Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიასპორის მაცნე“ - ვირტუალური ხიდი სამშობლოსთან


იულონ გაგოშიძე
იულონ გაგოშიძე
საქართველოს მრავალრიცხოვანი დიასპორა, რომლის ძირითადი ნაწილი თურქეთში, ირანში, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებშია თავმოყრილი, მთელი რიგი მიზეზების გამო მოკლებულია სამშობლოსთან ინტენსიურ ურთიერთობას. ქართული კულტურული გარემო უცხო და ძნელად მისაწვდომი განსაკუთრებით ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი თაობებისათვისაა. სწორედ მათთვის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ადმინისტრაციამ ვებ-პორტალზე diaspora.gov.ge ყოველთვიური ელექტრონული ჟურნალი „დიასპორის მაცნე“ განათავსა. იდეის ავტორები იმედოვნებენ, რომ კულტურულ-საგანმანათლებლო ჟურნალი სამშობლოდან გადახვეწილ თანამემამულეებს ერთგვარი ვირტუალური ხიდის მაგივრობას გაუწევს.

ავი ბედისწერის წყალობით, კინორეჟისორმა ლია ელიავამ საქართველო გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში დატოვა. ამჟამად ფინეთში ფინელ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ამბობს, რომ სამშობლოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია:
“ვცხოვრობ საქართველოს პრობლემებით, საზღვარგარეთ მხოლოდ ვსუნთქავთ. მიჯაჭვული ვართ ინტერნეტს და საქართველოს შესახებ ყველაფერი ვიცით.“

ყველაფრის ცოდნაში ლია ელიავას საინფორმაციო საშუალებები ეხმარება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, საქართველოს თანამედროვე ყოფასა და კულტურაზე ინფორმაცია მაინც გამუდმებით აკლია. შესაბამისად, შორეულ ფინეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ინტერნეტში ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო ჟურნალის, „დიასპორის მაცნის“, გამოჩენას მხოლოდ მიესალმება.

„წვიმა“ - ასე ჰქვია ანსამბლ „მთვარის კლუბის“ კომპოზიციას, რომელიც, სხვა ორ სიმღერასა და ანსამბლის წევრებისათვის ჩამორთმეულ ინტერვიუსთან ერთად, „დიასპორის მაცნის“ ერთ-ერთ განყოფილებაშია განთავსებული. განყოფილებას „ბგერა, სივრცე, დრო“ ჰქვია, თუმცა, როგორც ელექტრონული გამოცემის რედაქტორი ქეთევან ქურდოვანიძე ამბობს, ჟურნალი სხვა არაერთი განყოფილებისგან შედგება. მისი თქმით, ჟურნალი თვეში ერთხელ განახლდება და შეეცდება ყველა თაობის წარმომადგენელთა ინტერესები დააკმაყოფილოს. სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში იულონ გაგოშიძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მოვალეა იზრუნოს დიასპორის წარმომადგენლებზე, როგორც საქართველოს ერთგულ შვილებზე, და არ გაწყვიტოს მათთან კავშირი:

„ეს ადამიანები საქართველოს ემსახურებიან, საქართველოსთვის არიან წასული საზღვარგარეთ. მეცნიერები, სპორტსმენები, ხელოვნების მუშაკები არიან წასული. გარდა იმისა, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას ახდენენ, საქართველოსაც ემსახურებიან. ამასთან, სამშობლოსთან მუდმივი კონტაქტიც აქვთ. ჩვენი ვებ-პორტალი და ეს ჟურნალი ამ კონტაქტს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.“

იულონ გაგოშიძე ჟურნალის პირველი ნომრის ერთ-ერთი თანაავტორიცაა. „დიასპორის მაცნე“ იხსნება „შუშანიკის წამების“ ადაპტირებული ტექსტით, რომელსაც პროფესიით ისტორიკოსი მინისტრის ვიდეოლექცია და ქართული საგალობელი ახლავს.

