Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდები ორ თვეს საპატიმროში გაატარებენ


დაკავებული მოზარდები: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი
დაკავებული მოზარდები: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი
ცხინვალში დაკავებული ტირძნისელი მოზარდები კიდევ თვენახევარს საპატიმროში გაატარებენ. ამის შესახებ პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა ოსურ საინფორმაციო საშუალებებთან განაცხადა. მისი თქმით, მოზარდებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ და ამ ხნის განმავლობაში გამოძიება გაგრძელდება.

ქართული მხარე საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას მოზარდების გათავისუფლების საქმეში არასაკმარისად მიიჩნევს. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი უმოქმედობაში დაადანაშაულა. მან ჰამარბერგის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენა. ქართველი დეპუტატის თქმით, როდესაც საქმე რუსეთს ეხება, ჰამარბერგი განსაკუთრებით დუნეა ხოლმე და რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებს. ამ უმოქმედობით კი სერიოზული ზიანი ადგება ევროსაბჭოს.

მინაშვილს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ მართალია, საკითხი მეტად საფრთხილოა, მაგრამ გატაცებული მოზარდების თემა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გარკვეულ ტესტს წარმოადგენს.

მინაშვილისგან განსხვავებით ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის საქმიანობით კმაყოფილია გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი. დაახლოებით ერთი კვირის წინ, ტირძნისელი მოზარდების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას მან განაცხადა რომ ჰამარბერგი მოზარდების გათავისუფლების საქმეში აქტიურად არის ჩართული და ოსურ მხარესთან ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს. მაშინ სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამდა, რომ ტირძნისელი არასრულწლოვანების გათავისუფლება უახლოეს პერიოდში მოხდებოდა.

რადიო თავისუფლება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ თუ ჰამარბერგი ხმამაღალ და რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებს, ეს არ ნიშნავს რომ იგი უმოქმედოა. ოფისში აღნიშნეს, რომ ტირძნისელი მოზარდების საკითხთან დაკავშირებით კომისარი უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა.

საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ბავშვების გათავისუფლების საქმეში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამჟამად მათი მონახულების უფლება მხოლოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს აქვს, თუმცა მოზარდების გათავისუფლება ამ ორგანიზაციის კომპეტენციას სცილდება.

ტირძნისის სკოლის მოსწავლეები: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი 4 ნოემბერს დააკავეს. მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და საბრძოლო მასალის გადატანის ბრალდება წაუყენეს. მოზარდები მე-17 დღეა ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG