაციების წინა, რიგით მესამე, რაუნდზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული... როგორც მაშინ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, შეთანხმება დაბლოკეს რუსეთისა და სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებმა.. საქართველოს დელეგაცია შეეცდება ამჯერად მაინც მიაღწიოს შეთანხმებას ინციდენტების აღკვეთისა და გამოძიების ერთობლივ მექანიზმზე. ამის შესახებ კონსულტაციების დაწყების წინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გადაიდგას პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით, რასაც ჰქვია მონიტორინგი დღეს ოკუპირებულ ტერიტოერიაზე, და თქვენ იცით, შესაბამისი დოკუმენტი დაბლოკილი იქნა რუსეთის და მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლების მიერ ... ვნახოთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადაიდგას ეს პატარა ნაბიჯი მაინც. ”(სტილი დაცულია)


გიგა ბოკერიას მიერ ნახსენები საკითხის გარდა, წინასწარი ცნობებით, ჟენევის კონსულტაციებზე წამოიწევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების დაცვისა და, ამასთან, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებისთვის შესაბამისი წინაპირობების შექმნის საკითხი.

ვნახოთ, რამდენად იქნება წინსვლა საერთაშორისო კონსულტაციებზე.. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ჟენევის შეხვედრებს არ მოჰყოლია კონკრეტული შეთანხმებები, როგორც საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, ჟენევის მოლაპარაკებები არის ერთადერთი ეფექტიანი ფორმატი დიალოგისა, რომლის ფარგლებშიც ხდება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხების განხილვა საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG