Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემდეგი ეკვადორია?


ეკვადორისა და რუსეთის პრეზიდენტები რაფაელ კორეა (მარცხნივ) და დმიტრი მედვედევი 29 ოქტომბერს, კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე
ეკვადორისა და რუსეთის პრეზიდენტები რაფაელ კორეა (მარცხნივ) და დმიტრი მედვედევი 29 ოქტომბერს, კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე
როდესაც სექტემბერში ვენესუელის პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, გაჩნდა კითხვა, გაიმეორებდა თუ არა ამ ნაბიჯს ლათინური ამერიკის კიდევ რომელიმე ქვეყანა. მედიაში გამოჩნდა ვარაუდები, რომ ეს, შესაძლოა, ჩავესის ახლო მოკავშირეს, ეკვადორის პრეზიდენტ რაფაელ კორეას გაეკეთებინა. რამდენად რეალურია ეს ვარაუდი?

ოქტომბრის ბოლოს ეკვადორის პრეზიდენტი რაფაელ კორეა მოსკოვს ეწვია. ზოგადად, ეს ეკვადორის ლიდერის პირველი ვიზიტი იყო რუსეთში. მოსკოვში ყოფნისას კორეამ განაცხადა, რომ ეკვადორი აპირებს განიხილოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების პერსპექტივა.

კორეას ვიზიტიდან სულ მოკლე ხანში რუსეთის ყოველდღიურ გაზეთ „კომერსანტში“ დაიწერა, რომ კორეა ამ ნაბიჯს მალე გადადგამს. ამ ამბავს მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა - ამის შესახებ საკუთრივ ეკვადორის მედიაშიც ითქვა.

თუმცა ეკვადორის ელჩი რუსეთში, პარტიციო ჩავესი, აცხადებს, რომ მოსკოვში ვიზიტისას აღიარების საკითხი განხილული არ ყოფილა:

„პრეზიდენტის ვიზიტის დროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი არც ერთ მომენტში, არც ერთ შეხვედრაზე არ ყოფილა განხილული. თუმცა პრეზიდენტ კორეას პრესკონფერენციაზე დაუსვეს შეკითხვა ეკვადორის პოზიციაზე ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარების საკითხის მიმართ. პრეზიდენტმა ახსნა, რომ ეს საკითხი არც ვიზიტამდე, არც ვიზიტის დროს, არც მის შემდეგ არც ერთ მხარეს არ განუხილავს“, - ამბობს რუსეთში ეკვადორის ელჩი და დასძენს: „თუმცა, ცხადია, ეს ძალიან ფაქიზი საკითხია და თუკი მოვა დრო, როცა მხარეები მის განხილვას შეუდგებიან, ერთადერთი რამ, რაც ეკვადორმა უნდა გააკეთოს, საკითხის ანალიზი იქნება - შედეგის მიმართ წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულების უქონლად.“

მოლოდინი, რომ ეკვადორი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას მალე აღიარებს, ელჩის აზრით, მედიაში გაჩენილი მითქმა-მოთქმის შედეგია:

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მედიას კვლავაც სჭირდება გაყიდოს ინფორმაცია - გაყიდოს გაზეთები. ამისათვის კი, სამწუხაროდ, მას, როგორც წესი, ისეთი ახალი ამბების შექმნა ესაჭიროება, რომლებიც მოლოდინზე იქნება დაფუძნებული. ეს ამბები ინფორმაციის რეალური წყაროსგან კი არა, გაზეთების გაყიდვის საჭიროებისგან მომდინარეობს ხოლმე“, - გვითხრა ელჩმა.

მაგრამ ელჩის განცხადებებს ეჭვით უყურებს ეკვადორის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი ფრენკლინ ბარიგა, რომელიც, იმავდროულად, ყოველდღიურ გაზეთ „ორასთანაც“ თანამშრომლობს:

„ეს ოფიციალური ვერსიაა. სინამდვილეში არავინ იცის განიხილეს თუ არა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების საკითხი. ასეა თუ ისე, ჩვენ მოვლენების განვითარებას ველოდებით“, - გვითხრა მან. - „ვნახოთ, რა მოხდება. მე ეს ნამდვილად მაღელვებს, იმიტომ რომ ვენესუელამ და ნიკარაგუამ უკვე დაუჭირეს მხარი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მიჩნდება შეკითხვა, ამჯერად რა შეუშლის ხელს პრეზიდენტ კორეას, რომ მათ ნაბიჯებს მისდიოს. “

