Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შიდაპოლიტიკური გამოწვევები და ხელისუფლების მიერ დაპირებული დემოკრატიული რეფორმების ”ახალი ტალღა”


შარშან, როცა საქართველოს რუსეთის რეგულარულმა არმიამ შემოუტია, მიხეილ სააკაშვილის ოპოზიცია შეთანხმდა გარკვეული ხნით გამოეცხადებინა მორატორიუმი ხელისუფლების კრიტიკაზე და ეს პირობა დაიცვა კიდეც.

ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოსვლისა და მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით მოხერხდა რუსეთის არმიის უკან დახევა თბილისის მისადგომებიდან, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მძაფრმა კრიტიკამ სტარტი აიღო და პროცესები უკვე აპრილში დაპირებულ საპროტესტო გამოსვლებს უახლოვდება. ხელისუფლება სიმშვიდის დემონსტრირებას ცდილობს, პრეზიდენტი მთავრობას ღიად, პირდაპირ ეთერში საქმეზე - ბიუჯეტში არსებულ მდგომარეობაზე, მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებზე - ელაპარაკება, თუმცა საგრძნობია, რომ ისიც, აპრილის საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების არ იყოს, 9 აპრილის მოლოდინშია.


პროცესი მიდის რუსთაველის პროსპექტზე ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანების გამოყვანისკენ, მაგრამ ეს სიახლე არაა. ადამიანებს აქვთ კანონიერი უფლება მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ პროტესტი და ეს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, არაერთხელ გაუკეთებია ათასობით ადამიანს, ათიათასობით ადამიანსაც. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის... უბრალოდ, საზოგადოებაში იმდენად ღრმად არის გამჯდარი განცდა, რომელიც რუსთაველზე სრულიად მშვიდობიანმა საპროტესტო გამოსვლებმა სხვადასხვა დროს წარმოშვა (1989 წლის 9 აპრილი, 1991 -1992 წლების მოვლენები, ”ვარდების რევოლუცია”), ძნელი გახდა იმის დაჯერება, რომ რუსთაველზე შეიძლება მივიდეს და დადგეს ბევრი ადამიანი და ამას არ მოჰყვეს სერიოზული ცვლილება, რევოლუციური ცვლილება. ეს განცდა დღესაც საგრძნობია, მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის ნოემბერში - შემდეგ 2008 წლის გაზაფხულზე - იყო დიდი საპროტესტო გამოსვლები და ამ გამოსვლებს არ მოჰყოლია რევოლუციური ცვლილება. და ახლა ყველა იმის მოლოდინშია, რა მოხდება აპრილში.

ახალი საპროტესტო გამოსვლების დაწყებას მიხეილ სააკაშვილი შარშანდელისგან განსხვავებული პოზიციით ხვდება: ის არის პრეზიდენტი ქვეყნის, რომელმაც აგვისტოში მორიგი მარცხი განიცადა რუსეთთან ომში და რომლის დედაქალაქთან, სულ რაღაც 30-იოდე კილომეტრში, რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას. აგვისტოს ომის უმძიმესი შედეგები პრეზიდენტისა და ხელისუფლების პოზიციას ასუსტებს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ სააკაშვილი არის იმ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც რუსეთთან ომის დროს ჩვეულებრივ რიტმში ფუნქციონირებდა.

2007-ის ნოემბერში, შემდეგ კი 2008 წლის გაზაფხულზე, საქართველოს ხელისუფლებას წასვლას და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ერთნაირად სთხოვდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია. 2007 წლის შემოდგომით ოპოზიციის გვერდით იდგა ბადრი პატარკაციშვილი, თავისი ტელევიზიით - იმდენად გვერდით, რომ, როცა მიხეილ სააკაშვილი გადადგა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, მისმა კონკურენტმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ ასე უპასუხა შეკითხვას: რა იქნება და როგორ იმუშავებს საქართველოს მთავრობა, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენ მოიგებთ?

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”როცა მოვალთ ჩვენ ხელისუფლებაში, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხაზინა იქნება გამოცარიელებული და ბადრი არის ის ადამიანი, ვისაც სწრაფად შეუძლია საქართველოს ეკონომიკის ამოწევა.” (სტილი დაცულია)


მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. შარშანდელი ოპოზიციური გაერთიანების ერთი ნაწილი დღეს საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენს და მხარს არ უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიციის გეგმებს. სამაგიეროდ, ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებში არიან ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები: პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი, ყოფილი ელჩები. ისინი, სააკაშვილის ძველ და რადიკალურ ოპონენტებთან ერთად, აცხადებენ, რომ ბრძოლა აპრილში უნდა იყოს მშვიდობიანი, მაგრამ ნერვების ომი, და ის აუცილებლად უნდა მივიდეს ბოლომდე - რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე. ხელისუფლების მოწოდებას დიალოგისკენ არასაპარლამენტო ოპოზიციური ერთობა არ იღებს, თავად კი ხალხს ერთს სთავაზობს: გაჰყვეს ლიდერთა ჯგუფს, რომლის უკანაც განსხვავებული მიმართულებების ძალები დგას, გაჰყვეს გაცილებით სამართლიანი და დემოკრატიული საქართველოსათვის ბრძოლაში. მსჯელობა საქართველოს მომავალზე, არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მერე უნდა მოხდეს.. და აი, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური რისკების მკვლევარი ბაკურ კვაშილავა:

