Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს თანამგზავრიდან დააკვირდებიან


საქართველოს რუკა
საქართველოს რუკა
ევროკავშირის თანამგზავრები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს - უახლოეს მომავალში დააკვირდებიან. თუ როდის დაიწყება დე ფაქტო რესპუბლიკებში სამხედრო ძალების გადაადგილებაზე თვალ-ყურის დევნება, ეს დამოკიდებულია იმაზე - რამდენად მალე გადაწყდება თანამგზავრიდან ინფორმაციის მიღების ტექნიკური და ფინანსური საკითხები.

სატელიტური მონიტორინგის მიზანი იმ ტერიტორიების დაკვირვებაა, სადაც ევროკავშირის დამკვირვებლებს არ უშვებენ. თანამგზავრის გამოყენების მთავარი მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კონტროლია. ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩების საქართველოში ყოფნის შემდეგ მიიღო. საქართველო ერთ წელზე მეტია ითხოვდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თანამგზავრით დაკვირვებას.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია შეაგროვოს ამ ტერიტორიებზე არსებულ სამხედრო მდგომარეობასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ საქართველოს ხან ”ალ-ყაიდას” წევრების შეფარებას აბრალებენ და ხან ამერიკული იარაღის შემოტანას. ”ევროკავშირმა სატელიტური დაკვირვების საჭიროება დაინახა. იგი საჭიროა პროვოკაციებისა და დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად” - განუცხადა რადიო თავისუფლებას იაკობაშვილმა.

თანამგზავრიდან მიღებული ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიეწოდება. თუ როგორ მოხდება ამ ინფორმაციების გავრცელება და მათზე რეაგირება, ეს სამომავლო შეთანხმების საკითხია.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატელიტური გადაღებების წარმოების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემაც. მისი ვარაუდით, სატელიტური გადაღებების აუცილებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირებულმა გატაცებებმაც განაპირობა.
XS
SM
MD
LG