Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდები მე-13 დღეა დაკავებული არიან


ტირძნისელი მოზარდები
ტირძნისელი მოზარდები
ცხინვალში დაკავებული ტირძნისელი არასრულწლოვანების საქმეს თვითაღიარებული ცხინვალის პროკურატურა იძიებს. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა მიაწოდა. თავისუფლებასთან ინტერვიუში მან ორივე - ქართულ და ოსურ მხარეს დაკავებული ადამიანების გათავისუფლების საკითხი დააყენა. ჩოჩიევი პირველ რიგში ქართული მხარისგან უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ითხოვს.

ჟენევის დისკუსიის მერვე რაუნდის დასრულების შემდეგ ოსური საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ოსური მხარე ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას დროებით აჩერებს, თუმცა აცხადებს, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით შეხვედრებისა და მუშაობის გაგრძელება.

19 ნოემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი. თუ ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლება მანამდე არ მოხერხდა, ქართული მხარე დამატებითი ინფორმაციის მიღებას სწორედ ერგნეთის შეხვედრიდან ელის. ამის შესახებ ქართულ საინფორმაციო სააგენტოებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა.

სახელმწფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი რუსეთს მოუწოდებს, ცხინვალში დაკავებული ქართველი მოზარდები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლოს.
იგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს. მინისტრი ბავშვების უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს უფრო აქტიურად ჩაერთონ ბავშვების გათავისუფლების საქმეში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით ცხინვალის იზოლატორში მყოფი ქართველი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც მოახერხა ბავშვების მონახულება ორი კვირის განმავლობაში “წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია” არის და ახლა ორგანიზაციის წარმომადგენლები ცდილობენ მედიკამენტების იზოლატორში შეტანას.

განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება ცხინვალიდან. ოსური მხარე იუწყება, რომ მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და მხოლოდ ალეკო ცაბაძეს აქვს მშრალი ხველა. არასამთავრობო ორგანიზაციას „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“ ყოველდღიური მიმოწერა აქვს ცხინვალელ კოლეგებთან. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მეგი ბიბილურმა ცხინვალელი ჟურნალისტისგან, ირინა ქელეხსაევასგან წერილი მიიღო, სადაც იგი იტყობინება, რომ მოზარდები თავად მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
გორის რაიონის სოფელ ტირძნისის სკოლის ოთხი მოსწავლე უკვე მე-12 დღეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. არასრულწლოვანების ოჯახის წევრები ხუთშაბათს დანიშნულ ერგნეთის შეხვედრას ელოდებიან, თუმცა ბოლომდე გარკვეული არ არის, გაიმართება თუ არა ეს შეხვედრა. ტირძნისელი მოზარდების გარდა ცხინვალის ციხეში ექვსი ლამისყანელი, ორი ფრონესხეობელი და ერთი ლიახვისხეობელი ახალგაზრდაც რჩება.
XS
SM
MD
LG