Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთს მავთულხლართებს ავლებენ


ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ჯარები დეკემბრის ბოლომდე სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან 6 მწკრივად 15 მეტრ სიგანეზე მავთულხლართების გაკეთებას გეგმავენ. კერძოდ, ფსბ-ს თანამშრომლები მავთულხლართებს იმ სოფლებთან გაავლებენ, რომლებიც დანარჩენ საქართველოს სახმელეთო საზღვრით უკავშირდებიან. რადიო თავისუფლების რესპონდენტის განმარტებით: ფიჩორი – ოტობაია – განმუხურის, ნაბაკევი – ხურჩისა და საბერიო – ფახლანის შემოვლითი გზები მავთულხლართების გაკეთების შემდეგ საბოლოოდ ჩაიკეტება და მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცევა, რადგან ენგურის ცენტრალური ხიდით გადაადგილება, სხვადასხვა მიზეზების გამო, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.

მავთულხლართების გარდა ჩქარი ტემპით მიმდინარეობს სამხედრო ბაზების მშენებლობა ოკუპირებულ სოფლებში - ფიჩორში, ოტობაიასა და თაგილონში. რადიო თავისუფლების რესპონდენტის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ყოველდღიურად ეზიდებიან სამშენებლო მასალებს ოჩამჩირის ნავსადგურიდან ბაზების მშენებლობისთვის. მუშებად მათ ყაბარდოელი ახალგაზრდები ჰყავთ ჩამოყვანილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის უფროსი თორნიკე კილანავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ოკუპირებულ სოფლებში სამხედრო ბაზების მშენებლობას ადასტურებს და აქვე დასძენს, რომ სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართების გასავლებად რუსმა გეოდეზისტებმა სამუშაოები უკვე დაასრულეს.

რაც შეეხება ენგურის ცენტრალურ ხიდზე არსებულ ვითარებას, როგორც გალიდან ზუგდიდში გადმოსულები ჰყვებიან, იქ გადაადგილებისთვის საჭიროა სათანადო საბუთები: ე.წ. აფხაზური პასპორტი, ფორმა ნომერი ცხრა ან საბჭოთა პასპორტი. შესაბამისი საბუთის ქონის შემთხვევაში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის მოქალაქე 100 ან 200 რუსულ რუბლს იხდის. მათივე განცხადებით, მთავარ ბლოკ-საგუშაგოზე აფხაზი მესაზღვრეები იმყოფებიან და მიმოსვლას მკაცრად აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG