Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა და საქართველო


7 მაისს პრაღაში ხელი მოეწერება დეკლარაციას, რომელიც 6 ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოების მეტ შანსს მისცემს. “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამაში ჩართვა ევროგაერთიანებამ შესთავაზა საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინას, მოლდავეთსა და ბელორუსიას. ახალი პერსპექტივა, რომელიც 6 ქვეყანას სხვადასხვა სახის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებს სთავაზობს, სასტიკად აღიზიანებს რუსეთს. კონკრეტულად რას გულისხმობს “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამა და მისგან რა შედეგებია მოსალოდნელი?

“უფრო მეტი უფრო მეტისთვის” - აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა შესაძლებლობებს, ასე ვთქვათ, დამსახურების მიხედვით გაანაწილებს. ანუ 6 ქვეყნიდან თითოეული მიიღებს იმდენს, რამდენიც მას პოლიტიკური რეალობისა და რეფორმების შედეგების მიხედვით ეკუთვნის. რა მოეთხოვებათ ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლებს? ამ შეკითხვაზე გვიპასუხებს გუნარ ვიგანდი - ევროკომისიის საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექციის დირექტორი აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში. მას ჩვენ აპრილის ბოლოს ბრიუსელში შევხვდით: ”როდესაც ახალი შეთანხმების საფუძველზე ორმხრივი ურთიერთობა გაღრმავდება, პოლიტიკური პირობითობა პრაქტიკულ სახეს შეიძენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყანაში უნდა არსებობდეს დემოკრატია, დემოკრატიული სტანდარტები არჩევნებთან მიმართებით, თავისუფალ მედიასა თუ შეკრების თავისუფლებასთან მიმართებით... იგივე შეეხება ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, პიროვნების თავისუფლებას, რაც ასევე საკვანძო ასპექტია ამ კონტექსტში. ერთი სიტყვით, პოლიტიკური პირობითობა შეასრულებს მნიშვნელოვან როლს, როდესაც საბჭო მხარს დაუჭერს ახალი შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებათა დაწყების მანდატს. ეს პროცესი ცოტა ხნის წინ დავიწყეთ უკრაინასთან... და ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ პროცესი დავიწყოთ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც უახლოეს მომავალში, მიმდინარე წლის განმავლობაში.”

შეთანხმებისთვის ასოცირებული ურთიერთობის შესახებ, რაზეც ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენელი გუნარ ვიგანდი ლაპარაკობს, შესაბამისი ნიადაგი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამამ უნდა მოამზადოს. შედეგიანი თანამშრომლობისთვის 600 მილიონი ევრო გამოიყოფა. ახალი შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი აღმოსავლეთ მეზობლებს ბევრ მიმზიდველ შესაძლებლობას შესთავაზებს, მათ შორისაა სავიზო რეჟიმის თანდათანობითი გამარტივება და თავისუფალი ვაჭრობის მექანიზმის ამოქმედება. როგორც ითქვა, მოლაპარაკებები ამ თემაზე უკრაინასთან უკვე დაწყებულია, რიგში შემდეგია მოლდავეთი, რომელსაც საქართველო მოჰყვება.

ასოცირებული ურთიერთობის გარშემო მოლაპარაკებათა დაწყების პროცესში გადაიხედება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში დასახული არსებითი მიზნების შესრულება, რაც, უპირველეს ყოვლისა, ისევ და ისევ სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება. აქვე გავიხსენოთ 23 აპრილს ბრიუსელის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში, რომელშიც, სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, 12 ქვეყნის - და მათ შორის საქართველოს - მიერ 2008 წელს გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოსთან მიმართებით შეშფოთების საგნად რჩება მედიის თავისუფლება და პლურაზმი. აღნიშნულია, რომ ვადამდელი არჩევნების ორმა რაუნდმა ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმებში ახალი იმპულსის შეტანის აუცილებლობა გამოკვეთა. ახალი იმპულსი საჭიროა ზოგადად პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეფორმებში და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მრავალმხრივი ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში. მიღწევებს შორის კი ხაზი ესმება წინსვლას კორუფციასთან ბრძოლაში. ევროკომისიის დაკვირვებით, წინსვლა აღინიშნებოდა კანონის უზენაესობის სფეროში მიმდინარე რეფორმებშიც, განსაკუთრებით - მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, დაკავების ადგილებში პირობების გაუმჯობესებისა და წამების, არაჰუმანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აღკვეთის კუთხით.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა არ შეჩერდება აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, - განმარტავს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები, რომელსაც ასევე ბრიუსელში ვესაუბრეთ: “აღმოსავლეთის პარტნიორობა გააფართოებს სამეზობლო პოლიტიკას... ის გულისხმობს მეტ შეთავაზებას, იქნება ეს ასოცირებული ურთიერთობის შეთანხმება, გადაადგილების თავისუფლება თუ ვაჭრობა. ის ასევე მოიცავს რეგიონალურ ასპექტს. ევროკავშირი და მონაწილე ქვეყნები, რეგიონალურ ფარგლებში, არაერთ საკითხს განიხილავენ. დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ ეს სტრატეგიული რეგიონია.”

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მეზობლებისადმი ევროკავშირის ახლებური მიდგომა სასტიკად აღიზიანებს რუსეთს, განსაკუთრებით ბელორუსიის შემთხვევაში, რომელიც მას საიმედო ქვეშევრდომად მიაჩნია. კრემლი ფიქრობს, რომ ევროკავშირმა მინსკს შანტაჟი მოუწყო და თავისუფალი არჩევანის უფლება ჩამოართვა, როცა აგრძნობინა, რომ თუკი ის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა, პრობლემები შეექმნებოდა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართვის გზაზე. ასე არ ფიქრობენ ევროკავშირში და ისიც ფაქტია, რომ ჯერჯერობით ბელორუსიას არ გადაუდგამს ნაბიჯი, რომლის იმედიც რუსეთს ჰქონდა. რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირის ახალ ინიციატივას აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ, რომელსაც ხშირად განიხილავენ პასუხად მოსკოვის მზარდ აგრესიაზე. ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტი მაიკლ ემერსონი ორ სავარაუდო სცენარს გამოყოფს: ”ერთ შემთხვევაში რუსეთმა, შესაძლოა, თქვას, - ჰოოოო, ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენი დიპლომატია მეზობლებთან მიმართებით ბოლო წლებში მცდარი იყო... ძალიან შორს წავედით - დაშინების, ზეწოლის თუ შეტევის გზაზე, საქართველოს შემთხვევაში... და ჩვენ უნდა გადავხედოთ ამას, რომ გავხდეთ უფრო გულისხმიერი მეზობელი, რაც, რა თქმა უნდა, ევროკავშირსაც მოეწონებოდა... მეორე შემთხვევაში, რუსეთმა, შესაძლოა, თქვას - კარგი, თქვენ გვაკრიტიკებთ გავლენის სფეროების შექმნისთვის და ეს არ მოგწონთ... მაგრამ თქვენ ზუსტად იმასვე აკეთებთ ახლა... ერთი სიტყვით, ევროკავშირის ამ ახალმა ინიციატივამ, შესაძლოა, გააღრმავოს არსებული დაძაბულობა, კონკურენტული დაპირისპირება რუსეთსა და ევროკავშირს შორის.”

ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტი მაიკლ ემერსონი თავს იკავებს და არ აკონკრეტებს ამ ორიდან რომელ გზას შეიძლება დაადგეს მოსკოვი. თუმცა გულისხმიერი მეზობლის როლში რუსეთი ძნელად თუ ვინმეს წარმოუდგენია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG