Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი დღეს მზად არის სალაპარაკოდ, ხვალ შეიძლება აღარ იყოს


ჰილარი კლიენტონის გამოსვლა 15 ივლისს
ჰილარი კლიენტონის გამოსვლა 15 ივლისს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბოლო პერიოდში ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი გააუქმა - მოტეხილი ხელის გამო მას ოპერაცია გაუკეთეს და მოგზაურობა აუკრძალეს. ოთხშაბათს კლინტონი კვლავ გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე - ვაშინგტონში მოქმედ საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოში ის ვრცელი სიტყვით გამოვიდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. მისი თქმით, იწურება დრო, როდესაც ირანი უნდა დასთანხმდეს შეერთებული შტატების წინადადებას მოლაპარაკების გამართვის თაობაზე.

ვრცელ გამოსვლაში, რომელიც, ძირითადად, ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ფილოსოფიას და გეგმებს მიეძღვნა, ჰილარი კლინტონმა ირანი გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატების შეთავაზება დიპლომატიური კავშირების ამოქმედების თაობაზე ”ყოველთვის არ იქნება ძალაში”. კლინტონის თქმით, ისლამურმა რესპუბლიკამ უკვე ახლა უნდა იმოქმედოს.

ამ განცხადებით შეერთებული შტატების მთავარმა დიპლომატმა მიანიშნა - პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოსაზრება, რომ იმ სფეროებში, რომლებშიც სანქციებმა შედეგი არ მოიტანა, შესაძლოა, ირანთან დიპლომატიამ გაჭრას, არ არის უვადო.

ოთხშაბათს, 15 ივლისს, ვაშინგტონში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, კლინტონმა ირანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული პროცესებიც შეაფასა:

”ჩვენ აღტაცებით ვადევნებდით თვალს ირანის არჩევნების თანმდევ ენერგიას, მაგრამ ეს ემოცია მალე შეძრწუნებით შეგვეცვალა, როდესაც ვნახეთ როგორი ფორმებით მიმართა მთავრობამ ძალადობას ირანელი ხალხის ხმების ჩასახშობად და შემდეგ საკუთარი ნაბიჯების დამალვა სცადა უცხოელი ჟურნალისტების და მოქალაქეების დაპატიმრებით, მათი გაძევებით და ტექნიკის ხელმიუწვდომლად ქცევით. როგორც ჩვენ და დიდი რვიანის ჩვენმა პარტნიორებმა უკვე ვთქვით, ამგვარი ნაბიჯები დასაგმობი და მიუღებელია.”

ასეთი მკაცრი ფორმულირებით კლინტონი კრიზისის დროს ობამას გამოსვლებს გამოეხმაურა. თუმცა კლინტონმა იქვე კიდევ ერთხელ შესთავაზა ირანის ლიდერებს მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრება და აღნიშნა, რომ ირანისგან დისტანცირების პოლიტიკამ ვერ შეაჩერა ირანის პროგრესი ატომური იარაღის მოპოვებისკენ, ვერ შეამცირა ირანის მხრიდან ტერორისტებისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერა და ვერ გააუმჯობესა ირანში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი:

”არც პრეზიდენტს და არც მე არ გვაქვს ილუზია, რომ ირანთან დიალოგი გარანტიაა რაიმე ფორმით წარმატების მოპოვებისა. არჩევნების შემდეგ კვირებში პერსპექტივა ნამდვილად შეიცვალა. მაგრამ ჩვენ გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია ირანს პროცესებში ჩართვა შევთავაზოთ და მის ლიდერებს მივცეთ მკაფიო არჩევანი - ან საერთაშორისო თანამეგობრობას პასუხისმგებელი წევრის რანგში შეუერთდნენ, ან კიდევ უფრო გააღრმავონ საკუთარი იზოლაციის ხარისხი. ამ არჩევანის დაყენებისა და ახსნისთვის პირდაპირი მოლაპარაკება საუკეთესო საშუალებად რჩება.”

შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლის მიუხედავად, ირანს ამ დიპლომატიური ჟესტებისთვის პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია. ის კვლავაც ჯიუტად აგრძელებს ატომურ პროგრამას, რომელსაც ის მშვიდობიანი მიზნებისთვის მოქმედს უწოდებს.

ამის არ სჯერა საერთაშორისო თანამეგობრობას. როგორც ჰილარი კლინტონმა ოთხშაბათს კიდევ ერთხელ განაცხადა, ირანმა ატომური იარაღი არ უნდა მოიპოვოს. მისი განცხადებით, სამოქალაქო მიზნებისთვის ატომური ენერგეტიკა მისაღებია, მაგრამ ირანის მთავრობამ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დაარწმუნოს, რომ მისი პროგრამები მართლაც მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

ირანმა მალე უნდა განაცხადოს, გამართავს თუ არა მოლაპარაკებას შეერთებულ შტატებთან და მის პარტნიორებთან თავისი ატომური პროგრამის თაობაზე. ამისათვის ბოლო ვადად ირანს სექტემბერში დანიშნული გაეროს გენერალური ასამბლეა დაუწესდა, გასულ კვირაში იტალიის ქალაქ აკილაში შეკრებილი დიდი რვიანის ლიდერთა გადაწყვეტილებით.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაქიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თეირანი დასავლეთისთვის წარსადგენად ”პოლიტიკურ, უსაფრთხოების და საერთაშორისო” საკითხებზე მუშაობს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.ხუთშაბათს ირანის საინფორმაციო სააგენტო ”ისნამ” გაავრცელა ცნობა, რომ თანამდებობიდან გადადგა ირანის ბირთვული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ღოლამ რეზა აღაზადე. მისი გადაწყვეტილების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მოტეხილი იდაყვის მკურნალობის გამო, ბოლო პერიოდში ჰილარი კლინტონს ორი მნიშვნელოვანი საგარეო ვიზიტის გამოტოვება მოუხდა. ოთხშაბათის გამოსვლით ის სამუშაოს დაუბრუნდა, ხუთშაბათს კი ინდოეთსა და ტაილანდში იწყებს ვიზიტს.

მთავარი სიახლე, რომელსაც კლინტონის გამოსვლა შეიცავდა,იყო ზემოთ ნახსენები განცხადება, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ირანისთვის მოლაპარაკების შეთავაზება უვადო არ არის. ამის გარდა, კლინტონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეთრი სახლი თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შეეცდება გამოიყენოს ”გონივრული ძალა”, რომელშიც მთავარი კომპონენტი დიპლომატიაა, მაგრამ თავდაცვითი და განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯებიც იგულისხმება. კლინტონის განცხადებით, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ”თავისუფლებას, დემოკრატიას, სამართალს და შესაძლებლობებს” ემყარება და ვაშინგტონი კვლავაც მხარს უჭერს დემოკრატიულ მთავრობებს - მთავრობებს, რომლებიც თავიანთი ხალხის უფლებებს იცავენ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG