Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულება ჟენევა 7-დან ჟენევა 8-ში


გაეროს შტაბბინა ჟენევაში
გაეროს შტაბბინა ჟენევაში
კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე 17 სექტემბერს გამართული მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდზე, ჟენევაში, თანათავმჯდომარეებმა განსჯისათვის ცეცხლის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტის პროექტი წარადგინეს. პოტენციური ხელშეკრულების პროექტის ძირითადი პრინციპები მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთისათვის. შესაბამისად, მიღწეულია შეთანხმება, რომ 11 ნოემბერს, ჟენევის დისკუსიის მერვე რაუნდზე, ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები დოკუმენტის შესწორებულ ვარიანტს წარადგენენ. რას ითვალისწინებს კონფლიქტურ რეგიონებში უსაფრთხოების შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება და რატომ აღმოჩნდა იგი მიუღებელი რუსეთისთვის?

თბილისსა და სოხუმს, ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას რუსეთი დაჟინებით ითხოვს - მათ შორის, ჟენევის დისკუსიებზე, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკებების არაპირდაპირ წარმოების პრაქტიკულად ერთადერთ ტრიბუნას წარმოადგენს. “ამგვარ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოეწეროს საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის - ეს კატეგორიულად მიუღებელია ქართული მხარისათვის და სწორედ ეს ქმნის სირთულეს, - განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოზიცია კი შემდეგია: ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაფორმდეს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დეოკუპაციის პირობით. ეს პირობა კი, თავის მხრივ, მოიცავს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების აქტიურ ამოქმედებას.

„ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ვთვლით სავალდებულოდ. აქ ლაპარაკია, რომ ინსტრუმენტი უნდა არსებობდეს ამის შესრულებისა. ამის შესრულების ინსტრუმენტები კი არის ამ პირობებში მეტი საერთაშორისო წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის ძალების დაშორიშორება, დეოკუპაცია, დემილიტარიზაცია“, - განაცხადა ჟენევის კონსულტაციების დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ.

ჟენევის მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველმყოფელი ხელშეკრულების პროექტის ძირითადი კომპონენტები შემდეგნაირადაა განმარტებული: 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება, რაც, პირველ რიგში, რუსეთის ჯარების აგვისტოს ომის წინ არსებულ პოზიციებზე გაყვანასა და ქვეყნის დეოკუპაციას გულისხმობს; ამას გარდა, გამოკვეთილია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგი, საერთაშორისო ჩართულობა და გარანტიები, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების რეჟიმის განსაზღვრა, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება, ძალის არგამოყენება და ინციდენტების პრევენციის მექანიზმებისა და ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელოვან ფორუმად შენარჩუნება.

დოკუმენტი ქართული მხარის მიერ შეფასდა, როგორც სწორი მიმართულებით გაწეული სერიოზული ძალისხმევა, რომლის საბოლოო შედეგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო საპოლიციო და სამშვიდობო ძალების განლაგება და დეოკუპაცია უნდა იყოს. რა სავარაუდო სახეს მიიღებს ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტი, რუსეთის მიერ ჟენევაში გამოთქმული კრიტიკის გათვალისწინებით შესწორების ფონზე, და რა ტიპის კომპრომისებია დასაშვები მასში? - ამ შეკითხვით საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით დარჩიაშვილს მივმართეთ.

„დათმობა არ უნდა მოხდეს იმ მიმართულებით, რომ ეჭვის ქვეშ დადგეს სამართლებრივი სტატუსი ამ ტერიტორიების. დანარჩენი კი ნაბიჯ-ნაბიჯ რომ უნდა ვიაროთ და, პირველ რიგში, დევნილთა უფლებებია მისახედი და მათი უსაფრთხოება, ეს ისედაც გაცხადებულია. ანუ არის სარკოზის მიერ ინიცირებული ჩარჩო და იმ ჩარჩოში უნდა ვიმოძრაოთ“, - განმარტავს დავით დარჩიაშვილი.

იმას, რომ შექმნილ ვითარებაში მთავარი დისკუსიების გაგრძელებაა, ჟენევაში საქართველოს დელეგაციის წევრი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი სერგი კაპანაძეც აღიარებს:

„დისკუსია რომ გრძელდება, ეს უკვე პოზიტივია. პოზიტივია ისიც, რომ დისკუსია იმ იდეების გარშემო გრძელდება, რომლის უდიდესი ნაწილი ჩვენთვის მისაღებია. თუმცა ჯერჯერობით არ არის სახეზე ნიშანი იმისა, რომ რუსეთმა და მარიონეტულმა რეჟიმებმა პოზიცია შეიცვალონ.“

ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეები 17 სექტემბერს თითქმის 7 საათის განმავლობაში განიხილავდნენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცეცხლის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტის პროექტს, რომელშიც თანათავმჯდომარეებმა გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის მხარეებიდან რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის ხედვა ჩამოაყალიბეს. ამ ხედვის რუსეთის მოთხოვნის შესაბამისად ადაპტირებული ვარიანტი მოლაპარაკებების მაგიდაზე ჟენევის მერვე რაუნდზე, 11 ნოემბერს, დაიდება.
XS
SM
MD
LG