Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას ცნობს


მედვედევი და ჩავესი დღევანდელ შეხვედრაზე
მედვედევი და ჩავესი დღევანდელ შეხვედრაზე
რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ტანკები და სხვა იარაღი მიჰყიდოს ვენესუელას. ეს განცხადება, საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის” ცნობით, მოსკოვში, ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესთან მედვედევის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. მანამდე კი, შეხვედრის დაწყებამდე, ჩავესმა გამოაცხადა, რომ ვენესუელა აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ამდენად, სამამდე გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობას ცნობენ.

მოსკოვი სულ უფრო მჭიდრო კავშირს ამყარებს ვენესუელასთან, რომლის ლიდერიც 1998 წლიდან რჩება პრეზიდენტის პოსტზე და, უწინარეს ყოვლისა, ცნობილია მწვავე კრიტიკით შეერთებული შტატების მისამართით. კარაკასს და მოსკოვს შორის თანამშრომლობა - რომელიც მოსკოვში ჩავესის ამჟამინდელი ვიზიტით, როგორც ჩანს, ახალ საფეხურზე ავიდა - არა მარტო სამხედრო სფეროს, არამედ ენერგეტიკის, მანქანათმშენებლობის, მაღალი ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებსაც მოიცავს.

თუმცა დღეს ყველა ამ სფეროს შთამბეჭდავ ჩამონათვალზე მეტი ყურადღება მიიპყრო უგო ჩავესის შემდეგმა განცხადებამ:
“ვენესუელა რუსეთს უბამს მხარს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით. დღეიდან ჩვენ ამ რესპუბლიკას ვაღიარებთო”.

ჩვენი რადიო ვენესუელაში დაუკავშირდა კარაკასის უნივერსიტეტის პროფესორს, იურისტ ელსა კარდოსოს, და მას სთხოვა განემარტა, როგორია ვენესუელაში უცხო ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების პროცედურა: “კონსტიტუციური თვალსაზრისით, აქ ორი ასპექტია. სხვა სახელმწიფოს ცნობა პრეზიდენტის პრეროგატივაა. პრეზიდენტს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მიიღოს, მის შესახებ გამოაცხადოს და აღიარება ოფიციალურად აამოქმედოს. სამართლებრივი და კონსტიტუციური თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დიპლომატიურ მისიას დანიშნავს, საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მისიის ხელმძღვანელი, რომელსაც პრეზიდენტი ჩავესი დანიშნავსო.” - გვითხრა კარდოსომ და დასძინა: ”თუ საკითხს უფრო პოლიტიკური კუთხით განვიხილავთ, უნდა ითქვას, რომ იმ ქვეყნის აღიარებისას, რომელიც მხოლოდ ორმა სახელმწიფომ ცნო, ვენესუელის მთავრობა წარსულში შეეცდებოდა კონსენსუსისთვის მიეღწია და კონსულტაციები გაემართა. დღეს ვენესუელაში ასეთი კონსულტაციები, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, აღარ იმართება.”
მედვედევი და ჩავესი პრეს- კონფერენციაზე


ვენესუელელ პროფესორს ვკითხეთ , როგორი იყო ჩავესის განცხადებაზე რეაქცია თვით ვენესუელაში: “ცხადია, ახალი ამბავი მეტისმეტად გვიან გავრცელდა საიმისოდ, რომ დღევანდელ გაზეთებში მოხვედრილიყო. მაგრამ ვებსაიტებზე მას მოწინავე ადგილი უკავია, რადგან ის ვრცელდება კიდევ ერთი ისეთი საკითხის კონტექსტში, რომელიც ვენესუელელებს აღელვებთ - ეს საკითხი რუსეთ-ვენესუელის ურთიერთობაა. ბევრის აზრით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება არის საკითხი, რომლის გარკვევაში ვენესუელა არ უნდა ჩარეულიყო. მართლაც არ იყო საჭირო ისეთ სიტუაციაში გარევა, რომელიც ზრდის საერთაშორისო დაძაბულობას, თანაც გეოგრაფიულადაც და პოლიტიკურადაც ასე დაშორებულია ვენესუელისგანო” - თქვა კარდოსომ.

რუსეთში მყოფი უგო ჩავესის განცხადებაზე მასპინძლის, დმიტრი მედვედევის რეაქცია ასეთი იყო: “ჩვენ ვფიქრობდით და ახლაც ვფიქრობთ, რომ ყველა სახელმწიფოს სუვერენული საქმეა, აღიარებს თუ არა საერთაშორისო სამართლის ახალ სუბიექტებს. მაგრამ ჩვენთვის, რასაკვირველია, სულერთი არ არის ამ სახელმწიფოების ბედი და მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ ასეთ გადაწყვეტილებას იღებ”. დადებითია სეპარატისტების გამოხმაურებაც - ბუნებრივია, საქართველოსაგან განსხვავებით.

საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც ის “გმობს ვენესუელის ამ უკიდურესად არამეგობრულ ქმედებას და მიაჩნია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების ასე ხელაღებით დარღვევა თავად ვენესუელისთვის იქნება კონტრ-პროდუქტიული. უკიდურესად სამწუხაროა, რომ ამ გადაწყვეტილებით ვენესუელის დიქტატორი ახდენს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მომხდარი ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას”. ამავე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ კი თბილისში საინფორმაციო სააგენტო რეიტერსს უთხრა: “ჩვენ ვფიქრობთ, ვენესუელის დიქტატორმა ძალზე სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დროს ვენესუელის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სხვა არაფერია თუ არა რუსეთის მცდელობა, იყიდოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების დაპირება, იყიდოს ის ფულით და იარაღითო." სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა, საინფორმაციო სააგენტო “ფრანს პრესთან” ინტერვიუში, ჩავესი “მარგინალურ” პოლიტიკოსად მოიხსენია, ისევე როგორც დანიელ ორტეგა - ნიკარაგუის პრეზიდენტი. დღემდე ხომ, რუსეთის გარდა, მარტო ორტეგას ჰქონდა აღიარებული საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა.

მარგინალურია თუ არა, ჩავესი ბოლო დღეებში დიდი აქტიურობით გამოირჩევა - გარდა იმისა, რომ მას ლამის ვარსკვლავის მიღება მოუწყეს ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნის დოკუმენტური ფილმი აჩვენეს ვენესუელის ლიდერზე, ჩავესი ბელორუსიას სტუმრობდა, მანამდე კი - ირანსაც ეწვია და, ირანის მედიის ცნობით, ამ ქვეყნის ლიდერებს ვენესუელას და ირანს შორის ურთიერთობის განვითარებაზე მოელაპარაკა. ჩავესი ერთ-ერთი პირველი უცხოელი პოლიტიკოსია, რომელმაც აჰმადინეჟადს წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა - არჩევნებში, რომელთაც, როგორც ცნობილია, ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

რამდენიმე დღის წინ კი, ვენესუელაში, კოლუმბიასა და ევროპის რამდენიმე დედაქალაქში გაიმართა დემონსტრაციები, მიმართული ჩავესის წინააღმდეგ. დემონსტრანტები აკრიტიკებენ პრესის თავისუფლების სულ უფრო შეზღუდვას, და ოპოზიციის შევიწროვებას ვენესუელაში.
XS
SM
MD
LG