Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისძვრით დაზარალებული ონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს


მიძისძვრით დანგრეული სახლი ონის რაიონში
მიძისძვრით დანგრეული სახლი ონის რაიონში
8 სექტემბერს გამთენიისას მომხდარმა ექვსბალიანმა მიწისძვრამ ყველაზე დიდი ზიანი ონის რაიონის მოსახლეობას მიაყენა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაინგრა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა რამდენიმე ასეული შენობა, მწყობრიდან გამოვიდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები. სეისმოლოგების შეფასებით, საქართველოში მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა 1992 წლის შემდეგ არ მომხდარა. ზარალის მოცულობის დადგენისა და მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, რაჭაში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩავიდნენ.

მიწისძვრამ ონის რაიონში რამდენიმე ასეული შენობა დააზიანა. წინასწარი შეფასებით, საცხოვრებლად გამოუსადეგარია ორასამდე სახლი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მიწისძვრის ეპიცენტრის მახლობლად, სოფელ ნაკიეთში, მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც, მიწისქვეშა ბიძგების განმეორების შიშით, 8 სექტემბრის ღამე გარეთ გაატარეს. სოფლის მკვიდრი შაქრო ჩალაძე ამბობს, რომ მიწის ძლიერმა რყევამ გამოაღვიძა.

„ნახევარ მეტრზე ასწია სახლი. საშინელება ვნახე. ამის მერე, მეზობლებთან ერთად, გარეთ ვარ, შინ ვერ ვბრუნდები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შაქრო ჩალაძემ. მისი თქმით, მიწისქვეშა ბიძგები სიმძლავრით არ ჩამოუვარდებოდა ჩვიდმეტი წლის წინანდელ, 1992 წლის აპრილში მომხდარ, მიწისძვრას, რამაც რაჭასა და იმერეთში მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. თბილისში მდებარე სეისმური მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ათ-თხუთმეტ კილომეტრში მდებარეობდა.

ზურაბ ჯავახიშვილი: „მიწისძვრის სიდიდე, ანუ მაგნიტუდა, არის 6-ის ტოლი, მაგრამ საინტერესოა ისიც, თუ რა ეფექტი ჰქონდა მას დედამიწის ზედაპირზე. ამას გამოხატავენ ინტენსივობით 12 ბალიანი სკალით. ამ სკალაზე დაახლოებით 8 ბალამდე იქნებოდა ეპიცენტრში. 1992 წლის მიწისძვრა გაცილებით ძლიერი იყო, მაგნიტუდამ 7-ს მიაღწია, ხოლო ეპიცენტრში - 9 ბალს.“

თუმცა, ამგვარი განსხვავების მიუხედავად, სტიქიურმა უბედურებამ ონში მცხოვრები ადამიანების ყოფა მაინც მნიშვნელოვნად დაამძიმა. რაჭა-ლეჩხუმში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით გაგოშიძემ დღის განმავლობაში თითქმის ყველა დაზარალებული სოფელი მოინახულა. მისი თქმით, ნგრევა დაფიქსირდა ონის ცენტრშიც და დაინგრა, ძირითადად, ის სახლები, რომლებიც 1992 წლის მიწისძვრის შემდეგ არ აღდგენილა.

„მუშაობს კომისია, რომელიც ყველა ოჯახის მდგომარეობას შეისწავლის“, - განაცხადა დავით გაგოშიძემ.

მიწისძვრის ამსახველი რუკა
ადგილობრივის გარდა, სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრაზე ცენტრალური ხელისუფლებაც ზრუნავს. 8 სექტემბერს რაჭაში რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ტყეშელაშვილი ჩავიდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდმორის დავით ბაქრაძის თქმით, მომდევნო დღეებში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონს პარლამენტისა და მთავრობის სხვა წევრებიც მოინახულებენ:

„პარლამენტმა და მთავრობამ - ყველამ ერთად - უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც მიწისძვრის გამო პრობლემა შეექმნათ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ ადამიანების დასახმარებლად.“

დახმარების იმედი აქვთ ნაკიეთელებსაც. სოფლის მკვიდრის შაქრო ჩალაძის თქმით, დაზარალებულთა უმრავლესობა, ზიანის მოცულობის გათვალისწინებით, საკუთარი სახსრებით სახლების შეკეთებასა და აღდგენას ვერ შეძლებს.

„ოთხივე მხარეს კედლები არის გახსნილი... სახურავი არ დაზიანებულა, მაგრამ კედლები აღარაა, იქ ცხოვრება არ შეიძლება. გამგებელი იყო მოსული, მაშველები გამოგვიგზავნა. თქვეს, რომ აქ ცხოვრება არ შეიძლებაო.“

ამასთან, მიწისძვრამ სახლებთან ერთად ონის რაიონში სატრანსპორტო და ელექტროგამანაწილებელი ინფრასტრუქტურაც დააზიანა: რამდენიმე უბანზე მწყობრიდან გამოვიდა საავტომობილო გზა, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდება რაიონის თითქმის ყველა სოფელს შეუწყდა, თუმცა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის „ენერგოპრო-ჯორჯიის“ წარმომადგენლის ავთო დვალიშვილის თქმით, სარემონტო ბრიგადების მუშაობამ შედეგი უკვე გამოიღო.

„ქალაქ ონსა და რამდენიმე სოფელს უკვე აღუდგა დენის მიწოდება. დარჩენილია რამდენიმე სოფელი, რომლებსაც დღის ბოლომდე მივაწვდით ელექტროენერგიას“, -განაცხადა ავთო დვალიშვილმა.

რაც შეეხება მიწისძვრის განმეორების მოლოდინსა და შიშს, სეისმოლოგების თქმით, ძლიერ მიწისძვრას რამდენიმე დღის განმავლობაში თან ახლავს ეგრეთ წოდებული after shok-ები, ანუ შედარებით დაბალი სიმძლავრის მიწისძვრები. შესაბამისად, როგორც სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი ზურაბ ჯავახიშვილი ამბობს, არც რაჭის და არც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობას შიშის საფუძველი არა აქვს.

„ჩვეულებრივი ამბავია, ანუ როცა მიწისძვრა ხდება, მას მოსდევს after shok-ების მთელი სერია. რაც უფრო ძლიერია მიწისძვრა, მით უფრო ხანგრძლივად და მეტი after shok-ი ხდება. ამასთან, ძალიან დაბალია ალბათობა იმისა, რომ იმავე სიძლიერისა და უფრო ძლიერი მიწისძვრა მოხდება. უფრო მოსალოდნელია, რომ ეს სუსტი მიწისძვრები გაგრძელდება საკმაოდ დიდხანს, მაგრამ თანდათანობით ჩაცხრება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ჯავახიშვილმა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG