Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო ბარიერი – „ალიანსი საქართველოსთვის“ საკითხს დახურულად არ მიიჩნევს


საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობის - კერძოდ, რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის - შედეგებს დღეს საქართველოს პარლამენტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება და სამართლიანი არჩევნებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნა– ესაა ის პრიორიტეტები, რომლებიც დიპლომატებმა გამოკვეთეს. საზოგადოებაში კი კვლავაც გრძელდება სჯა-ბაასი თბილისის მერის არჩევნებში 30 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესების შესახებ, რომელიც ჯერ მხოლოდ შეთანხმების საგანია და ისიც - ნაწილობრივ.

კომპრომისზე ორიენტირებული დემოკრატიული პროცესი - ესაა კიდევ ერთი შეფასება, რომელიც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის თქმით, დიპლომატებს ეკუთვნით. კომპრომისის თემა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში 12 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, როდესაც, საარჩევნო ჯგუფის ფარგლებში, ერთი სუბიექტის - კერძოდ, „ალიანსი საქართველოსათვის“ - გამოკლებით, მიღწეულ იქნა სიტყვიერი შეთანხმება თბილისის მერის არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის შემოღებისა და მისი 30 პროცენტით განსაზღვრის შესახებ. ხელისუფლების კომპრომისი ამ შემთხვევაში ნულოვან ბარიერზე უარის თქმით გამოიხატება. რატომ ემხრობოდა მმართველი პარტია ნულოვან ბარიერს და რა უპირატესობას ხედავდა მასში სხვასთან შედარებით? -ამ შეკითხვით საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს მივმართეთ.
“რასაც ჩვენ ვთავაზობთ, იყო ყველაზე მისაღები ოპოზიციისთვის. ეს ნიშნავდა, რომ თუ ისინი პოპულარულები და პირველ ადგილზე არიან, როგორც თვითონ ამბობენ, მათი კვლევის თანახმად, მაშინ ტარდებოდა არჩევნები და პირველ ადგილზე გასული ხდებოდა ქალაქის მერი. ჩვენს კოლეგებს კი უნდოდათ, რომ ყოფილიყო 50 პროცენტიანი ბარიერი.“

ოპოზიციური სპექტრის - ამ შემთხვევაში კი, როგორც ჩანს, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის - ფარგლებში უმცირესობაში აღმოჩენილი „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრებისთვის 50 პროცენტიანი ბარიერის შემოღება ქალაქის მერის მაღალი ლეგიტიმაციით არჩევას ნიშნავდა - ეს იქნებოდა საკანონმდებლო გადაწყვეტილება, რომელიც დედაქალაქში პოლიტიკურ ვნებათაღელვას დააცხრობდა და ხალხს ისევ ქუჩისკენ არ უბიძგებდა. ესაა მთავარი პრინციპი, რომელსაც, რესპუბლიკელ დავით უსუფაშვილის შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესში პირველ რიგში ითვალისწინებს „ალიანსი“:

“ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ აი, მიიღეთ 14 პროცენტი და, თუ სხვებზე მეტი აღმოჩნდება, თქვენ იქნებით მერი. ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის ეს სწორი. 14 და 22 და 31 პროცენტით მხარდაჭერილი მერი თბილისს ვერ მართავს, იმიტომ რომ 70 პროცენტი მას ქუჩაში ეყოლება, პროტესტის გამომხატველი მოქალაქეების სახით. ჩვენ ამას ვპასუხობთ ხელისუფლებას. ისინი გულწრფელები არიან. როგორც ჩანს, ითვლიან და რადგან ზუსტად იციან, რომ შეუძლებელია მათ კანდიდატს თბილისის ნახევარზე მეტმა დაუჭიროს მხარი, ამიტომ რაღაცა სხვა მექანიზმებს გვთავაზობენ.“

მექანიზმი, რომელიც საპარლამენტო პარტია ქრისტიან-დემოკრატების მიერ ინიცირებული და ხელისუფლებისა და სამუშაო ჯგუფის სხვა ოპოზიციური სუბიექტების - ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის, მრეწველების, ქართული დასისა და საქართველოს დემოკრატიული პარტიის - მიერ მხარდაჭერილი აღმოჩნდა, თბილისის მერის არჩევნებში 30 პროცენტიანი ბარიერის შემოღებას გულისხმობს. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, კენჭისყრა ჯგუფის ფარგლებში ჯერ არც ერთ საკითხზე არ გამართულა. გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი კონსენსუსს ითვალისწინებს, თუმცა შესაძლებელია, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში, სუბიექტმა მონაწილეობა არ მიიღოს კონკრეტულ საკითხზე კენჭისყრაში ან საერთოდ დატოვოს მოლაპარაკებათა ფორმატი. თუმცა „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრები აღნიშნავენ, რომ ჯერ საქმე აქამდე არ მისულა და მუშაობა, მათ შორის, 30 პროცენტიანი ბარიერის შემოღების მიზანშეწონილობაზე, ჯერ ისევ გრძელდება. ექსპერტთა წრეებში მიიჩნევენ, რომ 30 პროცენტიანი ბარიერი ოპოზიციისთვის წამგებიანი აღმოჩნდება, რადგან მათი ძირითადი რესურსი ბარიერია.

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მუშაობაში არაპირდაპირ, ანუ დამკვირვებლის სტატუსით, ჩართულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. როგორც ერთ-ერთი მათგანის -“ სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების“ - ხელმძღვანელმა ეკა სირაძე-დელონემ გვითხრა, მერის პირდაპირი წესით არჩევნებში ბარიერის დაწესების საერთაშორისო პრაქტიკა მრავალფეროვანია და, ძირითადად, ცალკეულ ქვეყანაზეა სპეციფიკურად მორგებული. როგორი მოდელი იქნებოდა ოპტიმალური საქართველოსთვის? - ამ შეკითხვაზე ეკა სირაძე-დელონე გვიპასუხებს:

“ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბარიერი უნდა იყოს. ჩვენთან პოლიტიკური მდგომარეობაა ისეთი, რომ რაც უფრო მაღალი იქნება ბარიერი, მით უკეთესი იქნება იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები ჯანსაღად განვითარდეს.“

„სამართლიან არჩევნებში“ მიიჩნევენ, რომ ამავე მიზნით სასურველი იქნებოდა ბარიერის დაწესება საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩევნებზეც. პროექტით, რომელიც პრაქტიკულად შეთანხმებულად ითვლება, თბილისის საკრებულოს მანდატები პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩევნებში თანაბრად გადანაწილდება, ფარდობით - 25-25-ზე.
XS
SM
MD
LG