Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გატაცებული მოზარდები ისევ ცხინვალში არიან


სოფელ ტირძნისში ამ დრომდე უშედეგოდ ელიან, რუსი მესაზღვრეებისა და ცხინვალელი მილიციელების მიერ დაკავებული სკოლის მოსწავლეების გათავისუფლებას. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსი დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, არასრულწლოვნებთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა შედგება, მაგრამ არ კონკრეტდება - როდის. ოსი სამართალდამცავები ტირძნისის საშუალო სკოლის მოსწავლეებს გიორგი რომელაშვილს, ალეკო ცაბაძეს, ვიქტორ ბუჩუკურსა და ლევან ხმიადაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გადატანის ბრალდებას უყენებენ. საქართველოს ხელისუფლება კი მათ სეპარატისტების მიერ გატაცებულებად მიიჩნევს და დაკავებულების დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

წუხელ, ცხინვალის სახელმწიფო ტელევიზიით მოზარდების დაკავებას ვრცელი რეპორტაჟი მიეძღვნა. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვიტალი გასიევმა განაცხადა, ტირძნისელი მოსწავლეები ცხინვალში დააკავეს. მისი თქმით, მოზარდები ქალაქში სოფელ ფრისის მხრიდან შევიდნენ. გასიევის მტკიცებით, გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ მოსწავლეები ბუჩქებში მოწყობილ სამალავში ხელყუმბარებსა და ასაფეთქებელ მოწყობილობას მალავდნენ. ამის შემდეგ კადრში ჩანს მილიციელების თანდასწრებით ბავშვები როგორ გამოიტანენ ბუჩქებიდან ხელჩანთას, სადაც ოთხი „ფ1“ ტიპის ხელყუმბარა და გაურკვეველი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა.

რეპორტაჟში მოსწავლეების მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების ნაწილიც გამოიყენეს, სადაც დაკავებულები საკუთარ ვინაობას ასახელებენ. შემდეგ კი ჰყვებიან, რომ გიორგი რომელაშვილს სოფელ ხეითში ბებიის სახლის სანახავად მიჰყვებოდნენ. ხეითი ცხინვალის გვერდით მდებარეობს და ამჟამად ოკუპირებულია. დაკავებულები აღმოჩენილი ხელყუმბარების შესახებ არაფერს ამბობენ.

ცხინვალის ტელევიზიის მიერ მომზადებული რეპორტაჟი დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიტალი გასიევის ინტერვიუთი სრულდება, სადაც იგი საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ბავშვების გამოყენებით პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.

დაკავებული გიორგი რომელაშვილის დედა, ლელა მდინარიძე მისი შვილისთვის საბრძოლო მასალების გადატანისთვის წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. იგი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ გიორგი ცხინვალში ნათესავებთან პირველად არ ჩასულა, გარდა ამისა, იგი სოფელ ხეითში ბებიის სახლის მოსანახულებლადაც მიდიოდა ხოლმე.

ტირძნისელი მოსწავლეების გათავისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ითხოვენ. ორგანიზაციის „მეგობრობის ხიდი-ქართლოსის“ წარმომადგენლები მიმართვას ცხინვალში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უგზავნიან. ორგანიზაციის თავმჯდომარის მეგი ბიბილურის განცხადებით, ოსური არასამთავრობო სექტორი აქტიურად უნდა ჩაერთოს არასრულწლოვანების გათავისუფლების საქმეში.

წუხელ, ტირძნისში, გაეროს ქალთა ფონდის წარმომადგენელი არინა თავაქარაშვილიც იმყოფებოდა. მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები მოზარდების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებენ.

ტირძნისში, ცხინვალიდან ახალ ინფორმაციას ელიან. თუ დაკავებულების გათავისუფლება უახლოეს პერიოდში არ მოხდება, როგორც არასამთავრობო სექტორი, ისე ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მოაწყობს.
XS
SM
MD
LG