Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეთიუ ბრაიზას ტინა კაიდენაუ შეცვლის


აშშ სახელმწიფო მდივანს სულ მალე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ახალი მეორე მოადგილე ეყოლება. მეთიუ ბრაიზას ტინა კაიდენაუ შეცვლის. კაიდენაუ აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელია, რომელიც ბალკანეთის საკითხებშია სპეციალიზებული. 2008 წლის ივლისში ტინა კაიდენაუ დასახელდა აშშ ელჩად კოსოვოში. ამ პოსტზე ის მიმდინარე წლის 1 ივნისამდე მსახურობდა. პრიშტინაში რადიო თავისუფლების ბიუროს ხელმძღვანელი კაიდენაუს ასე ახასიათებს: ”ის საქმის გამკეთებელია და ის კოსოვოში ძალიან კრიტიკულ პერიოდში მუშაობდა. ის ჩამოვიდა კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე და ერთი წელი დარჩა. ის საქმის გამკეთებელია, მაგრამ არჩევს საქმე საზოგადოების თვალთახედვის მიღმა აკეთოს”. კოსოვოში ყოფნისას კაიდენაუ იშვითად იძლეოდა ინტერვიუებს. რადიო თავისუფლების თანამშრომლის ინფორმაციით, კაიდენაუ ყოველთვის მზად იყო დახმარებოდა მოქალაქეებს, მათ შორის, სერბების უმცირესობის წარმომადგენლებს. მან გახსნა ჯანდაცვის არაერთი დაწესებულება. სერბულ ნაწილებში ის ხელს უწყობდა მედიის თავისუფლებას. ტინა კაიდენაუმ პირველად მაღალი თანამდებობა ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას მიიღო, როცა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის საქმეებს უძღვებოდა. ის ასრულებდა მისიებს ბელგრადსა და სარაევოში. ამის შემდეგ კაიდენაუ ქრისტოფერ ჰილის საგანგებო მოადგილედ მუშაობდა, როცა ჰილი მაკედონიაში ელჩად მუშაობდა. მოგვიანებით, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას ტინა კაიდენაუ დაინიშნა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის რიჩარდ არმიტიჯის საგანგებო მოადგილედ ევროპის საქმეებში.
XS
SM
MD
LG