Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთით გამოცდა


ნიუ იორკ ტაიმსის რედაქცია 43-ე ქუჩაზე
ნიუ იორკ ტაიმსის რედაქცია 43-ე ქუჩაზე
ინფორმაცია ჯერაც ბუნდოვანია, მაგრამ საქართველოში სამხედრო ამბოხებებისა და რუსული ინტრიგის შესახებ ცნობამ კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა, რომელიც ამ გაზაფხულზე ისედაც იქმნებოდა. დღეს შეერთებულმა შტატებმა უნდა აწარმოოს პრევენციული დიპლომატია და, უსაფრთხოების შესახებ ფართო დიალოგში მოსკოვის ჩართვის პარალელურად, რუსეთს საქართველოში შეჭრის მაღალ საფასურზე უნდა გაუმახვილოს ყურადღება.

საქართველოში დასავლეთის ფსონი მაღალია. აშშ-მა და ევროკავშირმა ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების დამოუკიდებლობის მხარდაჭერა თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად აქციეს. იანვარში ვაშინგტონმა საქართველოს დამოუკიდებლობას “სასიცოცხლო” ინტერესის სტატუსი მიანიჭა.

ბოლო მოვლენებამდე, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიამ, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულებას აკვირდება, აღნუსხა რუსეთის დამატებითი ძალების განლაგება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და სამრეთ ოსეთსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებს შორის არსებულ საზღვრებთან. გახშირდა ცნობები ცეცხლის შეწყვეტის ხაზებზე სროლის შესახებ. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი გადის ფართომასშტაბიან წვრთნას და მასში მონაწილეობენ სადესანტო გემებიც, რომლებიც უკვე პატრულირებენ აფხაზეთის სანაპიროსთან.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ნატოს მოუწოდა, გაეუქმებინა საქართველოში “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამით დიდი ხნის წინ, ამ კვირისთვის დაგეგმილი წვრთნა. ახლახან ლუქსემბურგში კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოხატა შეშფოთება ევროკავშირის “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამის გამო, რომელსაც “რეგიონში ჩარევა” უწოდა. ობამასა და მედვედევის 1 აპრილის შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების მაღალმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ “სერიოზული უთანხმოება” საქართველოს საკითხზე.

რუსეთის ლიდერები, როგორც ჩანს, ბევრ საქმეს თვლიან დაუმთავრებლად საქართველოში. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ხელისუფლების სათავეშია. საქართველო კვლავაც ნატოს წევრობისკენ ისწრაფვის და საქართველოს გავლით კასპიის ნავთობისა და გაზის ექსპორტზე კონტროლი მოსკოვს კვლავაც ხელიდან უსხლტება.

რუსეთის ლიდერებს, შესაძლოა, ეგონოთ, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს აქვთ უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე საქართველოა, რასაც განაპირობებს ეკონომიკური კრიზისი და ნატოს პრობლემები ავღანეთსა და პაკისტანში.

გარდა ამისა, რუსეთის ლიდერები ფიქრობენ, რომ აგვისტოს ომი მათ არც ისე ძვირად დაუჯდათ – ევროკავშირთან და ნატოსთან დიალოგის მცირედით შეყოვნება და გარკვეული კაპიტალის გადინება. გარდა ამისა, მოსკოვმა, შესაძლოა, მცდარად - ეროვნული თანხმობის შესუსტების ნიშნად - შეაფასოს მიმდინარე პოლიტიკური დემონსტრაციები საქართველოში.

სინამდვილეში, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია საქართველოს პოლიტიკის ყველაზე ძლიერი გამაერთიანებელი ფაქტორია. და საქართველოში რუსეთის შეჭრის საფასური მაღალი იქნება. თავისუფალ ვარდნაში მყოფი ეკონომიკის მქონე რუსეთი დაკარგავდა მისთვის საჭირო საერთაშორისო კაპიტალს. დასავლეთი მას დაუწესებდა ფინანსურ, ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ სანქციებს. 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა.

ამასთანავე, რუსეთს, შესაძლოა, გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდეს დასავლეთზე თავისი ზეგავლენის ბერკეტზე. მისი აზრით, ევროპა დამოკიდებულია რუსეთის ენერგორესურსებზე და დასავლეთს სჭირდება რუსეთის დახმარება ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და ავღანეთის საკითხებში. რაოდენ მნიშვნელოვანიც უნდა იყოს ეს საკითხები, საქართველოში შეჭრა გამოიწვევს პოლიტიკურ ქარიშხალს დასავლეთში და სანქციების მოთხოვნას.

სასწრაფოდ არის გასატარებელი ძლიერი პრევენციული დიპლომატია – სწორედ ის, რაც არ გაკეთდა აგვისტოს ომამდე.

აშშ-მა მოსკოვს უნდა მიანიშნოს, რომ საქართველოს დაპყრობისკენ გადადგმული ნაბიჯები, სააკაშვილის ჩამოგდების ნებისმიერი გეგმის ჩათვლით, შეუძლებელს გახდის ურთიერთობების “ხელახალ დატვირთვას”. მიმდინარე თვეში, ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრასა და მოსკოვში, ივლისისთვის დაგეგმილ ობამა-მედვედევის შეხვედრაზე შეერთებული შტატებისა და ნატოს ლიდერებმა ნათლად უნდა აუხსნან რუსეთს, რა შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის აგრესიის საფასური. ამასთან ერთად, მათ მოსკოვს უნდა შესთავაზონ ფართო რეგიონული უსაფრთხოების დიალოგში ჩართვა ნატოსა და ეუთოში, სადაც შეიძლება გამოიკვეთოს ორმხრივი ინტერესები და გეგმები და თავიდან იქნეს აცილებული პოტენციური უთანხმოებები.

პრევენციული დიპლომატიის გატარება მნიშვნელოვანია საქართველოს მიმართაც. აშშ-მა და ევროპამ მკაცრად უნდა გააფრთხილონ თბილისი – არ მოახდინოს გადაჭარბებული რეაგირება რუსეთის პროვოკაციებზე. შარშან ზაფხულში თბილისმა თავისი გაუაზრებელი მოქმედებებით გაფლანგა საერთაშორისო მხარდაჭერა. ამასთან, დასავლეთმა უნდა გააძლიეროს მცდელობები სააკაშვილსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობისთვის. გრძელვადიან პერსპექტივას თუ განვიხილავთ, საქართველოს ჩამოყალიბება სტაბილურ და განვითარებულ დემოკრატიად მისივე უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია.

ერთი წლის წინ რუსეთსა და საქართველოს შორის წარმოშობილი დაძაბულობა ომით დასრულდა. ნიშნები ჯერჯერობით ბოლომდე გამოკვეთილი არ არის, მაგრამ დაბეჯითებით ვიცით, რომ საქართველო სუსტია და არსებობს რეალური საფრთხე, რუსეთმა ისევ სცადოს მისი დამარცხება. ამერიკა და ევროპა ვალდებული არიან, ყველაფერი იღონონ ახალი ტრაგედიის საფრთხის შესამცირებლად.

დენის კორბოი ლონდონის “კინგს კოლეჯის” კავკასიის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორია. წარსულში იყო ევროკომისიის ელჩი საქართველოში. უილიამ კორტნი იყო აშშ-ის ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში. კენეთ იალოვიცი “დიკის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრს” ხელმძღვანელობს დარტმუთის კოლეჯში და იყო აშშ-ის ელჩი ბელორუსიასა და საქართველოში.

ინტერვიუ დენის კორბოისთან იხილეთ აქ.
XS
SM
MD
LG