Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მდგომარეობაა საქართველოში ტყით სარგებლობის კუთხით


გარემოსდამცველები საქართველოში ტყით სარგებლობის სფეროში ბოლო დროს ვითარების გაუმჯობესებას ნამდვილად ატყობენ და მათ ახლა, აშკარად, ნაკლები პრეტენზიაც აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ტყის მასივების ინვენტარიზაციამ და ზოგიერთმა საკანონმდებლო ცვლილებამ პრობლემების დიდი წილი, მართლაც, მოხსნა, თუმცა გასაკეთებელი ჯერ ისევ ბევრია. ხე-ტყის თემამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა თავი იმ ფონზე, როცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. საუბარია სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილ უფროსსა და ამავე ინსპექციის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეზე, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ”უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყესთან დაკავშირებით არ ახორციელებდნენ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას და მეწარმეებს, ქრთამის სახით, სხვადასხვა რაოდენობის თანხას სძალავდნენ”. რა მდგომარეობაა საქართველოში, ტყით სარგებლობის კუთხით, და რამდენად ექვემდებარება სიტუაცია კონტროლს?

სატყეო სფერო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კორუფციულ სფეროდ მიიჩნევა. პრობლემის მასშტაბი კი, ზოგადად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ფლობს სახელმწიფო კონტროლის ბერკეტებს და რამდენად იძლევა ესა თუ ის კანონი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებში მინისტრი გოგა ხაჩიძე, ძირითადად, თანამშრომლებისადმი ადამიანურ ნდობაზე ამახვილებდა ყურადღებას და გამოხატავდა იმედგაცრუებას, რომ ეს ნდობა, ზოგ შემთხვევაში, არ ამართლებს. რაც შეეხება, ზოგადად, ხე-ტყით სარგებლობის სფეროში დაწესებულ კონტროლს, მინისტრს მიაჩნია, რომ კონტროლი საგრძნობლად გამკაცრდა და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ლიცენზიანტებს მხოლოდ ინვენტირებული ტყის მასივები გადაეცემათ.

გიორგი ხაჩიძე
”განსაკუთრებით ჩვენს პერიოდში, ბოლო პერიოდში, არ აქვს საშუალება ლიცენზიანტს, რომ უკონტროლო ჭრა განახორციელოს. ჩვენ ვიცით - რა მივეცით, ვიცით - რამდენი უნდა მოჭრას. დაანგარიშებული გვაქვს, რამდენია მოსაჭრელი და რამდენის მოჭრას აიტანს ესა თუ ის სატყეო უბანი. გვაქვს კონტროლის მექანიზმები, ამ ყველაფერს ვამოწმებთ და მათ ეს მშვენივრად იციან”, - აღნიშნავს ხაჩიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

ინვენტარიზაციის პროცესს მიესალმება და მნიშვნელოვან წინსვლას მართლაც ხედავს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი, თუმცა მას მაინც ეჭვი ეპარება კონტროლის მექანიზმების გამართულობაში. მისი დაკვირვებით, ამ მხრივ სახელმწიფოს შესაძლებლობები და ცოდნა მეტად შეზღუდულია. ამასთან, კანონმდებლობა არ აძლევს საშუალებას, მაგალითად, გარემოს დაცვის ინსპექციას, რომ განახორციელოს მაკონტროლებელი ფუნქცია.

ირაკლი მაჭარაშვილი
”ლიცენზიანტი ვალდებულია, რომ ერთი წლის შემდეგ წარმოადგინოს სალიცენზიო პირობებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება გარემოს დაცვის ინსპექციაში. და შემოწმების საშუალება მხოლოდ წელიწადში ერთხელ არსებობს. ისიც, შემოწმება ხდება შერჩევით”, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი, რომლისთვისაც გაუგებარია ისიც, ”თუ რა პრინციპით ხდება შერჩევა”.

ლიცენზიანტებისგან ტყის მასივებისთვის მიყენებული ზარალის კონტროლი ასევე არასრულფასოვნად მიაჩნია საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარეს, გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს ნინო ჩხობაძეს, და აქვე ხე-ტყით უკანონო სარგებლობის პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას. ამასთან, ის არ თვლის, რომ ჭრის საერთო მასშტაბები შემცირდა: ”ჩვენ გვქონდა უკანონო ჭრების უფრო მეტი პროცენტი, რაც დღეს უკვე ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს კანონიერი ჭრებია.” მისი პროგნოზით, საქართველოში ენერგომატარებლებზე ფასის მატების გამო, ”აუცილებლად გაიზრდება უკანონო ჭრების პროცენტული რაოდენობა.”

ნინო ჩხობაძე
პოტენციურად მზარდი უკანონო ჭრების უზარმაზარი პრობლემის სრულფასოვანი გაკონტროლება ასევე წარმოუდგენლად მიაჩნიათ გარემოსდამცველებს, სამინისტროს ხელთ არსებული მწირი რესურსების გათვალისწინებით. მაგალითი ირაკლი მაჭარაშვილს მოჰყავს: ”მაშინ, როდესაც ერთ მეტყევე რეინჯერს (ანუ ტყის მცველს, ძველებურად რომ ვთქვათ) აბარია, დაახლოებით, 5 ათასი ჰექტარი, მას არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალება, ცხენიც არ ჰყავს, არ აქვს რუკები და არც ცოდნაც აქვს სატყეო სფეროში, შესაბამისად - სატყეო ფართობი დაუცველია, აბა რა არის?!”

ამ ყველაფრის მიუხედავად, გარემოსდამცველები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ პროგრესი აშკარაა და რომ შეუძლებელია დღევანდელი ვითარების შედარება თუნდაც ორი წლის წინანდელთან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG