Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ოპოზიცია "ვაის გაეყარა და უის შეეყარა"


საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიები კოალიციის შექმნაზე ლაპარაკობენ
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიები კოალიციის შექმნაზე ლაპარაკობენ
მოლდავეთში პოლიტიკური კრიზისისის მოგვარება ვერც განმეორებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოხერხდა. მართალია, კომუნისტებმა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა დათმეს - ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში 53 ადგილი აქვთ, კომუნისტებს - 48 - მაგრამ ქვეყნის სპეციფიკური პოლიტიკური სისტემის გამო ოპოზიცია ხელფეხშეკრულია და ვერ ახერხებს მთავრობის შექმნას. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტი ნიშნავს, პრეზიდენტის ასარჩევად კი სულ ცოტა 61 ხმა არის საჭირო.
როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიან ლუპუმ განაცხადა, მისი დემოკრატიული პარტია დიდი კოალიციის მომხრეა კომუნისტების მონაწილეობით. ოღონდ ამას წინ უნდა უძღოდეს მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე.

ეუთოს თანახმად, მოლდავეთში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები მისაღებია, თუმცა ის გარკვეული დარღვევებით ჩატარდა. ყოველ შემთხვევაში, მისი შედეგები ეჭვს არ იწვევს. და პრობლემაც სწორედ ეს არის, ვინაიდან ამ შედეგით ქვეყანა ვერ მოახერხებს კრიზისიდან გამოსვლას. ოთხი ოპოზიციური პარტიის ფრონტმა - ლიბერალებმა, ლიბერალ-დემოკრატებმა, ალიანსმა "ჩვენი მოლდავეთი" და დემოკრატებმა - კომუნისტებს საპარლამენტო უმრავლესობა აართვეს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის პრეზიდენტის არჩევისთვის.

"ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ პრეზიდენტის ასარჩევად 7 ან 8 ხმა კიდევ გვჭირდება," ასე შეაფასა ვითარება დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მარიან ლუპუმ.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმირ ვორონინს, რომელსაც, კონსტიტუციით, აღარა აქვს უფლება პრეზიდენტად იქნეს არჩეული, ვერაფერი შეუშლის ხელს, დარჩეს ამ თანამდებობაზე, სანამ კრიზისი გაგრძელდება და ახალი არჩევნები დაინიშნება.

ოპოზიცია, შეიძლება ითქვას, "ვაის გაეყარა და უის შეეყარა". მართალია, არ გამართლდა მისი შიში, რომ არჩევნები შეიძლება გაყალბებულიყო, მაგრამ ამჟამად შექმნილი ვითარება კიდევ უფრო ართულებს კრიზისს.

ეს გაცნობიერებული აქვთ ოპოზიციის ლიდერებს. ლუპუს თქმით, საქმე სამოქალაქო ომამდეც კი შეიძლება მივიდეს, ვინაიდან, მისი თქმით, კომუნისტებს არა აქვთ ძალაუფლების განაწილების "პოლიტიკური კულტურა."

არჩევნები, რომელიც ამ დღეებში ყურადღების ცენტრში დგას, სინამდვილეში მხოლოდ ფასადია იმ დრამისა, რომელიც ამ ქვეყანაში თამაშდება უფრო ღრმა პოლიტიკურ და სოციალურ დონეებზე. და მარტო არჩევნებით, რაგინდ თავისუფალი და ობიექტურიც უნდა იყოს ის, ამ პრობლემების მოგვარება შეუძლებელია.

სადავო არ არის, რომ მოლდავეთში ძირფესვიანი ცვლილებებია გასატარებელი. მაგრამ ზუსტად არავინ იცის, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროების განკურნება.

ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული გამოსავალია ევროკავშირთან ინტეგრაცია, რასაც, სხვათა შორის, კომუნისტებიც ემხრობიან. მაგრამ საკმარისი რეალიზმის გრძნობა ვისაც აქვს, ესმის, რომ თავად ევროკავშირის კარი დახურული იქნება უახლოეს მომავალში მაინც.

ასევე ყველას სურს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ორი სტრატეგია ერთმანეთს არ გამორიცხავს.

ევროკავშირი მოლდავეთს წელიწადში 60 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებას უწევს. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ეს მხოლოდ პალესტინისთვის გაწეულ დახმარებას ჩამორჩება.

მაგრამ ის, რასაც ევროკავშირი მოლდავეთს სთავაზობს ფულის გარდა, ერთობ ზოგად ხასიათს ატარებს. ეს გახლავთ სამოქმედო გეგმები, გზამკვლევები, პარტინიორობის პროგრამები, რის პირობაც, თავის მხრივ, სწორედ ისეთი პოლიტიკური ძალისხმევაა, რომლის უნარიც ქვეყანას სულ უფრო და უფრო ნაკლებად შესწევს.

გამოდის, რომ ევროკავშირი მოლდავეთს ვირტუალურ თაფლაკვერას სთავაზობს და იმედის ამარა სტოვებს. ასეთ თაფლაკვერას გარკვეული აზრი ექნებოდა, რომ არა რუსეთი, რომელიც დაუფარავად ეწინააღმდეგება მოლდავეთში ევროკავშირის გავლენის გაფართოებას და მხარს უჭერს პრეზიდენტ ვორონინს. ევროკავშირის ვირტუალურ თაფლაკვერას ის სრულიად რეალურ ჯოხს უპირისპირებს დნესტრისპირეთის სეპარტისტული რეგიონის მხარდაჭერის სახით.

კიდევ ერთი საგარეო ფაქტორია რუმინეთი, რომელიც მოლდავეთის პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციას უწყობს ხელს. როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალი რანგის წარმოადგენელმა უთხრა ჩვენს რადიოს, კიშინოვის მიმართ ბუქარესტის პოლიტიკა ახლომხედველურია. რუმინეთის მთავარია იარაღია რუმინეთის პასპორტების გაცემა მოლდაველებისთვის - "დე ფაქტო რუმინელებისთვის", როგორც ბუქარესტში ამბობენ. ეს კი ამძაფრებს მოლდავეთის პოლიტიკურ არასტაბილურობას.

შეიძლება ითქვას, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოლდავეთში დრო გაჩერდა და აღარ გაგრძელებუა. მას მერე ქვეყანაში ფეხი მოიკიდა ველურმა კაპიტალიზმმა, რომელიც, ქვეყნის იზოლაციასთან ერთად, მისი პოლიტიკური სისტემის ეტაპობრივად დეგრადაციას იწვევს.

მოლდავეთის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ პოლიტიკურ კონფლიქტს, რომლითაც არის მოცული ქვეყანა, აკლია ეთნიკური განზომილება. ეთნიკური და ენობრივი ჯგუფები აქ მშვიდობიანად თანაარსებობენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. ქვეყანას ესაჭიროება გარედან დახმარება. ახალი ღირებულებები, ახალი იდეალები და ახალი ნორმები. ეს კი მხოლოდ ევროკავშირს ძალუძს.
XS
SM
MD
LG