Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში გრძელდება ოპოზიციის მხარდამჭერთა საპროტესტო “მწვანე მოძრაობა”


აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი თეირანის უნივერსიტეტში
აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი თეირანის უნივერსიტეტში
ირანის ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები მოუთმენლად ელოდნენ დღევანდელ დღეს, როცა თეირანის უნივერსიტეტში, პარასკევის ლოცვაზე შეკრებილების წინაშე უნდა გამოსულიყო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი. ის დღემდე დიდი გავლენით სარგებლობს: ხელმძღვანელობს ირანის ექსპერტთა საბჭოს, რომლის უფლებამოსილებაშიც შედის ირანის უზენაესი ლიდერის არჩევა და გადაყენება. საყურადღებოა, რომ, ირანის პრეზიდენტობის წლევანდელი კანდიდატებიდან, რაფსანჯანის მხარდაჭერით სარგებლობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მირ ჰოსეინ მუსავი, ანუ კანდიდატი, რომელმაც, მრავალი ირანელის აზრით, გაიმარჯვა 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში. არადა, გამარჯვებულად, როგორც ცნობილია, მოქმედი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი გამოაცხადეს. აი, ასეთი ვითარების ფონზე, ოპოზიცია მუსავის მომხრეებს მოუწოდებდა, ბევრი მისულიყო დღეს თეირანის უნივერსიტეტში, რათა მოესმინა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რაფსანჯანის პირველი საჯარო გამოსვლა.

პარასკევის ლოცვაზე თეირანის უნივერსიტეტში შეკრებილ მუსულმანებს რაფსანჯანიმ სიმშვიდისა და ერთიანობისაკენ მოუწოდა, იმედი გამოთქვა, რომ მისი ქადაგება გარკვეულწილ შეცვლის მომავალს ქვეყანაში, სადაც ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებს მასობრივი საპრტესტო გამოსვლები მოჰყვა, ამ გამოსვლებს კი - ხელისუფლების ძალადობრივი რეაქცია.

რაფსანჯანის შეფასებით, 12 ივნისის არჩევნების შემდეგ ირანში კრიზისი სუფევს, “მწარე პერიოდი”, რომელიც არავისთვისაა მომგებიანი. ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ მოსახლეობის ნაწილი დაეჭვებულია არჩევნების შედეგით და საჭიროა მისი ნდობის აღდგენა. იქვე რაფსანჯანიმ გააკრიტიკა “გუშაგთა საბჭო”, რომელმაც დაადასტურა არჩევნების შედეგი. რაფსანჯანის თქმით, “სამწუხაროდ, დრო, რომელიც უზენაესმა ლიდერმა მისცა გუშაგთა საბჭოს, სათანადოდ არ იქნა გამოყენებული. მან საბჭოს დამატებით 5 დღე მისცა საკითხის შესასწავლად და ხმების განმეორებით დასათვლელად, მაგრამ - ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი - ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებიათ”...

რაფსანჯანიმ ისაუბრა ასევე კრიზისის დაძლევის გზებზე. მისი აზრით, უნდა შეიქმნას ადგილი საიმისოდ, რომ ყველამ შეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა და გაიმართოს დისკუსია დაპირისპირებულ მხარეებს შორის აგრესიის გარეშე. და ყოფილი პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, გაანთავისუფლონ საპროტესტო აქციების დარბევისას დაკავებულები.

მაგრამ ამ მოწოდების შემდეგ დაკავებულების რიცხვი, ჩვენი ინფორმაციით, კი არ შემცირებულა, პირიქით გაიზარდა. პარასკევის ლოცვის შემდეგ თეირანის უნივერსიტეტთან რამდენიმე შეტაკება მოხდა, გავრცელებული ცნობებით, 10-მდე ადამიანი დააპატიმრეს, სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს შეკრებილების დასაშლელად.

რაფსანჯანის გამოსვლის მოსასმენად მუსავის ათასობით მომხრე იყო შეკრებილი. ჩვენი რადიოს ცნობით, კიდევ გაცილებით მეტს უნდოდა უნივერსიტეტში პარასკევის ლოცვაზე დასწრება, მაგრამ ამის საშუალება არ მიეცა: მკაცრი იყო უშიშრობის ზომები, რომლებზე ზრუნვაც უშიშროების ძალების მრავალრიცხოვან წარმომადგენლებს ევალებოდათ.

მრავლისმეტყველია გადაწყვეტილება, ირანის სახელმწიფო ტელევიზიას პირდაპირ ეთერში არ ეჩვენებინა პარასკევის ლოცვა თეირანიდან, რაც ჩვეულებრივ, პარასკევის ტელეპროგრამის შემადგენელი ნაწილია. მაგრამ უნივერსიტეტში მისულებიდან ზოგმა მოახერხა ინტერნეტით გაევრცელებინა ფოტოები და ვიდეოჩანაწერები. მათზე ასახულია ათასობით ადამიანი, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს მუსავის და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას მოითხოვს.

ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერის ნიშნად, დემონსტრაციაზე ბევრი იყო მისული მწვანე სამაჯურებითა და მწვანე ნიღბებით. მათი რწმენით, მუსავის მხარდამჭერებმა პარასკევს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ “მწვანე მოძრაობა” გრძელდება და მისი მონაწილეები გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას პოლიტიკური ვითარებით თავიანთი უკმაყოფილების გამოსახატავად.
XS
SM
MD
LG