ჟურნალში ასევე მოისმენთ ქართულ კლასიკურ და თანამედროვე მუსიკას, საავტორო სტუდიის მიერ ჩაწერილ ქართულ ხალხურ ზღაპარს, ინტერვიუს ახალგაზრდა პიანისტ ანა გოგავასთან; წაიკითხავთ მასალებს ქართული დიასპორის ისტორიიდან, სტატიას ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შესახებ, რომლის ავტორი ლევან ურუშაძეა. „ქაქუცას გარეშე პირველი ნომრის გამოშვება უსამართლობა იქნებოდაო“, გვითხრა პროფესორმა გურანდა ღვალაძემ:

„2009 წელი ქაქუცას საიუბილეო წელია. თან, ქაქუცა მთელ დიასპორაში ყველაზე გამორჩეული პიროვნება იყო. არაჩვეულებრივია მთელი მისი სიცოცხლე. საკუთარი და ოჯახის კეთილდღეობა საქართველოს, თავისუფლებისათვის ბრძოლას მიუძღვნა.“

უნდა ითქვას, რომ „დიასპორის მაცნეში“ ვერ ნახავთ ეგრეთ წოდებულ სკანდალურ ანდა სენსაციურ მასალებს, თუმცა, ამის მიუხედავად, შვეიცარიაში ქართული დიასპორის წარმომადგენელი ირმა მგელაძე იმედოვნებს, რომ ჟურნალს მომხმარებელი არ მოაკლდება და იგი განსაკუთრებით დიასპორის ახალგაზრდა წევრებს წაადგება:

„მე ვეღარაფერი შემარყევს. ჩემს რწმენას, ჩემს ფესვებს ძებნა არ სჭირდება, მაგრამ სულ სხვაა ახალგაზრდა თაობა, რომლისთვისაც საქართველო მხოლოდ საკუთარ ოთხ კედელშია მოქცეული და იმას იქით აღარ აქვთ შეხება. ამ ახალგაზრდებს სჭირდებათ მუდმივად იმის შეგრძნება, რომ, დედის გარდა, კიდევ არის საქართველო.“

ირმა მგელაძე ამბობს, რომ სამშობლოსთან, მშობლიურ ენასთან გაუცხოების პრობლემას საკუთარ ოჯახში ებრძვის. მისი ქალიშვილი ანა რუსეცკი ძალიან პატარა იყო, როცა მშობლებთან ერთად სამშობლო დატოვა:

„დედა მელაპარაკება ქართულად, მაგრამ, ძირითადად, გერმანულად მიწევს ურთიერთობა. შეძლებისდაგვარად ვცდილობ უკეთესად ვისწავლო ქართული.“

ცხადია, ანასგან განსხვავებით, უფროსი თაობის ემიგრანტებს სულ სხვა პრობლემები აწუხებთ. ფინეთში მცხოვრები რეჟისორი ლია ელიავა ამბობს, რომ საზღვარგარეთ კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა სამშობლო და მეტად ქართველი გახდა. შესაბამისად, სულით და გულით სწადია სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ვერ ახერხებს:

„ იმის გამო, რომ სამშობლო მოგენატრება, ცოტა ძნელია, რომ უღალატო ადამიანს, რომელთანაც ბედის ძაფებით ხარ გადაბმული. ამიტომ მიწევს ხშირი მიმოსვლა, სულ ჰაერში ვარ გამოკიდებული. თვითმფრინავი ჩემი კიდევ ერთი სამშობლოა.“
ლია ელიავა ამბობს, რომ მისი ფიქრი და ოცნება საქართველოსა და სამშობლოში დაბრუნებას უკავშირდება, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ ნამდვილი ოცნებების ასრულება ძალიან ძნელი ანდა საერთოდაც შეუძლებელია. „ოცნება ღრუბელს ჰგავსო“, მღერიან „მთვარის კლუბის“ წევრებიც, რომელთა სიმღერებით „დიასპორის მაცნის“ პირველი ნომერია გაფორმებული.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG