Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთ-ისრაელის უთანხმოება: გეოპოლიტიკური ცვლილების ნიშანი?


ამ კვირაში თურქეთმა თავის ტერიტორიაზე, ნატოს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა ერთ-ერთ ტრადიციულ მოკავშირეს, ისრაელს. თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განმარტებით, ეს ნაბიჯი მას გადაადგმევინა საზოგადოებრივმა აზრმა, რომელიც არცთუ კეთილგანწყობილია ისრაელის მიმართ, ღაზის სექტორში მისი მოქმედების გამო. თუმცა ზოგი ექსპერტი ერდოანის გადაწყვეტილებას სხვა მიზეზით ხსნის და ვარაუდობს, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრის ეს ნაბიჯი, შესაძლოა, მიანიშნებდეს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებაზე ახლო აღმოსავლეთში: თანამშრომლობის დასრულებაზე თურქეთისა და ისრაელის სამხედრო ძალებს შორის.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება, არ დაეშვა ისრაელის მონაწილეობა მიმდინარე კვირაში ნატოს სამხედრო წვრთნებში, გამოწვეული იყო დიპლომატიური მოსაზრებებით და თურქეთში საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების სურვილით.

“ყველა მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის აუცილებელია, გაითვალისწინოს ხალხის მოთხოვნები. ეს არის აუცილებლობა”, განაცხადა ერდოანმა და დასძინა, რომ ვერ გაუწევს “იგნორირებას საკუთარი ხალხის მოთხოვნას ამ საკითხში”.

სამხედრო მანევრები 12 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ განუსაზღვრელი ვადით გადაიდო მას შემდეგ, რაც აშშ-მა და იტალიამ უარი თქვეს მონაწილეობაზე ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად.

თურქეთის გადაწყვეტილება მოულოდნელად არ უნდა ჩაითვალოს, თუ გავითვალისწინებთ ანკარის და თელ-ავივის მრავალწლიანი ალიანსის ნელნელა შესუსტებას განვლილი წლის მანძილზე. პარიზში მოღვაწე ექსპერტის, დოროთე შმიდის შეფასებით, ერდოანის ნაბიჯი აჩვენებს, რომ თურქეთის არმია კარგავს ძლიერ გავლენას, რომელსაც მრავალი წელი ახდენდა ანკარის საგარეო-პოლიტიკურ კურსზე. შმიდი აღნიშნავს, რომ თურქეთი ამჟამად ანვითარებს ახალ სახელმწიფო ხედვას მთელს თავის სამეზობლოსთან მიმართებით. ამავე დროს მიმდინარეობს ცვლილების პროცესი ქვეყნის შიგნით ძალაუფლების ორგანიზებაში, რის შედეგადაც, გარკვეულწილ სუსტდება თურქეთის არმიის უნარი, თავს მოახვიოს პოლიტიკური შეხედულებები მთავრობას. “ამ ორი პროცესით, რომლებიც, ყოველ შემთხვევაში, თურქეთის მხრიდან მოჩანს, შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას ბოლოდროინდელი უარყოფითი პროცესი ისრაელთან ურთიერთობაში”, ამბობს პარიზში მოღვაწე ექსპერტი.

თუ შმიდმა ისრაელისა და თურქეთის ურთიერთობის გაუარესების მიზეზებზე ისაუბრა, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორ ჯორჯ ჯოფეს ვთხოვეთ განემარტა მიზეზები, რომლებიც მრავალი წელია განაპირობებს ანკარისა და თელ-ავივის მჭიდრო კავშირებს.

“მათი ურთიერთობები, მართლაც, მრავალი წელი არის ძლიერი და სტრატეგიული ურთიერთობები ორივე ქვეყნისთვის. ისრაელისთვის ამ ურთიერთობებთან დაკავშირებული სარგებელი სრულიად აშკარა იყო: ისრაელს ეძლეოდა შესაძლებლობა, საკუთარი თავი განეხილა ახლო აღმოსავლეთის ნაწილად და იქ მიმდინარე მოვლენების მონაწილედ. ამავე დროს ისრაელს ეძლეოდა სივრცე თავისი საჰაერო ძალების სავარჯიშოდ და პარტნიორის როლი თურქეთის არმიის აღჭურვაში”, განმარტავს პოლიტოლოგი.

შემოტრიალების წერტილად ანალიტიკოსები გასული წლის დეკემბერს მიიჩნევენ, როცა ისრაელის ჯარები ღაზაში შეიჭრნენ და იქ, როგორც უფლებადამცველები ირწმუნებიან, 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1000-მდე პალესტინელი სამოქალაქო პირი.

იანვარში დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმში მონაწილეობისას, ერდოანმა დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან შელაპარაკების შემდეგ. აი, რა თქვა ერდოანმა: “როცა საქმე მოკვლას ეხება - თქვენ ისრაელში კარგად იცით, როგორ უნდა ხალხის დახოცვა. მახსოვს ბავშვები, რომლებიც თქვენ ისრაელში, პლაჟებზე დახოცეთ, მახსოვს თქვენი ქვეყნის ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომლებსაც ჩემთვის აქვთ ნათქვამი, რომ ძალიან გახარებული იყვნენ, როცა პალესტინაში ტანკებით შეჭრის შესაძლებლობა მიეცათ”.

იანვარში დავოსში ერდოანის ეს განრისხება ზოგმა თურქმა ექსპერტმა შინ, ქულების დასაწერად დადგმულ სცენად მიიჩნია: თურქეთში მოახლოებული იყო ადგილობრივი არჩევნები და ერდოანი, ამ ექსპერტების აზრით, თავისი პარტიის მხარდამჭერების რიცხვის გაზრდას ცდილობდა. მაგრამ დავოსის ეპიზოდს დღეს სულ უფრო მეტი პოლიტოლოგი მიიჩნევს ისრაელთან ურთიერთობის ტრანსფორმირების მცდელობის დაწყებად.

კემბრიჯში მოღვაწე ჯორჯ ჯოფეს შეფასებით, ჯერ ნათელი არ არის, დასრულდება თუ არა ეს პროცესი ისრაელთან თურქეთის ალიანსისთვის ბოლოს მოღებით. ჯოფე ღაზის ინციდენტს ის მოვლენად, რომელმაც თურქეთის მთავრობა დაარწმუნა, რომ ვერ მისცემს თავს უფლებას, მეტისმეტად ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოს ისრაელთან და ამის გამო ცდილობს მისგან თანდათანობით დისტანცირებას. “ჯერ არ არის ნათელით, მივა თუ არა საქმე განხეთქილებამდე და ურთიერთობის სრულ ტრანსფორმირებამდე. მაგრამ სავსებით ნათელია, რომ გარკვეული ფუნდამენტური ცვლილება ხდება”, აბობს ჯოფე. მისი აზრით, ეს ცვლიილება ირეკლავს საშინაო-პოლიტიკურ ცვლილებებს თურქეთში, მთავრობასა და არმიის სარდლობას შორის ურთიერთობის თვალსაზრისით.

პოლიტოლოგმა ჯორჯ ჯოფემ “ფუნდამენტური ცვლილების” პროცესი ახსენა. საილუსტრაციოდ, ალბათ, სომხეთთან თურქეთის ბოლოდროინდელი დაახლოებაც გამოდგება. რამდენად შეეხება ეს პროცესი საქართველოსთან თურქეთის ურთიერთობას, ეს უკვე დრომ უნდა აჩვენოს.
XS
SM
MD
LG