Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელების ხმას მხოლოდ ე.წ. აფხაზური პასპორტით აქვს ძალა


საარჩევნო კამპანია აფხაზეთში, სოხუმი
საარჩევნო კამპანია აფხაზეთში, სოხუმი
ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებით ვერ ისარგებლებს. გალელი რესპონდენტების განმარტებით, რომლებსაც რადიო თავისუფლება ენგურის ცენტრალურ ხიდთან ესაუბრა, ამის მიზეზი ე.წ. აფხაზური პასპორტების უქონლობაა. მათივე თქმით, ამჟამად მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს, რომელიც კენჭს მეორე ვადით იყრის, სურდა, რომ გალის მოსახლეობას ხმა საბჭოთა კავშირის პასპორტით მიეცა, თუმცა ამის უფლება მას აფხაზურმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ არ მისცა. გალელები ამბობენ, რომ ბაღაფშის გარდა სხვა პრეზიდენტობის კანდიდატებს არც იცნობენ. ბაღაფშის კონკურენტები გალის რაიონში ჯერჯერობით არ ჩასულან - ქუჩებში მხოლოდ მათი პლაკატებია გამოკრული, ისიც - რუსულ ენაზე.

გალიდან გადმოსულ ადგილობრივებს შორის ერთ-ერთი რესპონდენტი მასწავლებელი აღმოჩნდა. მან ე.წ. აფხაზური პასპორტის მისაღებად საბუთები სამი თვის წინ გალის საპასპორტო სამმართველოში შეიტანა და პასპორტი დღემდე არ მიუღია. თუმცა, რუსული ენის მასწავლებელი, რომელიც ქართულ სკოლაში ასწავლის, ფიქრობს, რომ აფხაზურ პასპორტს არჩევნებამდე მიიღებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ საარჩევნო უბნები გალის რაიონის იმ სოფლებში გაიხსნება, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს. კილანავას ინფორმაციით, გალის რაიონში 3200 ეთნიკურ ქართველს ე.წ. აფხაზური პასპორტი უკვე აღებული აქვს.

რაც შეეხება საარჩევნო აგიტაციას, ის გალის რაიონში დიდი მასშტაბით არ მიმდინარეობს. იქ პრეზიდენტობის კანდიდატების მომხრეებს მხოლოდ საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები ხვდებიან, რომელიც 10-15 კაცისგან შედგება, - აცხადებენ აფხაზეთის დევნილი მთავრობის ზუდიდის წარმომადგენლობაში.

აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება. ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ - მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, ყოფილი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ოპოზიციონერი ბესლან ბუთბა, ფილოსოფიისა და მეცნიერების დოქტორი ვიტალი ბგანბა და დე ფაქტო სახელმწიფო კომპანიის "აფხაზეთის საზღვაო მიმოსვლის" ხელმძღვანელი ზაურ არძინბა.
XS
SM
MD
LG