Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაარბიეს პარლამენტის წინ განთავსებული სცენა და ტექნიკა


დარბეული სცენა და ტექნიკა
დარბეული სცენა და ტექნიკა
შაბათს, ღამით ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ დამონტაჟებული სცენა და ტექნიკა რამდენიმე ათეულმა პირმა დაარბია. შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები არ გამოჩენილან. 24 საათზე ოპოზიციის ლიდერები, რომლებმაც რამდენიმე საათის წინ ორშაბათამდე დაშალეს აქცია პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და საგანგებო ბრიფინგი მოაწყვეს, რომელიც სამაუწყებლო კომპანია ”მაესტროს” ეთერით გადაიცა პირდაპირ ეთერში.

შაბათს საღამოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ოპოზიციის ლიდერებმა განუცხადეს, რომ აქციები ორშაბათს განახლდებოდა. მიტინგი დაიშალა. ადგილზე აქტივისტთა მცირე ჯგუფი იმყოფებოდა. ცოტა ხანში ადგილზე
11 აპრილს მომხდარი ინციდენტის შემდეგ შეკრებილები გააღიზიანა გამვლელის შეძახილმა ”მიშა მაგარია”
ქალაქის დასუფთავების სამსახურის მანქანები გამოჩნდნენ. როგორც პარლამენტის წინ მყოფმა თვითმხილველებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გამოჩნდა რამდენიმე ათეული ხელკეტიანი ადამიანი, რომელმაც დაარბია როგორც სცენა, ისე იქ დამონტაჟებული ტექნიკა. შუაღამისას პარლამენტის წინ მოქალაქეებმა კვლავ დაიწყეს შეკრება. ისინი გააღიზიანა იმას, რომ რუსთაველის გამზირზე მიმავალი მსუბუქი ავტომანქანიდან უცნობმა პირებმა შეკრებილთა გასაგონად რამდენჯერმე დაიყვირეს ”მიშა მაგარია”. ოპოზიციის ლიდერებმა ხალხს მოუწოდეს არ აყოლოდნენ პროვოკაციას.

მოვლენის თვითმხილველი ”საქართველოს გზის” წევრი ნათელა მაჭავარიანი რადიო თავისუფლებას უყვება ნანახის შესახებ: “”დუბინკები” გარჭობილი და თან ყვითელი ფორმები ჩაცმული. ვითომ, ალაგებდნენ და რომ ვუთხარით ჩვენ - რატომ შვებით ამას, რატომ ანგრევთ და ”ასე გვიბრძანესო, რომ აალაგეთო”. უკანა სვლით დაამტვრიეს. მანქანებს აჯახებდნენ და ისე ამტვრევდნენ ამ ჯებირებს”. მაჭავარიანის თქმით, ისინი მივიდნენ, ”როგორც დამლაგებლები”. ოპოზიციის რამდენიმე წევრი, მათ შორის - სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ბათიაშვილი - შემთხვევით შეესწრნენ დარბევის ფაქტს. ისინი ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელ პეტერ სემნებისთან შეხვედრის შემდეგ სასტუმრო ”თბილისი მერიოტიდან” ქაშუეთის ეკლესიისკენ მიდიოდნენ. პარლამენტის წინ ოპოზიციონერებისა და ხალხის მისვლის შემდეგ დამრბევებმა დატოვეს ადგილი. ნათელა მაჭავარიანის თქმით, მათ ხელკეტების ხმარება ”ვეღარ გაბედეს”. თვითმხილველთა თქმით, დარბევაში 40-50 ადამიანი მონაწილეობდა. სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დამრბევებს სახე დაფარული ჰქონდათ. ზურაბიშვილს შაბათს მომხდარმა 2007 წლის 7 ნოემბერს დილით მოშიმშილეთა დარბევა გაახსენა. ასეთივე ემოცია გამოხატა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გოგა ხაინდრავამ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის დილით მომხდარი დარბევის თვითმხილველია. ის მაშინ დააკავეს კიდეც.

სალომე ზურაბიშვილს მომხდარმა 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილეთა დარბევა გაახსენა
რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრი დავით უსუფაშვილი რადიო თავისუფლებას უცხადებს, რომ მისი პირველი მოთხოვნა არის ვიდეო-ჩანაწერების გამოქვეყნება. როგორც ცნობილია, მიტინგების მიმდინარეობას რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავთა მიერ დამონტაჟებული ვიდეო-კამერები იღებს.

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ქალაქის მერიას თავად მიმართა თხოვნით, დაელაგებინათ გამზირი. შაბათს ღამით, ინციდენტის შემდეგ კი მან უკვე პოლიციას მიმართა თხოვნით, მისულიყვნენ ადგილზე და შეესწავლათ ვითარება, თუმცა, უარი მიიღო დაკავებულობისა და იმის მომიზეზებით, რომ პოლიციელთა გამოჩენა მომიტინგეთა შეკრების ადგილას დაძაბულობას გამოიწვევდა. მიუხედავად ამისა, სუბარი თვლის, რომ პოლიცია ადგილზე უნდა მისულიყო და შეესწავლა ვითარება. სუბარმა სამართალდამცავებს სთხოვა მათ მიერ დამონტაჟებული ვიდეო-კამერებით გადაღებული ჩანაწერები, თუმცა, ტექნიკური მიზეზის მოშველიებით, მას ჩანაწერების კვირას დილით მიწოდებას დაჰპირდნენ. სუბარმა გამოთქვა შიშობს, რომ გადაღებული კადრები დილამდე შეიძლება დამონტაჟებულიყო კიდეც.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG