Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზის ბაზარზე არა რუსეთმა, არამედ ევროპამ უნდა განსაზღვროს პირობები


ენერგეტიკის სფეროში ჩეხეთის საგანგებო დავალებათა ელჩი ვაცლავ ბარტუშკა
ენერგეტიკის სფეროში ჩეხეთის საგანგებო დავალებათა ელჩი ვაცლავ ბარტუშკა
ენერგეტიკის სფეროში ჩეხეთის საგანგებო დავალებათა ელჩია ვაცლავ ბარტუშკა. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ბარტუშკა, რუსეთისგან ევროკავშირის დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით, ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების საჭიროებაზე ლაპარაკობს.

2009 ვაცლავ ბარტუშკასთვის დაძაბული წელია. იმის პარალელურად, რომ მისი ქვეყანა ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარის როლს ასრულებს, ის ბუნებრივი აირის სფეროში რუსეთსა და უკრაინას, კიევსა და მოსკოვს შორის შუამავლობდა, როცა ევროპის ქვეყნებს გაზის მიწოდება შეუწყდათ. ბარტუშკა ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის დამოუკიდებლობის აუცილებლობისადმი თავისი მიდგომით, როგორც იტყვიან, “ქორია”. მისივე შეფასებით, მიზანსწრაფვა ყველგან და ყოველთვის ვერ პოულობს მომხრეებს. ჩვენს რადიოში სტუმრობისას მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსაზრება, რომ ევროკავშირს დაუყოვნებლივ სჭირდება გადადგას ნაბიჯები ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე. ბარტუშკამ გვითხრა, რომ წლევანდელი კრიზისი, ცივი ზამთრის პირობებში, როცა არაერთი ქვეყანა უგაზოდ დარჩა, არ იყო საკმარისად ხანგრძლივი და მძაფრი იმისათვის, რომ ევროკავშირს სრულად შეეგრძნო ამ სფეროში პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობა:

“გაზის მიწოდების სფეროში რამდენიმე კრიზისი გვჭირდება, რათა გამოვიღვიძოთ. იანვრის კრიზისი ხანმოკლე და მცირე იყო. მადლობას ვუხდი რუსეთის პრემიერ-მინისტრ პუტინს და მის კოლეგებს დახმარებისათვის, რომ შეგვექმნა ერთიანი ევროპული პოლიტიკა, რადგან მათი დახმარების გარეშე 27-ვე ქვეყანა ვერასოდეს ილაპარაკებდა ერთხმად, როგორც ეს იანვარში მოხდა.”

ბარტუშკა ხაზგასმით ამბობს, რომ ევროკავშირია რუსეთის გაზის მთავარი მომხმარებელი და, ამდენად, ევროპის კავშირი უნდა უკარნახებდეს აირის ბაზრის პირობებს და არა რუსეთი. მაგრამ იმის გამო, რომ დაქსაქსულნი ვართ, თითოეული ცალკე მოქმედებს, ვერ ვიყენებთ ამ საშუალებასო, ამბობს ბარტუშკა, რომელიც ადანაშაულებს ევროკავშირს, მის ახალ წევრებს, რომ იანვრის კრიზისის დროს თავი ვერ დააღწიეს დილემას: “18 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან და 20 - აღმოსავლეთ ევროპის განთავისუფლებიდან. ეს საკმაოდ დიდი დროა. ფაქტია, რომ ენერგეტიკა და რუსეთზე დამოკიდებულება ამ წლებში შეშფოთების საფუძველი არ გამხდარა.”

ენერგეტიკის სფეროში ჩეხეთის ელჩი ევროკავშირის ძველ წევრებზეც ლაპარაკობს. მისი თქმით, ისინი, ვინც ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთის გაზზე, შეიძლება მთლიანად ვერ ხვდებოდეს, რა პრობლემები ექმნებათ ახალ წევრებს რუსეთთან ურთიერთობაში, გაზის მიწოდების მხრივ:

“ფაქტია, რომ გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი უკეთ არიან უზრუნველყოფილი, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ეს ნაწილი. ისინი ჩვენს შიშს არ იზიარებენ, რადგან თვითონ არ ეშინიათ. თუ რუსეთი ხუთიდან ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია და თითოეული 20 პროცენტს გაწვდით, რა უნდა გაშფოთებდეთ? თუ პუტინი გაზის მოწოდებას შეგიწყვეტს, ის სხვაგან შეგიძლია მოიპოვო. მაგრამ რუსეთზე ასი პროცენტით როცა ხარ დამოკიდებული, ეს სხვა საქმეა.”

ბარტუშკა ფიქრობს, რომ ახლა რუსეთის მიმართ სიმტკიცეა საჭირო და აუცილებელია იმის შეგნება, რომ მოსკოვის მუქარა, გაზსა და ნავთობს აღმოსავლეთში გავყიდი და არა დასავლეთშიო, ცარიელი მუქარაა. პუტინი აცხადებს, მაგალითად, - ამბობს ბარტუშკა, - რომ თუ ევროპა ისე არ მოიქცა, როგორც მოსკოვს სურს, ჩინეთის მიმართულებით მილსადენებს გაიყვანს და იქით წარმართავს ენერგიას. მაგრამ, - განმარტავს ბარტუშკა, - ამ მილსადენების გაყვანას მილიარდობით დოლარი სჭირდება და ჩინეთსაც შეუძლია ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობა. ბარტუშკა იმასაც ამბობს, ახალი მილსადენების გაყვანა ევროპაში გაზის მისაწოდებლად ასევე არ არის გამოსავალიო. ის გამოყოფს ბრიტანეთს, რომელიც, მისი აზრით, სწორ გზას ადგას:

“ბრიტანეთმა ეს მშვიდად გააკეთა და ახლა თხევადი გაზი კატარიდან, ტრინიდადიდან, ნიგერიიდან, ალჟირიდან შეაქვს. ეს არის თავისუფლება და, ჩემი აზრით, ამას უნდა შევეცადოთ ჩვენც. ჩემთვის მილსადენები არაა მომავლის უზრუნველყოფა. თუ რუსეთს შეცვლის თურქმენეთი ან ირანი, უკრაინას კი - თურქეთი, ვითარება პრინციპულად არ შეიცვლება. ჩემი აზრით, დამოუკიდებლობას თხევადი გაზი მოიტანს. ის, მართალია, უფრო ძვირია, ვიდრე მილსადენით მიღებული გაზი, მაგრამ მწამს, რომ ღირს თავისუფლებისთვის მეტის გადახდა და ამ იდეას ვუჭერ მხარს. ვფიქრობ, ევროპამ თხევადი გაზის საკითხი უნდა განიხილოს.”

თხევადი გაზის მიღებისა და მოხმარების ინფრასტრუქტურის შესახებ ბარტუშკას პასუხი მზად აქვს: არაერთმა ქვეყანამ - საფრანგეთმა, ესპანეთმა, ბრიტანეთმა, ნიდერლანდმა, იტალიამ, თვით საბერძნეთმა - უკვე დადგა ტერმინალები ან მშენებლობის სტადიაშია, მაშინ როცა ევროპის აღმოსავლეთში მხოლოდ პოლონეთი აშენებს ასეთ ობიექტს. ბარტუშკას აზრით, ბევრად მარტივია ევროპის ნავსადგურებიდან კონტინენტის შიგნით თხევადი გაზის მიწოდება, ვიდრე ამას ხალხი ფიქრობს. ენერგეტიკის სფეროში ჩეხეთის საგანგებო დავალებათა ელჩი ამბობს, ევროპის ქვეყნებს შორის კომუნიკაციების საჭიროებააო და იქვე აზუსტებს, ვერ წარმოიდგენთ, რამდენად იოლია ამის მიღწევაო.

მაგალითად, ბარტუშკას მონაცემებით, პოლონეთსა და ჩეხეთს შორის ათკილომერტიანი მილსადენის აგებაა მხოლოდ საჭირო. და მერე, რა ხარჯებს მოითხოვს თუნდაც ეს მცირე მილსადენები? ბარტუშკამ ფასებიც ზუსტად იცის. მისი ცნობით, ერთი კილომეტრი მილსადენი მილიონ-ნახევარი ევრო ჯდება, ანუ პოლონეთთან ჩეხეთის დაკავშირებისთვის 15 მილიონია საჭირო. ბულგარეთმა რომ საბერძნეთიდან თხევადი გაზი მიიღოს, 30 კილომეტრიანი მილსადენის გაყვანაა საჭირო, რაც 45 მილიონი ევრო დაჯდებოდა. მაგრამ ბარტუშკამ გვითხრა, ამ საქმეში რეალური პრობლემა ფინანსები და ტექნოლოგია კი არა, სამართლებრივი სირთულეებიაო:

“პირველი სირთულე, რასაც წააწყდებით, როცა ასეთი საკომუნიკაციო საშუალების აგებას გადაწყვეტთ, არის ის, რომ ვიღაც იტყვის: ააშენეთ, მაგრამ არა ჩემი კარ-მიდამოს, ჩემი ბაღის გავლით, არა ჩემს ქალაქთანო. ეს დიდი პრობლემაა ევროპაში. ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გამოიყენება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი და დამტკიცებული თანხა. ამ თანხის ათვისების პირობაა მისი მოხმარება 2009 –2010 წლებში. დამიჯერეთ, ამ თანხის დიდ ნაწილს იმიტომ ვერ გამოვიყენებთ, რომ ევროპაში პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას დიდი დრო სჭირდება, წლები სჭირდება. გერმანიის მილსადენი გავიყვანეთ 18 თვეში, მის დამტკიცებას კი თითქმის 4 წელი დასჭირდა.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG