Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ტბა შესაძლოა სხვადასხვა ინფექციის წყაროდ იქცეს


სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დედაქალაქში გასული საუკუნის 70-იან წლებში ხელოვნურად შექმნეს ტბა. ცხინვალის ტბაში წყალი მდინარე ლიახვიდან გამომავალი არხით ჩაედინება. წლების განმავლობაში არც სარქველები გაუხსნიათ და არც ფსკერი გაუწმენდიათ. რის გამოც, ცხინვალის ტბა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხედ იქცა. როგორც ცხინვალელები ამბობენ, ამჟამად მთელ ქალაქში უსიამოვნო სუნი დგას.

დე-ფაქტო რესპუბლიკის სანიტარულმა სამსახურმა მოსახლეობას უკვე ურჩია, რომ დაჭაობებულ ტბაში ბანაობისგან თავი შეიკავოს. ცხინვალის ტელევიზიით გამოსვლისას მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა ყოჩიევამ განაცხადა, რომ ტბა მათ ხელთ არსებული მწირი საშუალებებით შეამოწმეს, თუმცა, წყლის უხარისხობის დასადგენად ესეც საკმარისი აღმოჩნდა. ყოჩიევამ ცხინვალის ტბის წყალი საკანალიზაციო წყალს შეადარა და ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, იმავე ტელევიზიით გამოსვლისას ცხინვალის მერმა რობერტ გულიევმა ტბის გაწმენდა შეუძლებლად მიიჩნია და მიზეზად ფინანსების სიმცირე დაასახელა. უყურადღებოდ მიტოვებული ტბის სანაპიროზე კი მოსახლეობამ უკვე ნაგვის დაყრა დაიწყო.

ცხინვალელმა მალხაზ მინდიაშვილმა, რომელსაც ხელოვნური ტბის შექმნის პროცესი კარგად ახსოვს, რადიო თავისუფლებას უამბო, რომ სამუშაო თავიდანვე დარღვევებით მიმდიარეობდა და ტბის გაწმენდა შემდგომშიც ყოველთვის სირთულეს წარმოადგენდა. ამ მიზეზით, როგორც მალხაზ მინდიაშვილი ამბობს, ტბის წყალს თავის დროზე კომუნისტური ხელისუფლებაც მიიჩნევდა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ.

ამჟამად ცხინვალში საკმაოდ ცხელა, ამიტომ სიცხით შეწუხებული მოსახლეობის ნაწილი გაფრთხილებას ყურადღებას არ აქცევს და ტბაში მაინც ბანაობს. გაგრილების მსურველი მეორე ნაწილი კი - დე-ფაქტო მთავრობას ტბის გაწმენდას სთხოვს და ინფექციური დაავადებების შიშით ბანაობას თავს არიდებს.
XS
SM
MD
LG