Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტირძნისელი მოზარდების საქმე ცხინვალსა და ჟენევაში განიხილება


დაკავებული მოზარდები: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი
დაკავებული მოზარდები: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი
ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი გია თორთლაძე დღეს დილიდან ერგნეთის საგუშაგოზეა. იგი მზად არის ცხინვალში დაკავებულ ოთხ ქართველ მოზარდს ჩაენაცვლოს. ამის შესახებ განცხადება თორთლაძემ ბლოკ-საგუშაგოსთან დილით გააკეთა. მან რუს მესაზღვრეებს და კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვების გათავისუფლება მოსთხოვა, უკიდურეს შემთხვევაში კი - მათი მონახულება და გათავისუფლებამდე მათთან დარჩენა. დეპუტატი ამ დრომდე ელოდება გამოხმაურებას.

გია თორთლაძემ მიმართვა ნეიტრალურ ტერიტორიაზე ცხინვალიდან გამოსულ რუსული ჯარის წარმომადგენელს და ცხინვალის უშიშროების თანამშრომელს გადასცა.

ცხინვალში დაკავებული ბავშვების ოჯახები ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან იღებენ. წითელი ჯვარი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მოზარდების მდგომარეობის შესახებ ფლობს ინფორმაციას. თუმცა, ორგანიზაციის გორის ოფისში ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას არ აპირებენ. წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ მათი მიზანი დაკავებულებსა და მათ მშობლებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებაა.

საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორში მყოფი არასრულწლოვანები უკვე მოინახულეს და მათ მშობლების მიერ გაგზავნილი წერილები გადასცეს. როგორც რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი რომელაშვილის დედამ ლელა მდინარიძემ განუცხადა, შვილს მოკითხვის წერილი გაუგზავნა და ახლა იქიდან პასუხს ელოდება. გორის რაიონის ტერიტორიაზე მომუშავე წითელი ჯვრის წარმომადგენლები მალე ოჯახებიდან ბავშვებისთვის გაგზავნილ ტანსაცმელს და პროდუქტებს ცხინვალელ კოლეგებს გადასცემენ, მათგან კი არასრულწლოვანების მიერ დაწერილ საპასუხო წერილებს წამოიღებენ.

ცხინვალში დაკავებული ბავშვების გათავისუფლების საკითხი ჟენევის დისკუსიის მერვე რაუნდის მთავარი თემაა. ქართული მხარე მოზარდების დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, თავის მხრივ - ოსური მხარე უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების მოძიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების მიზანშეწონილობის საკითხს დააყენებს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, ისეთი შეხვედრების ჩატარებას აზრი არა აქვს, სადაც ხელშესახები შედეგები არ არის. გარდა ამისა, ჟენევის დისკუსიის მონაწილე მხარეები კონფლიქტურ რეგიონებში ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულების პროექტზეც იმსჯელებენ.

სოფელ ტირძნისის მცხოვრები ოთხი არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი რუსმა მესაზღვრეებმა და ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას სდებს ბრალად. საქმე ცხინვალის პროკურატურა იძიებს. საქართველოს ხელისუფლება მოზარდების გათავისუფლებაში დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს.

XS
SM
MD
LG