Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეთევზეები ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს


შავი ზღვის სანაპირო, აფხაზეთი
შავი ზღვის სანაპირო, აფხაზეთი
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორთან, შავ ზღვაში თევზაობისას, რუსმა მესაზღვრეებმა 10 ნოემბერს ცხრა ადამიანი დააკავეს. მათგან შვიდი გალის რაიონის სოფლების, გაგიდის და ფიჩორის მკვიდრია, ორი კი - ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიის. ისინი უკანონო თევზჭერაში დაადანაშაულეს.

ანაკლიელმა რუსლი ქილიჩოღლიმ დღეს რადიო თავისუფლებას უამბო, რომ თანასოფლელ გოდო გადელიასთან ერთად გალის რაიონის ტერიტორიაზე თევზაობისას მათთან რუსი მესაზღვრეების გემი მივიდა, დაკავების შემდეგ კი - ჯერ გალის აფხაზურ ადმინისტრაციაში, შემდეგ კი - ოჩამჩირის მილიციაში გადაიყვანეს. ორივე მათგანი 11 ნოემბერს საღამოს 10 საათისთვის გაათავისუფლეს.

რუსლი ქილიჩოღლი
რუსლი ქილიჩოღლიმ ფიჩორელი და გაგიდელი მეთევზეების დაკავების შესახებ არაფერი იცის, რადგან, ისინი მათთან ერთად არ ყოფილან. ანაკლიელმა მეთევზემ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ დაკავებისას და შემდეგაც მათ ნორმალურად ეპყრობოდნენ და სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მისივე თქმით, გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახებმა 200 ლარის ეკვივალენტი რუსული რუბლი გადაიხადეს.

თავის მხრივ, სამეგრელო–ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა მეთევზეები საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

მეთევზეების დაკავებას გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და რუსეთი სახიფათო პროვოკაციებში დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ახალი კონფლიქტისთვის წინაპირობის შესაქმნელად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაციის უკიდურესად დაძაბვას ცდილობს.
XS
SM
MD
LG