თუმცა ასეთი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს: ეკვადორს თავად აქვს სეპარატიზმთან დაკავშირებული პრობლემა. ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ გუაიაკილში ხშირად ისმის მოწოდებები ავტონომიის მოპოვების და გამოყოფისკენაც კი. საპორტო ქალაქი გუაიაკილი ლანდშაფტით განსხვავდება ქვეყნის დანარჩენი, მთიანი ტერიტორიისგან. ამის გამო ამ ქალაქის ისტორია, დედაქალაქის - კიტოს - წარსულთან შედარებით, სხვაგვარია.

ეკვადორელი ისტორიკოსი და ლათინური ამერიკისა და კარიბის კუნძულების ისტორიკოსთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ხუან პას ი მინიო გუაიაკილის სეპარატისტულ მოძრაობას ასეთ შეფასებას აძლევს:

„ის განსაკუთრებული სიძლიერით არ გამოირჩევა - სუსტი მოძრაობაა... არსებობს ფრაქცია, რომელიც ქალაქის გამოყოფის იდეას მისდევს და აცხადებს, რომ ეს ისტორიული საკითხია, რომელიც 1820 წელს ეკვადორის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებას უკავშირდება. მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. მე იმ ისტორიკოსებს შორის ვარ, ვინც მწვავედ აკრიტიკებს ამ სეპარატისტულ არგუმენტაციას, იმიტომ რომ მას არანაირი ისტორიული საფუძველი არა აქვს - და მეტიც, არც ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს.“

ისტორიკოსის თქმით, გუაიაკილში ვერ შეხვდებით სეპარატისტული იდეის სახალხო ან სოციალურ მხარდაჭერას - მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის გარკვეული ელიტა ამას ფართოდ გავრცელებულ განცდად ასაღებს. თუმცა ხუან პას ი მინიო იქვე დასძენს, რომ ამ მოძრაობამ შესაძლოა იქონიოს გავლენა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებაზე:

მაგრამ ეს გარემოება არსებობს და, ცხადია, სხვა ქვეყნებში არსებული სეპარატიზმის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში პრეზიდენტმა კორეამ თავისივე ქვეყანაში არსებული ვითარება უნდა გაითვალისწინოს.“

უკვე თავისთავად ის გარემოება, რომ ეკვადორის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების შესაძლებლობა არსებობს, პოსტსაბჭოთა გეოპოლიტიკაში ლათინური ამერიკის მზარდ ჩართულობაზე მიუთითებს.

როგორც ისტორიკოსმა ხუან პას ი მინიომ გვითხრა, ამის მთავარი მიზეზი არ არის რუსეთთან ურთიერთობის განმტკიცება. ისტორიკოსის აზრით, ამ გარემოებას, უწინარესად, განაპირობებს რეგიონში შეერთებული შტატების ტრადიციული ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის განცდა.

რუსეთმა ნელ-ნელა გაამყარა კავშირები ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყნის ლიდერთა ჯგუფთან. ამ ჯგუფს სათავეში ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი უდგას - მასში ასევე შედიან კუბის, ეკვადორისა და ბოლივიის მემარცხენე ლიდერები.

მაშინ, როცა ეკვადორი ფიქრობს, აღიაროს თუ არა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებისგან - მათ შორის, ვენესუელის მოკავშირეებისგან - ამ ნაბიჯის გადადგმა მოსალოდნელი არ არის.

კუბის მიერ უკანასკნელ წლებში გატარებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკა აჩენს ვარაუდს, რომ პრეზიდენტი რაულ კასტრო ასეთი ნაბიჯისგან თავს შეიკავებს.

ბოლივიას, რომელსაც სათავეში ჩავესის ახლო მოკავშირე ევო მორალესი უდგას, თავად აქვს სეპარატიზმთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.

ამ ვარაუდს ანალიტიკოსი და ჟურნალისტი ფრენკლინ ბარიგაც ეთანხმება:

„რთული არ არის იმის დაშვება, რომ ეკვადორი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მხარს დაუჭერს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ შესაძლებლობის უგულებელყოფა არ შეიძლება. რაც შეეხება ლათინური ამერიკის დანარჩენი ქვეყნების მიერ მათ აღიარებას - ეს, არა მგონია, მოხდეს.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG