ტირძნისელი მოსწავლეები პატიმრობაში რჩებიან. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, გუშინ საღამოს ცხინვალის ტელევიზიით თვითაღიარებული რესპუბლიკის შსს მოადგილის - ვიტალი გასიევის კომენტარი გადაიცა. მან განაცხადა, რომ ბავშვები ოთხშაბათს, 22:30 საათზე ცხინვალში დააკავეს, რომ მათ უკანონოდ გადაკვეთეს საზღვარი და აღმოაჩნდათ ხელყუმბარები და ასაფეთქებელი ნივთიერება. ტელევიზიით აჩვენეს ტირძნისელი მოსწავლეებიც. მათ ვიდეო-კადრებში ფიზიკური ზემოქმედების კვალი არ ეტყობოდა. მოზარდები ასახელებენ საკუთარ სახელებსა და ასაკს. ნაჩვენები იყო კადრები, რომლებზეც ჩანდა, თუ როგორ მიდიან მოსწავლეები ოს მილიციელებთან ერთად იმ ადგილზე, საიდანაც იღებენ ჩანთას, რომელშიც აღმოჩნდება სწორედ ის ნივთები, რაზეც შსს მინისტრის მოადგილე კომენტარში საუბრობს. ტელევიზიით გადაცემულ კადრებში ერთ-ერთი დაკავებული - გიორგი რომელაშვილი ამბობს, რომ ბებიის სახლის სანახავად მიდიოდა სოფელ ხეითში და გზად დააკავეს. დანარჩენი დაკავებულები კი ამბობენ, რომ თანასკოლელს გაჰყვნენ. ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი რომელაშვილის მამის ნათესავები ცხინვალში ცხოვრობენ. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტს რომელაშვილის დედამ უთხრა, ცხინვალში მცხოვრები მათი ნათესავები ”უბრალო ადამიანები” არ არიან და კოკოითის ხელისუფლებაში მუშაობენ. თვითაღიარებული რესპუბლიკის შსს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან პირები, ვისაც ვითარების დაძაბვა სურს.
ყველაზე პოპულარული
1