Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს 11 აპრილის ინციდენტს იძიებს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ხელისუფლება ხელს არ შეუშლის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციის გაგრძელებას და დაიცავს საპროტესტო აქციის მონაწილეთა უფლებებს, მათ შორის დემონსტრანტთა მიერ აზრის გამოხატვის თავისუფლებას. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მისი თანამშრომლები თავიანთ მოქმედებებში ისევე თავშეკავებული იქნებიან, როგორც მშვიდობიანი დემონსტრაციების პირველი სამი დღის მანძილზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 11 აპრილს, გვიან საღამოს მომხდარ ინციდენტში არ მონაწილეობდნენ არც პოლიციისა და არც რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლები. კვირას, საგანგებო ბრიფინგზე გამოსვლისას, ზღულაძემ აღნიშნა, რომ ინციდენტი გამოძიებულ იქნება.
სივილ ჯორჯიას მიერ გადაღებულ ფოტოზე დაზიანებული აპარატურაა აღბეჭდილი

შაბათს საღამოს ოპოზიციის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ კვირას, ბზობასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია არ გაიმართებოდა და დემონსტრაცია მხოლოდ ორშაბათს განახლდებოდა, რის შემდეგაც მიტინგი დაიშალა. ცოტა ხანში, თვითმხილველთა ცნობით, პარლამენტის შენობასთან გამოჩნდნენ თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის მანქანები. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განმარტა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დემონსტრაციის ადგილის დასალაგებლად თავად საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა თხოვნით მივიდნენ.

პარლამენტის წინ მყოფმა თვითმხილველებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ დამლაგებელთა ჯგუფთან ერთად შემთხვევის ადგილზე მივიდა რამდენიმე ათეული ხელკეტიანი ადამიანი, რომლებმაც დაარბიეს როგორც სცენა, ისე იქ დამონტაჟებული ტექნიკა.
სოზარ სუბარი შიშობს, რომ დილამდე ვიდეომასალა შეიძლება დაამონტაჟონ


კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკმაყოფილა ოპოზიციის ლიდერებისა და სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის მოთხოვნა და გამოაქვეყნა პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები, რომელზეც აღბეჭდილია რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის მიერ გადაღებული მასალა. თუმცა, შაბათს საღამოს, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, სუბარმა გამოთქვა ვარაუდი, რომ გადაღებული კადრები დილამდე შეიძლება დამონტაჟებულიყო კიდეც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, როცა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასალაგებლად მივიდნენ, დემონსტრაციაში მონაწილე მოქალაქეებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შეხლა-შემოხლაში დაზიანებულ იქნა კომპიუტერები და აუდიოაპარატურა. თუმცა, სამინისტროს განცხადების თანახმად, სერიოზულად არავინ დაშავებულა. ინციდენტის გამოძიება გრძელდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG