4 სექტემბერს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ყაზბეგი-ზემო ლარსის მოდერნიზებული საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნა. პროექტი აშშ-ის მიერ დაფინანსებული საქართველოს საზღვრის უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის გასაზრდელად და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობისთვის შეერთებულმა შტატებმა 2.4 მილიონი დოლარი გამოყო. იქვე გაკეთდა ოფისები საპატრულო პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისათვის. საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებით, ორი ქვეყანა ”შეძლებს აღადგინოს სავაჭრო და ტურისტული კავშირები მომავალში.” სახმელეთო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის 2006 წლის ივლისში რუსეთის მიერ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან ერთად შეწყდა. მაისში კი მოსკოვმა შეატყობინა თბილისს, რომ მზად არის გახსნას ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი; თუმცა, მას შემდეგ რაიმე წინსვლა ამ მიმართულებით არ შეინიშნებოდა.
ყველაზე პოპულარული
1