[ბაკურ კვაშილავას ხმა] ”ის ფაქტი, რომ ოპოზიციური ძალების ხელმძღვანელები არ ამბობენ, რომ არსებობს ერთიანი კონკრეტული გეგმა, არ მიუთითებს იმაზე, რომ ეს გეგმა არსებობს. ეს მიუთითებს იმას, რომ ასეთი გეგმა, უბრალოდ, არ არსებობს, გამომდინარე იმ შეურიგებელი იდეური პოზიციებიდან, რომელიც მათ გააჩნიათ ერთმანეთს შორის. ესაა ობიექტური რეალობა. ჩვენ ვთანხდებით, რომ გავერთიანდეთ ერთადერთი მიზნით - არ გვინდა ეს მთავრობა, მაგრამ ამის იქით არაფერი გვაერთიანებს, გარდა ისეთი ღირებულებებისა, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებულია: : სამართლიანობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ.” (სტილი დაცულია)

ჩვენ გავიხსენეთ, რა თქვა შარშან გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დასახელებულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოედგინა საქართველოს ეკონომიკის ამოქაჩვა პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში. დღეს ამ და სხვა მიმართულების შემოთავაზებები აშკარად არ ჩანს, რადგან დღეს არ არის საარჩევნო კამპანია, დღეს 9 აპრილის კამპანიაა.. როგორ უნდა წარმოვიდგინოთ პროცესები სხვადასხვა სცენარების დაშვების შემთხვევაში? საქართველოს ხომ ახსოვს რევოლუციები...

[ბაკურ კვაშილავას ხმა] ”მსგავსი ცვლილება მინიმუმ 2 წლით გამოიწვევს დალოდინების პოლიტიკას დონორების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ფაქტობრივად, ქვეყნის სტაბილურობის მაჩვენებელია, რამდენად თანმიმდევრულია ქვეყნის მთავრობა. თუ ყოველ 2 წელიწადში გვაქვს რევოლუციები, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა არათანმიმდევრულია. რევოლუცია გამოიწვევს იმას, რომ დონორები აირჩევენ ლოდინის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ”(სტილი დაცულია)

მაგრამ საქართველოში იყო ”ვარდების რევოლუცია” და ფაქტია, რომ მან თავის დროზე, პირიქით, მკვეთრად გაზარდა საქართველოთი დაინტერესება - ის რეგიონის იმედის მომცემ ქვეყნად წარმოაჩინა. ბაკურ კვაშილავას ვკითხეთ, მისი აზრით, დონორების და საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულება რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს არარევოლუციური ცვლილების შემთხვევაში - თუკი მოცემულ სიტუაციაში, მშვიდობიანი აქციებით, სააკაშვილს აიძულებენ გადადგეს და დანიშნოს არჩევნები. ”გამომდინარე იქიდან, რომ ეს ოპოზიციური ძალები არიან განსხვავებული და არ არიან შეთანხმებული საერთო კონსენსუსზე, მე მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაშიც დადგება ლოდინის პოლიტიკა. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ”, - გვიპასუხა ჩვენმა რესპონდენტმა. ამასთან, ბაკურ კვაშილავას დაკვირვებით, იმათთვის, ვინც დღეს სააკაშვილის წასვლას ითხოვს, თვალშისაცემი უნდა იყოს ნიშნები იმისა, თუ როგორია შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოში ხელისუფლების შეცვლის საკითხისადმი და, აქედან გამომდინარე, ერთგვარ იძულების ტაქტიკას ჰგავს თავდასხმები ადმინისტრაციის ისეთ წარმომადგენელზე, როგორიცაა მეთიუ ბრაიზა.

და მაინც, მოცემულობა ასეთია: არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი საქართველოს მოსახლეობას არ სთავაზობს რევოლუციას, მაგრამ სთავაზობს გაყოლას გადამწყვეტ ბრძოლაში უკეთესი საქართველოსთვის. თან ამ უკეთესი საქართველოს პროექტები ბრძოლის დასრულების შემდეგ უნდა წარმოაჩინონ, თავისთავად, ერთმანეთისგან განსხვავებული. ხელისუფლების მთავარი ამოცანაა სტაბილურობის შენარჩუნება, ტაქტიკა კი - ისევ ლოდინი ვითარების დაშოშმინების, დაწყნარების, მაშინ როცა თბილისთან ახლოს რუსის ჯარი დგას. საქართველოს ხელისუფლების და ქვეყნის მთავარი გამოწვევაა არ მოხდეს ახალი 7 ნოემბერი. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შეცდომის განმეორებას არ აპირებენ, თუმცა უკვე ითქვა, რომ კანონის დარღვევა - მით უფრო, შტურმი - აღკვეთილი იქნება და... სადაა დაპირებული ”ახალი ტალღა” დემოკრატიული რეფორმების? ბაკურ კვაშილავას აზრით, რისკები საქართველოს წინაშე კიდევ დიდხანს იქნება და ამიტომ რისკების გადავლის მოლოდინი ვერ გაამართლებს დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის დაპირების გვერდზე გადადებას:

[ბაკურ კვაშილავას ხმა] ”დემოკრატიული განვითარების ახალი ტალღა თავის თავში მოიცავს ხელისუფლების შეცვლის რეალურ ალბათობას კონსტიტუციურ ჩარჩოებში. მსგავს რისკებზე ხელისუფლება უნდა წავიდეს და აჩვენოს საზოგადოებას, რომ დემოკრატიული ღირებულებები მისთვის არამეორეხარისხოვანია.”
XS
SM
MD
LG