Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები


პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სხვადასხვა საქმით დაკავებული მოქალაქეები საჯარო სივრცეში თუ პირად საუბრებში ხშირად სვამენ შეკითხვებს

აპრილში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ. ეს მეტად აქტუალური თემაა დღევანდელ საქართველოში. მინდა სავარაუდო სცენარების შესახებ გესაუბროთ.

დღეს ვცადოთ, მოვლენების შესაძლო განვითარებას ხელისუფლების პოზიციიდან შევხედოთ. ცნობილი მხოლოდ ორი რამ არის: საჯარო განცხადება, რომ ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბრის შეცდომას აღარ გაიმეორებს და მიხეილ სააკაშვილის ადვილად პროგნოზირებადი განზრახვა, რომ პრეზიდენტის პოსტი 2013 წლამდე შეინარჩუნოს.

ამ ვითარებაში შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელისუფლება, ერთი მხრივ, არ გეგმავს, საპროტესტო ტალღა ძალის გამოყენებით დაშალოს და, მეორე მხრივ, არც ხალხის მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას აპირებს. ამ ორ უკიდურესობას შორის არის შუალედური ვარიანტები, რომელთაგან ზოგი მეტად აგრესიულ ქმედებას გულისხმობს, ზოგიც – ნაკლებად აგრესიულს.

ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან აქცენტი კეთდება ოპოზიციონერების მიერ სხვა ქვეყნებიდან შემოსული ფულის მიღებაზე, რაც კანონით დასჯადია. აგრეთვე, ხელისუფლებამ რამდენჯერმე მიანიშნა მიტინგების შესაძლო არამშვიდობიან ხასიათზე. ნინო ბურჯანაძის ის განცხადებაც არავის უარუყვია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან თბილისურ ოჯახებში რეკავდნენ, თითქოს ბურჯანაძის შტაბის წარმომადგენლები იყვნენ, და ხალხს ეკითხებოდნენ, მიტინგზე იმ შემთხვევაშიც თუ გამოხვალთ, ძალის გამოყენება რომ მოგვიხდესო...

სავარაუდოდ, ეს აგრესიული სცენარები, რომლებიც ძალისმიერ ქმედებებს ეფუძნება, ოღონდ არა ხალხის, არამედ, ამჯერად, ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ, ხელისუფლებას პოლიტიკური პარტიების გასაფრთხილებლად სჭირდება. პარალელურად, ალბათ, უფრო „რბილი“ სცენარიც მუშავდება, რომელიც ოპოზიციის მხრიდან თანამონაწილეობას გულისხმობს.

კერძოდ, ოპოზიციონერი ლიდერების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ გადადგება, ეძებს „შუალედურ“ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შესაძლებელს გახდის პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვას. ამაზე ხმამაღლა საუბარი არაპოპულარულია, მაგრამ პოლიტიკური პროცესი აშკარად მოითხოვს მოვლენების განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობისთვის მზადებას.

შუალედურ გადაწვეტილებებს შორის, სავარაუდოდ, ბრძოლა ორი მიმართულებით განვითარდება: ხელისუფლებას ხელს აძლევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ოპოზიციისთვის კი საჭიროა არა საპარლამენტო არჩევნები, არამედ ორი ყველაზე გავლენიანი პირის: შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის გადაყენება.

ამიტომ, თუ ქართველი ხალხი უფრო რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ უკარნახებს ოპოზიციას, ბრძოლა სწორედ იმისთვის გაიმართება, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი გუნდი რეალურად შეიცვალოს თუ მხოლოდ ამის ილუზია შეიქმნას საპარლამენტო არჩევნების მეშვეობით.

თავად ხელისუფლება, უკვე დიდი ხანია, არჩევნებისთვის მზადების რეჟიმშია. ამას დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ სააკაშვილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მიაღწია, ის ამ არჩევნების წაგებას სულაც არ აპირებს. ერთი ფაქტორია, რომ, სავარაუდოდ, უცხოელი დამკვირვებლები ნაკლებად მიმტევებლები იქნებიან დარღვევების მიმართ. მაგრამ ამის საპირწონე ფაქტორი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, როგორ მიაცემინოს ხმა სახელისუფლო პარტიისთვის საქართველოს მოქალაქეების არცთუ მცირე ნაწილს. მით უმეტეს, რომ ხელისუფლება იმ დღისთვის, უკვე დიდი ხანია, ემზადება, ოპოზიცია კი ვერასოდეს ასწრებს არჩევნებს მომზადებული შეხვდეს.

ამიტომ ლოგიკურია, რომ ოპოზიციის არც ერთი სეგმენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იდეას არ დასთანხმდეს და შუალედურ ვარიანტად მხოლოდ პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის შეცვლა განიხილოს, რასაც არჩევნები სრულებით არ სჭირდება. თუ საპროტესტო მოძრაობის ფონზე შესაძლებელი გახდება ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ჩამოცილება მართვის სადავეებიდან, ამ ცვლილებამ უნდა შეცვალოს მართვის სტილიც და სახელისუფლო რეჟიმის ხასიათიც. მიხეილ სააკაშვილი კი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ, რეალურად შეკვეცილი უფლებებით.

ეს შუალედური სცენარები – საპარლამენტო არჩევნები ან პრეზიდენტის გუნდის ჩანაცვლება – მოქცეულია რადიკალურ სცენარებს შორის. მათგან პირველი გულისხმობს ძალის გამოყენებას ხელისუფლების მხრიდან ხალხის ან მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების მიმართ, მეორე სცენარი კი გულისხმობს თავად ხალხის მიერ პრეზიდენტის იძულებას, გადადგეს და საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს.

გამორიცხული არ არის, არსებობდეს კიდევ რაიმე სხვა შესაძლებლობა, რომელიც დღეს არ ჩანს, მაგრამ რომლის მიხედვითაც განვითარდება მოვლენები უახლოესი კვირების განმავლობაში.
XS
SM
MD
LG